ლეგენდარულ ბრაზილიელ ფორვარდ რონალდოს პოპულარული ესპანური გამოცემა AS-ის კორესპონდენტი დაუკავშირდა და ბოლო პერიოდში განხორციელებულ ტრანსფერებზე რამდენიმე კითხვა დაუსვა.
- 2002-07 წლებში მადრიდის “რეალის” ღირსებას იცავდით და კლუბს საკმაოდ კარგადაც იცნობთ. გარეტ ბეილის გადაბირებით “ბლანკოსმა” გამართლებული ნაბიჯი გადადგა? როგორ გგონიათ, უელსელი მინდორზე შეძლებს საერთო ენის გამონახვას კრიშტიანუ რონალდოსთან?
- ჩემი აზრით, ბრიტანელი და პორტუგალიელი კარგ ტანდემს შექმნიან. მადრიდელ გულშემატკივრებს მათი თამაშის შემხედვარეს ბვრი სასიამოვნო მომენტის ხილვა შეეძლება. და რაც მთავარია, ბეილის დამატება “რეალის” შედეგზე მოახდენს სასიკეთო ზეგავლენას.
- ფანებსა და სპეციალისტებს შორის გამოითქვა მოსაზრება, თითქოს ბეილისა და რონალდუს შეთამაშების პრობლემა შეექმნებათ, რაც პიროვნული ურთიერთობების დაძაბვასაც გამოიწვევს...
- ორივეს კარგად უნდა ესმოდეს, რომ უმთავრესი “რეალის” ინტერესია და არ მგონია, მათ შორის რაიმე გაუგებრობის მომენტი წარმოიშვას. ბეილიცა და რონალდუც მაღალი კლასის ფეხბურთელები არიან და საიმისო ჭკუაც აქვთ, რათა გაითავისონ – ერთად უფრო მეტს შეძლებენ, ვიდრე ცალ-ცალკე.
- თქვენი აზრით, რომელი წყვილია უფრო ძლიერი – ბეილი-რონალდუს დუეტი თუ მესი-ნეიმარის ტანდემი?
- ძნელი სათქმელია, რომელი წყვილი გამოდგება უფრო ეფექტური. ეს დიდწილად მადრიდის “რეალისა” და “ბარსელონას” სხვა ფეხბურთელებზეა დამოკიდებული.
- იტალიაში ყოფნისას თანამემამულეები რობინიო და კაკა მოინახულეთ. რას იტყვით კაკას მილანში დაბრუნების თაობაზე?
- კაკას “რეალში” თავის გამოჩენის შანსი ნაკლებად ეძლეოდა, ამიტომაც “სან სიროზე” დაბრუნებით სწორად მოიქცა. იგი იტალიაში თავს კარგად გრძნობს და ვფიქრობ, კაკა ძველებურ ფორმას დაიბრუნებს.