ესპანური “ბარსელონას” პრეზიდენტი სანდრო როსელი იმედს არ კარგავს, რომ კატალონიელთა კარის დარაჯი ვიქტორ ვალდესი წასვლას გადაიფიქრებს და გუნდში დარჩება.
როგორც იცით, ვალდესმა, 2014 წლამდე მოქმედი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა და 2013 წლის ზაფხულშივე გაშვება ითხოვა. ეს იანვარში მოხდა. მას შემდეგ, არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 31 წლის მეკარეს პოზიცია არ შეუცვლია, მაგრამ როსელი იმედს მაინც არ კარგავს.
“იმედი მაქვს, ვალდესი დარჩება. ყოველთვის ვამბობდით, რომ საჭიროა დავიცადოთ ზაფხულამდე, როდესაც დასრულდება ყველა ტურნირი, რომლებსაც, იმედია, ჩვენ მოვიგებთ.
როდესაც ტიტო გამოჯანმრთელდება, ის ვალდესს დაელაპარაკება. იმედი მაქვს, ვიქტორი პოზიციას შეიცვლის. ამასთანავე, თუ ვინმეს კლუბის დატოვება სურს, ჩვენ მას არ შევეწინააღმდეგებით.” – ციტირებს როსელის სიტყვებს El Mundo Deportivo.
როგორც ცნობილია, ვალდესის მიმართ ინტერესს ინგლისური “არსენალი” იჩენს. გავრცელებული ინფორმაციით, თავად ფეხბურთელს სერია A იზიდავს, ოღონდ ბრაზილიის.