მადრიდის “რეალის” პორტუგალიელმა თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ, კლუბთან კონტრაქტის 2018 წლამდე გახანგრძლივების შემდეგ განაცხადა, რომ “სამეფო კლუბის” ექს-ფორვარდის - რაულის რეკორდის გაუმჯობესებას ეცდება.
მადრიდელთა სიმბოლომ, რომელიც “რეალის” საფეხბურთო კლუბის აღზრდილია და კარიერის უმეტესი ნაწილი სწორედ ამ გუნდში გაატარა, ყველა ტურნირში ერთად მადრიდელთა მაისურით ჩატარებულ 741 მატჩში 323 გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია. სწორედ ამ რეკორდის მოხსნაზე ფიქრობს პორტუგალიელი.
“რეკორდები იმისათვის არსებობს, რომ ის ვიღაცამ განაახლოს. მე ამბიციური ფეხბურთელი ვარ და არ ვაპირებ შეზღუდვების დაწესებას. უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში ვეცდები, რომ 200 გოლი გავიტანო და რაც შეიძლება მეტი ტიტული მოვიპოვო” - განაცხადა რონალდუმ, რომელმაც მადრიდში ოთხი სრული სეზონი გაატარა და 203 მატჩში 203 გოლი გაიტანა.