ინტერვიუები

16:56 | 7.11.2012 | ნანახია [] - ჯერ

რონალდო: “უწინ უფრო მრავალფეროვანი არჩევანი იყო”

ლეგენდარული ბრაზილიელი ვარსკვლავი რონალდო 1997 და 2002 წელს “ფრანს ფუტბოლის” მიერ მოწყობილი გამოკითხვის შედეგად “ოქროს ბურთის” ლაურეატი გახდა, მოახლოებული რეფერენდუმის წინ კი საუკეთესო ფეხბურთელის თაობაზე “კიჭას” აზრით ჟურნალისტები დაინტერესდნენ და მათთვის საინტერესო კითხვებზე მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატის ტრიუმფატორისგან პასუხიც მიიღეს.

- გულშემატკივრებს უწინდელი და ახალი თაობის ფეხბურთელების შედარება უყვართ. ეს “ოქროს ბურთის” კანდიდატებსა და ლაურეატებსაც შეეხება...
- ჩემი აზრით, როცა ვთამაშობდი, “ოქროს ბურთის” დაუფლებისთვის უფრო მეტად დაძაბული კონკურენცია იყო. ბოლო წლებია კი ამ ჯილდოს ერთმანეთში ლეო მესი და კრიშტიანუ რონალდუ “ინაწილებენ”. თამამად შემიძლია ვივარაუდო, რომ უახლოესი რამდენიმე სეზონის განმავლობაში ეს დუეტი კვლავაც საუკეთესო იქნება. ჩემი ფეხბურთელობის პერიოდში კი უძლიერესებად ზინედინ ზიდანი, რივალდო, ფიგუ, რონალდინიო დაასახელეს. ისინი “ოქროს ბურთს” სავსებით იმსახურებდნენ, მაგრამ სპეციალისტებს, ფეხბურთელებს და გულშემატკივრებს უფრო მრავალფეროვანი არჩევნის საშუალება ჰქონდათ და ფავორიტის დასახელებაც გაცილებით ჭირდა. გამარჯვებულები კი ჯილდოს იმსახურებდნენ. წლეულსაც ან მესი მოიგებს “ოქროს ბურთს” ან რონალდუ. ჩავი და ანდრეს ინიესტა კი კვლავინდებურად ნომინანტებად დარჩებიან. პრინციპში ეს რთულად ასახსნელი არაა. ჩავი და ინიესტა ნახევარმცველები არიან და მიუხედავად იმისად, მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი რომ აქვთ და გუნდის წარმატებისთვის უზარმაზარ როლს ასრულებენ, პუბლიკის სიმპათია მაინც ფორვარდებისკენ იხრება – მაყურებელი ხომ სტადიონზე უპირველესად გოლების სანახავად დადის. კარგად მახსოვს, როგორ მიჭირდა თამაში პაოლო მალდინის წინააღმდეგ. “მილანის” მარცხენა უკანახაზელი საუკეთესოა მათ შორის, ვის პირისპირაც მომიწია ასპარეზობა. პაოლო ნამდვილად იმსახურებდა “ოქროს ბურთს”, მაგრამ იგი მცველი იყო და სწორედ ამიტომაც “დაისაჯა”.
- თქვენი თვალსაზრისი უკვე გაგვაცანით, როდესაც “ოქროს ბურთის” დაუფლების კანდიდატებად მესი და რონალდუ დაასახელეთ. ახლა ისღა გაგვანდეთ, პირადა ვის მისცემდით საკუთარ ხმას?
- ლეო მესის. საკუთარი საფეხბურთო გემოვნების და პრინციპების ერთგული ვარ, ამიტომაც არგენტინელს გამოვარჩევდი. მესის მატჩის თუ მთლიანად ტურნირის ბედის გადაწყვეტა ლამის მარტოს ხელეწიფება. ლეოს ფეხბურთში თავისი განუმეორებელი მაგია შეაქვს. კრიშტიანუს რაც შეეხება, პორტუგალიელი ძალიან ტექნიკური ფეხბურთელია და ამასთან პრაგმატულიც, მაგრამ მესის სტაბილურად საოცრებების ჩვენება შეუძლია.
- წლის საუკეთესო მწვრთნელად რომელ დამრიგებელს დაასახელებდით?
- ჟოზე მოურინიოს. მერწმუნეთ, კარგად ვიცნობ მის მიერ გუნდის ტაქტიკურ ორგანიზებას, სამწვრთნელო მეთოდებს, სამომავლო პერსპექტივის სწორად განსჭვრეტასა და დაგეგმვას. გაითვალისწინეთ, რომ მოურინიო მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელია. ამ გუნდში 25 მაღალი კლასის ფეხბურთელი ირიცხება და მათი მოთოკვა და საერთო საქმისთვის დარაზმვა ურთულესი ამბავია.
- მსოფლიოს სიმბოლური ნაკრების თქვენეულ ვერსიას ხომ არ შემოგვთავაზებდით?
- დიდი სიამოვნებით, თანაც ჩემ მიერ დაკომპლექტებული გუნდი შეტევის ყაიდის ფეხბურთს გადაუხდის ხარკს. კარის დაცვას იკერ კასილასს მივანდობდი. დაცვაში დანი ალვეშს, ჯონ ტერის და სერხიო რამოსს ვენდობი. მარცხენა მცველად ვინ დავაყენო, რობერტო კარლოსი ხომ არა? მოდით, ამ პოზიციაზე თამაში რეალელ მარსელოს მივანდოთ. ნახევარდაცვაში არჩევანს ჩავის, ინიესტასა და ფრენკ ლამპარდზე გავაკეთებდი. ჩემი რჩეული გუნდი კი სამი თავდამსხმელით შეუტევდა. წარმოიდგინეთ რა დღეში ჩააგდებდა მოწინააღმდეგეს მესის, კრიშტიანუ რონალდუსა და ნეიმარის ტრიო. ეს უკანასკნელი კიდევ ერთი ბრწყინვალე ბრაზილიელი საფეხბურთო ტალანტია და როდესაც ევროპაში გადავა, “ოქროს ბურთის” დასაკუთრების რეალური კანდიდატი გახდება.
- რამდენიმე წელია წლის საუკეთესო გოლის ავტორს ფერენც პუშკაშის სახელობის სპეციალური პრიზი გადაეცემა. თქვენი მოთამაშეობის დროს ეს ჯილდო რომ ყოფილიყო, მისი მოგების შანსი გექნებოდათ?
- 1996 წლის 12 ოქტომბერს “კომპოსტელას” კარში ჩემ მიერ გატანილი ბურთი წლის საუკეთესო გოლის წოდებას ნამდვილად დაიმსახურებდა.


გოჩა კაჭარავა

0.111063