ინტერვიუები

10:12 | 16.12.2009 | ნანახია [] - ჯერ

რონალდინიო: “კიდევ ორ მუნდიალზე თამაში მინდა”

კარლო ანჩელოტის მთავარმწვრთნელობისას რონალდინიოს “მილანში” თამაში არ მისდიოდა. ბევრი ფიქრობდა, რომ ბრაზილიელი ფლეიმეიქერი მიმდინარე სეზონის წინ კლუბს გამოიცვლიდა, მაგრამ “როსონერის” ახალმა დამრიგებელმა ლეონარდომ “კიჭას” ნდობა გამოუცხადა და მაყურებელმაც კვლავ ძველებურად ტექნიკურად, ჟინიანად და ხალისიანად მობურთალი რონალდინიო იხილა. სადღეისოდ რონი “მილანის” ლიდერად ითვლება და ამასწინათ საუკუნის პირველი ათწლეულის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებული ბრაზილიელი აცხადებს, რომ მისი “ნერაძურის” წამყვან ფეხბურთელად ფორმირება ლეონარდოს დამსახურებაა.

- რონი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიმდინარე სეზონში შენი “დიდ ფეხბურთში” დაბრუნება მოხდა?
- დიახ, ასეა. სადღეისოდ გაცილებით უკეთ ვთამაშობ, ვიდრე გასული სეზონის განმავლობაში.
- ზოგიერთი გამოცემების ვერსიით, მათ შორის ისეთი ავტორიტეტული ჟურნალისა, როგორიც “უორლდ სოკერია”, ოცდამეერთე საუკუნის პირველი დეკადის საუკეთესო ფეხბურთელი ხარ. ამ ფაქტმა დადებითი გავლენა მოახდინა შენს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე?
- ჩემთვის ნებისმიერი აღიარება ფრიად სასიამოვნო და მნიშვნელოვანია. ბოლო აღიარება კი მავალდებულებს ძველებურად ხალისიანად და ეფექტურად ავთამაშდე. მე მგონი, უკანასკნელ პერიოდში დიდწილად ამას ვახერხებ კიდეც.
- როგორ მოახერხე ძველებური კონდიციის აღდგენა?
- საფეხბურთო მინდორსა და მის გარეთ ბევრი ვიშრომე. მთელი წლის განმავლობაში ჯიუტად მივიწევდი მიზნისკენ და ერთ მშვენიერ დღეს აღმოვაჩინე, ისევ ის “კიჭა” რომ ვარ.
- ამ საქმეში ლეონარდოს წვლილი არ მიუძღვის?
- რასაკვირველია მიუძღვის. ლეონარდო დროის მოკლე პერიოდში ჩემი მეგობარი გახდა. მისგან დასამალი არაფერი მაქვს და ნებისმიერ თემაზე ვსაუბრობთ. მასთან ურთიერთობას ისიც მიადვილებს, ერთ ენაზე რომ ვსაუბრობთ. ადამიანს კარგად რომ გაუგო და შეეწყო, ეს დიდი პლუსია. რამდენი მწვრთნელი მყავდა დ არც ერთთან ისე ახლოს არ ვიყავი, როგორც ლეონარდოსთან. ამასთან, იგი მაღალი დონის სპეციალისტია და ისე დამაჯერებლად უძღვება მინდობილ ურთულეს საქმეს, ძნელი წარმოსადგენია, პირველი სადამრიგებლო ნაბიჯი რამდენიმე თვის წინ რომ გადადგა.
- ძნელია შეგეკამათო – “მილანმა” აშკარად უკეთ დაიწყო გამოსვლა. გუნდი სერია A-ში მეორე ადგილზეა. გამოდის ლეონარდო კარგი მწვრთნელია...
- აბა, რა გეგონათ! ცოტა ვინმე თუ ელოდა, თექვსმეტი ტურის შემდეგ მეორე საფეხურზე რომ ვიქნებოდით. გუნდი პროგრესირებს და ყველანი ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი.
- ისე, უწინაც კარგი დამრიგებლები გყავდა – ვანდერლეი ლუშემბურგო, ლუიშ ფელიპე სკოლარი...
- ორივესგან ბევრი რამ ვისწავლე, განსაკუთრებით საფეხბურთო ტაქტიკის ასპექტით.
- ბრაზილიის ნაკრებმა მუნდიალის საქზური შენი დახმარების გარეშე მოიპოვა. აპირებ სელესაოში დასაბრუნებლად ბრძოლას?
- კიდევ ორ მუნდიალზე თამაში მინდა. ჯერ მსურს სამხრეთ აფრიკაში ვიასპარეზე, შემდეგ კი სამშობლოში. 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი ხომ ბრაზილიაში ჩატარდება. თუ ამჟამინდელი სპორტული ფორმა შევინარჩუნე, დუნგა ნაკრებში აუცილებლად მიხმობს.
- რას ელი მომავალი მუნდიალისგან?
- მსურს სამხრეთ აფრიკის ტურნირის უმთავრესი ვარსკვლავი გავხდე! მერწმუნეთ, ეს შემიძლია. საკვალიფიკაციო ციკლის დროს უთამაშებლობას პირდაპირ მსოფლიოს ჩემპიონატზე კარგი გამოსვლით ავინაზღაურებ.

გოჩა კაჭარავა 


 

0.121711