ორწლიანი შესვენების შემდეგ რონალდინიო ნელ-ნელა თავის ჩვეულ ფორმას უბრუნდება. ბოლო პერიოდში ბრაზილიელი ბწრყინვალედ თამაშობს. “მილანის” ერთ-ერთ ლიდერს სურს, ხვალ გამართულ ქალაქურ დერბიში გამარჯვება. მისმა გუნდმა ხომ მიმდინარე სეზონში ყველაზე უსახური თამაში სწორედ თანაქალაქელ “ინტერთან” ჩაატარა და იმ შეხვედრაში თავი ვერც თავად რონალდინიომ გამოიჩინა რამით. გარდა ამისა, გამარჯვების შემთხვევაში, “როსონერი” “ინტერს” დაკარგული ქულების რაოდენობით დაეწევა.
- ბოლო პერიოდში თქვენს მიერ ნაჩვენებ თამაშს ყველა აღტაცებაში მოჰყავს. როგორც ჩანს, მხოლოდ დუნგა ვერ გამჩნევთ...
- ამჟამად მხოლოდ “მილანზე” ვარ კონცენტრირებული. შემდგომში ვნახავთ, როგორ განვითარდება ჩემი და ნაკრების ურთიერთობა.
- რომელი რონალდინიო უფრო ძლიერია – “მილანში” მოთამაშე, თუ “ბარსელონაში”?
- “ბარსელონაში” მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ვიყავი, ისევე, როგორც დღეს “მილანში”. მაგრამ ვგრძნობ, რომ საკუთარი თავის რეალიზება იტალიაში უფრო მოვახდინე და ამით ვამაყობ.
- თუ თქვენი ძმა მილანურ დერბის დაესწრება, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მალე კლუბთან ახალ ხელშეკრულებას გააფორმებთ?
- სილვიო ბერლუსკონისთან და ადრიანო გალიანისთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. ასე რომ, ერთმანეთისთვის ნდობის მისანიჭებლად ქაღალზე არსებული ხელმოწერა არ გვჭირდება. თუ ყველაფერი კარგად იქნება, კონტრაქტს ნებისმიერ დროს გავაფორმებთ.
- რამდენი ხნით გსურთ “მილანთან” კონტრაქტის გახანგრძლივება?
- ხელს არაფერი მიშლის, თავს შესანიშნავად ვგრძნობ და მზად ვარ “მილანში” კარიერის ბოლომდე დავრჩე!
- და როდის აპირებთ კარიერის დასრულებას?
- იმედი მაქვს, რომ ავიღებ პაოლო მალდინის და რომარიოს მაგალითს და ვითამაშებ, რაც შეიძლება დიდხანს, რადგან მხოლოდ ფეხბურთში ვარ სრულიად ბედნიერი და თავს ბოლომდე რეალიზებულად ვგრძნობ.
- ერთი წლის წინ ყველაფერი ასე კარგად არ მიდიოდა, რადგან კარლო ანჩელოტი შესაძლებლობების ბოლომდე წარმოჩენის საშუალებას არ გაძლევდათ...
- ამ საკითხზე თავად კარლოს უნდა მიმართოთ, რადგან ასეთი გადაწყვეტილება მიიღო მან. მზად ვიყავი დამემტკიცებინა, რომ კიდევ ბევრი რამის გაკეთება შემიძლია მოედანზე, მაგრამ იგი ამის გაკეთების შანსს არ მაძლევდა.
- 2008 წლის ზაფხულში ხოან ლაპორტამ მასიმო მორატის გადააფიქრებინა რონალდინიოს შეძენა...
- მართლა? ეს ნიშნავს, რომ იგი შეცდა. ცხოვრებაც და ფეხბურთიც ისეა მოწყობილი, რომ შეცდომას ყველა უშვებს. ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს – სიკეთე სიბოროტეში გადაიზარდოს და პირიქით.
- ლეონარდოსთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?
- იგი ჩემთვის პირველ რიგში მეგობარია. ჩვენ ერთ ენაზე ვსაუბრობთ და საკითხებისადმი ერთნაირი მიდგომა გვაქვს.
- შეუძლია რონალდინიოს დერბიში წარმატების მიღწევა?
- ვფიქრობ კი. ამჟამად ფორმის პიკზე ვიმყოფები. “მილანი” შესანიშნავად თამაშობს და “ინტერთან” მოგებას ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ამ შემთხვევაში, ჩემპიონობის მოპოვების შანსს გავიზრდით.
- შეუძლია დერბის გავლენა იქონიოს სკუდეტოს ბედზე?
- რატომაც არა? ამჟამად ჩვენი გუნდი აღმასვლას განიცდის. ყველანაირი პირობა გვაქვს საჩემპიონო ბრძოლაში მონაწილეობის მისაღებად და დერბიში მოგება საქმე გაგვიადვილებს.
მოამზადა მიშა ზაქარეიშვილმა