ბლოგი

14:27 | 19.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ კი ბატონო! და რიბერი?...

დღემდე არ წყდება დავა იმაზე - მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულს კრიშტიანუ რონალდუ უფრო მეტად იმსახურებდა, თუ ფრანკ რიბერი... ნაკლებად საუბრობენ საუკეთესოობის მესამე კანდიდატზე – ლეო მესიზე, რომელმაც ზედიზედ უკვე იმდენჯერ დაიმსახურა საუკეთესოს წოდება, რომ მგონი თავადაც კი მიხვდა, ახლა სხვისი “დრო” მოვიდა.

კრიშტიანუ რონალდუ თუ არ იმსახურებდა საუკეთესოდ აღიარებას – აბა ვინ იმსახურებდა? – მე კარგად მესმის და ვიზიარებ ”რონალდუისტების” ამ ეჭვმიუტანელ პოზიციას. პორტუგალიელმა ახმახმა გასულ წელს მართლაც გამორჩეულად კარგად ითამაშა და იმდენი გოლი გაიტანა, მგონი თვითონაც კი ერევა გატანილი ბურთების რაოდენობა.

მიუხედავად იმისა, რომ შარშან რონალდუს ბურთაობა ერთი შეხედვით მართლაც უნაკლო იყო, პორტუგალიელი ფეხბურთელის მოწინააღმდგეები ამბობენ, რომ შეიძლება რონალდუმ ბევრი გოლი გაიტანა და ბევრი პასიც ჩამოარიგა, ხაშლამიანი ხონჩებივით, მაგრამ მის კლუბს – მადრიდის ”რეალს” შარშან ფაქტობრივად, არაფერი მოუგია და კლუბის წარუმატებლობამ პორტუგალიის ნაკრების მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლაც კი გადაფარაო.

პორტუგალიის ეროვნული გუნდის მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა და ზლატანისეული შვედეთის ძირში მოთხრა, მთლიანად თუ არა, ძირითადად რონალდუს დამსახურება რომ იყო, ამაზე ალბათ ყველა თანხმდება. თუმცა ამავე დროს, რონალდუსვე საყვედურობენ, რომ პორტუგალიის ნაკრები შესარჩევი ეტაპის ჯგუფში არცთუ განსაკუთრებულ რუსეთის ნაკრებს ჩამორჩა და საპლეიოფოდ გაიხარდა საქმე. რა თქმა უნდა, სათქმელად ყველაფერი ადვილია, მაგრამ აბა შეხედეთ ფაბიო კაპელოს შეკრულ შუბლსა და მოკუმულ ტუჩებს... განა ადვილია ამ ძალშემოსილი ბებერი იტალიელისათვის გზების აბნევა?!...

ფრანკ რიბერის მომხრეების არგუმენტები ძირითადად ფრანკის მართლაც რომ შესანიშნავ სეზონს და ამას დამატებული, მიუნჰენის ”ბაიერნის” ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვებას ეფუძვნება. ევროპის უპირველეს საკლუბო ტურნირზე ფინალის ჩათვლით, რიბერმა შარშან ისეთი რამეები აკეთა, ზინედინ ზიდანის შემდეგ, არც ერთი ფრანგისგან რომ არ გვახსოვს. ჩემპიონიცა და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელიც უდავოდ დამსახურებულად გახდა, მაგრამ ეს ყველაფერი მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარებამდე რატომღაც არ ეყო.

ამასწინათ, ერთი ჩემი ნაცნობი ფეხბურთის მოყვარული კაცი ხუმრობით ამბობდა, რომ რიბერი მხოლოდ მეორე ადგილს თბილისში ცუდად თამაშის გამო იმსახურებდაო. საქართველოსა და საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებთა შეხვედრაში ფრანკ რიბერის განსაკუთრებული მართლაც არაფერი ჩაუდენია, მაგრამ მხოლოდ საქართველოში თამაშშიც არაა საქმე. პირადად მე ძალიან დამაჯერებელი და ყურადსაღები მგონია, ერთ-ერთი იტალიელი საფეხბურთი მიმომხილველის მოსაზრება, რომელიც წერს:

”მიუხედავად იმისა, რომ საკლუბო ტურნირები სანაკრებოზე ბევრად უფრო სანახაობრივია და ფეხბურთელების დონეც ევროპულ საკლუბო ტურნირებში გამორჩეულად მაღალია, სანაკრებო მატჩები მაინც სხვა განზომილებად ითვლება და ფეხბურთელის შეფესებისას პირველ რიგში სწორედ ნაკრებში მის თამაშს გამოყოფენ ხოლმე. ზუსტად ასე მოხდა კრიშტიანუ რონალდუს შემთხვევაშიც. რონალდუს მიერ შვედეთთან გატანილმა გოლებმა ”ბაიერნის” განვლილი მთელი სეზონი დაჩრდილა და რიბერი შეიძლება ითქვას, რომ ”ნაკრებში თამაშის უპირატესობის ტრადიციას” შეეწირა”.

ალბათ დამეთანხმებით, რომ ამაზე კარგად ნამდვილად რთულია ახსნა რიბერის მეორეადგილოსნობა. თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ კრიშტიანუ რონალდუ უდავოდ დიდებული ფეხბურთელია და ვინ ვინ და, იგი თუნდაც თავისი თვალშეუდგამი შესაძლებლობების გამო, პირველობას არამხოლოდ ახლა, არამედ ყოველთვის იმსახურებს. მაგრამ, რიბერიც რომ გვეცოდება რა ვქნათ?!...

 

0.114952