ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველი შეხვედრის საკუთარ მოედანზე წაგების შემდეგ “მილანის” წინაშე ძალზე რთული, ერთი შეხედვით გადაუჭრელი ამოცანა დგას. სერ ალექს ფერგიუსონის გუნდის “ოლდ ტრაფორდზე” ორბურთიანი სხვაობით დამარცხება ფაქტიურად შეუძლებელია. მაგრამ მილანურ კლუბში მაინც ჭარბად არიან ადამიანები, რომლებსაც წარმატების იმედი ჯერ კიდევ აქვთ. ერთ-ერთი მათგანია რონალდინიო. ბრაზილიელი განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს იმაში, რომ მისმა გუნდმა გასული სეზონის ფინალისტი დატოვოს გათამაშებას მიღმა.
- რატომ ხართ ასე დარწმუნებული “მილანის” გამარჯვებაში?
- ყველაფერი მარტივადაა: ამქვეყნად შეუძლებელი არაფერია. ძნელი იქნება, მაგრამ სასურველი ანგარიშით მოგება შეგვიძლია.
- თქვენი აზრით, როგორი იქნება “ოლ ტრაფორდზე” გასამართი შეხვედრა?
- ვფიქრობ, რომ ლამაზი თამაში იქნება, რადგან ჩვენი მიზანია შეტევა და გოლის გატანა, ხოლო მანჩესტერი “ოლდ ტრაფორდზე” ყოველთვის საკუთარ სტილში თამაშობს. ასე რომ, დაცვაში არცერთი გუნდი არ ჩადგება.
- როგორ ფორმაშია ამჟამად “მილანი”? შეუძლია მას ლიგის მოგება?
- როდესაც საქმე ეხება ისეთ ტურნირს, როგორიცაა ჩემპიონთა ლიგა, “მილანს” წარმატების შანსი ყოველთვის აქვს. ამ კლუბს ევროპის უძლიერეს ტურნირებში გამარჯვების დიდი გამოცდილება აქვს.
- “მილანს” შემადგენლობასთან დაკავშირებით არაერთი პრობლემა აქვს, მაგრამ ახლა ყველას აინტერესებს, მოახერხებს თუ არა მოედანზე გასვლას პატო...
- ჩვენ ყველას გვსურს, რომ პატომ თამაში შეძლოს, რადგან იგი შესანიშნავი თავდამსხმელია, მაგრამ ეს ჩემი გადასაწყვეტი არაა. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მე და მას მოედანზე ერთმანეთის შესანიშნავად გვესმის.
- ჩემპიონთა ლიგაზე “მილანის” ტრადიციულმა სიძლიერემ ბოლო წლებში ხომ არ იკლო?
- როდესაც “ბარსელონაში” ვთამაშობდი, კარგად ვგრძნობდი რას ნიშნავდა ჩემპიონთა ლიგაზე “მილანის” ასპარეზობა. ასევე ვიცი რას გრძნობს ფეხბურთელი, რომლის მეტოქეც “მილანის” მაისურში გამოწყობილი ფეხბურთელია.
- მაინც რას?
- ამ დროს ხვდები რამდენად დიდ კლუბს უპირისპირდები. ამჟამად “მილანში” ვთამაშობ და თავად ვგრძნობ ამ ძალას.
- ჯერ კიდევ გახსოვთ რა შეგრძნებაა თავს ზემოთ ჩემპიონთა ლიგის თასის აღმართვა?
- შესანიშნავი განცდა იყო. სიამოვნებით გავიმეორებდი იგივეს “მილანთან” ერთად და ჩემპიონთა ლიგას მადრიდის “სანტიაგო ბერნაბეუზე” მოვიგებდი. არასდროს დამავიწყდება ის მომენტი, როდესაც თასი კარლეს პუიოლისგან მივიღე და იგი თავს ზემოთ აღვმართე.
- სეზონის დასაწყისში გჯეროდათ, რომ “მილანის” ლიდერობას შეძლებდით?
- მიმდინარე სეზონში ჩემი მიზანი იყო ხალხისთვის გამეხსენებინა ვინაა რონალდინიო. არასდროს მომბეზრდება იმის გამეორება, რომ ლეონარდო ძალიან დამეხმარა.
მოამზადა მიშა ზაქარეიშვილმა