ფეხბურთი

17:39 | 6.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

როსის 3 თვე გაუცდება

ფლორენციის “ფიორენტინას” საუკეთესო ბომბარდირი ჯუზეპე როსი ფეხბურთის თამაშს მომდევნო 3 თვის განმავლობაში ვერ მოახერხებს.

როსიმ მარჯვენა მუხლის ტრავმა “ლივორნოსთან” გამართულ მატჩში მიიღო. თავიდანვე ცხადი იყო, რომ 26 წლის ფეხბურთელის დაზიანება სერიოზული იყო. ივარაუდებოდა, რომ როსის ჯვარედინა მყესები ჰქონდა დაზიანებული. მყესის დაზიანება დადასტურდა, მაგრამ არა ჯვარედინის, არამედ გვერდითი მყესების. “ფიორენტინას” წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ ტრავმის სწორედ ამ სახესთან გვაქვს საქმე. გამოჯანმრთელების ვადები ოფიციალურად ჯერ არ ვრცელდება, მაგრამ იტალიელი ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ როსის 3 თვე გაუცდება.

როსის კარიერაში ეს პირველი სერიოზული ტრავმა არაა. ჯვარედინა მყესების 2-ჯერ დაზიანების გამო, მას ჯამში 16 თვე გაუცდა.

0.119998