ცნობილი პორტუგალიელი ფეხბურთელი მანუელ რუი კოშტა შესაძლებელია ტელეწამყვანის ამპლუაში მოგვევლინოს. ცოტა ხნის წინ, პორტუგალიის სახელმწიფო ტელევიზიამ ლეგენდარულ ფეხბურთელს მეტად საინტერესო წინადადებით მიმართა. ტელევიზიის მესვეურებს სურთ, რომ მანუელმა უკვე არსებული სპორტული თოქ-შოუ წაიყვანოს.
გადაცემის ფორმატი და სტრუქტურა უკვე მოფიქრებულია და თუკი რუი კოშტა ამ წინადადებას დასთანხმდება, ერთი წლის მანძილზე სრულიად პორტუგალიას ახალ ამპლუაში წარუდგება. აღსანიშნავია, რომ თოქ-შოუს წამყვანობა მანუელს სპორტულ მოღვაწეობაში ხელს არ შეუშლის. გადაცემის დაგეგმარებასა და პროდიუსინგს მთლიანად ტელევიზია იღებს საკუთარ თავზე.
პორტუგალიელი ფეხბურთელის მოვალეობაში მხოლოდ გადაცემაში აუცილებლად სათქმელი ტექსტების დამახსოვრება და მოწვეულ სტუმრებთან წინასწარ შეთანხმებულ თემებზე საუბარი იქნება. აღნიშნული შოუ რუი კოშტამდე პორტუგალიაში პოპულარულ ჟურნალისტს, ვინმე ფაკუნდო ჟორჟეს მიჰყავდა, რომელიც ერთი თვის წინ ავარიაში მოჰყვა და სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა, თუმცა ამჟამად ტელევიზიაში მისი დაბრუნება პრაქტიკულად გამორიცხულია.