პორტუგალიის ეროვნული ნაკრების კაპიტანი კრიშტიანუ რონალდუ ისრაელთან ქულების დაკარგვის შემდეგ აცხადებს, რომ მისი გუნდისთვის, მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეი ოფში მოხვედრა ცუდი შედეგი არაა.
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ევროპის ზონის მე-9 ტურში, პორტუგალიამ, ისრაელთან შინ გამართულ შეხვედრაში 1:1 ითამაშა და ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების შანსი თითქმის დაკარგა. შესაბამისად, დიდი ალბათობით, პორტუგალიელებს, ბრაზილიაში მოსახვედრად, ფლეი ოფის ეტაპის გავლა მოუწევთ.
“ფლეი ოფი? ეს ტრაგედია არაა. ვფიქრობ, ეს უკვე ჩვევად გვექცა, რადგან ბოლო რამდენიმე საკვალიფიკაციო ციკლში სწორედ ამ ეტაპზე გავდიოდით.
ფინალურ ეტაპზე პირდაპირ გასვლის მათემატიკური შანსი ჯერ კიდევ გვაქვს, მაგრამ ჩვენზე არაფერია დამოკიდებული. ფლეი ოფში გასვლაც კარგი შედეგია.
იმედი მაქვს, წილისყრის დროს, იღბალი ჩვენს მხარეს იქნება. არ მინდა, ყველაზე ძლიერ გუნდს შევხვდეთ. ვისთან დაპირისპირებას არ ვისურვებდი? საფრანგეთთან.” – განაცხადა რონალდუმ A Bola-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე, ბოლო ორ შემთხვევაში, პორტუგალია ფლეი ოფის გავლით გავიდა. პორტუგალიელება, ორივე შემთხვევაში, ბოსნიას აჯობეს.