თამაშგარე

12:39 | 22.05.2011 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუს საცოლეს შიმშილი ძვირად უჯდება

ერთი ძველი ქართული გამოთქმისა არ იყოს, დიდ ვაიუშველებელშია კრიშტიანუ რონალდუ. ათასგვარი დიეტების გამო დატანჯული რონალდუს საცოლე  - ცნობილი მოდელი - ირინა შეიკი, თურმე, იმდენად ცოტა საჭმელს ჭამს, რომ  ხშირად ცუდად არის ხოლმე და მოსასულიერებელი ხდება. მაგალითად, თვრამეტ მაისს, სალამანკაში გამართული ჩვენების დროს, პოდიუმზე კეკლუცად ასული ირინა თურმე იმდენად ცუდად გახდა, რომ ექიმების დახმარება დასჭირდა და მხოლოდ საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ დადგინდა, რომ მისი ავადმყოფობის მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ კვების რაციონის შეზღუდვა იყო.
რონალდუს დამშეული  და გულშეღონებული გულისსწორი პოდიუმიდან თურმე მაშინ ჩამოიყვანეს, როდესაც ეს უკანასკნელი ჩვენებაზე ბოლო გამოსვლაზე იყო. როგორც ექიმები ამბობენ, თუკი მოდელმა ასეთი რეჟიმი მომავალშიც განაგრძო, ადვილი შესაძლებელია, რომ სერიოზულად დაავადდეს, რადგან მისი ორგანიზმი კვების მიმართ საკმაოდ მგრძნობიარეა და შიმშილობამ ამ მშვენიერ მანდილოსანს, შესაძლებელია, უბრალოდ ბოლო მოუღოს.
საერთოდ კი, ათასგვარი დიეტები საკმაოდ დიდი პრობლემა გახდა სამოდელო ბიზნესში დასაქმებული ქალებისათვის. თუკი სტატისტიკას გავყვებით, მხოლოდ შარშან – 2010 წელს, დიეტების გამო, მსოფლიოში 5 მოდელი გარდაიცვალა და ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ეს სტატისტიკა მზარდია. ქალთა უფლებადამცველები კი ცდილობენ, რომ სამოდელო სახლებსა და სამოდელო სააგენტოების ბოსებს პრობლემები შეუქმნან ”ფორმაში ყოფნის” გამო მოდელების შიმშილობისათვის, მაგრამ მათი მცდელობა, სამწუხაროდ, მცდელობადვე რჩება.
 

0.151349