„ფიორენტინას“ თავდამსხმელმა ჯუზეპე როსიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე სათამაშოდ საჭირო ფორმაში ჯერ ვერაა. ფეხბურთელმა იანვარში მიღებული მუხლის ტრავმა ახლახან მოიშუშა და უკვე გოლის გატანაც მოახერხა - სერია A-ს გასულ ტურში, „სასუოლოსთან“ მატჩში.
„ძალიან მძიმე თვეები გადავიტანე. მადლობა ყველას, ვინც ამ პერიოდში მხარს მიჭერდა. მადლობა ფიზიოთერაპევტს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა ჩემს მინდორზე დასაბრუნებლად. მიხარია, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გოლიც გავიტანე, მაგრამ ეს ჯერ არ ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგადაა. იტალიის ნაკრებში მოსახვედრად ბევრი მუშაობა დამჭირდება. უნდა დავამტკიცო, რომ საუკეთესო ფორმაში ჩავდექი“ - განაცხადა ჯუზეპე როსიმ.