ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური პაექრობების წინ გერმანული გამოცემა sportbild-ის კორესპონდენტი “ბარსელონას” ყოფილ ფეხბურთელს რონალდინიოს დაუკავშირდა. ბრაზილიის ნაკრების წევრმა ჟურნალისტის კითხვებს პასუხი გასცა, ალემანური კლუბები “ბაიერნი” და “დორტმუნდი” შეაქო, თუმცა, ჩემპიონთა ლიგის უპირველეს ფავორიტად მაინც კატალონური გრანდი მოიხსენია.
- 2006 წელს “ბარსელონასთან” ერთად ჩემპიონთა ლიგის თასი მოიგეთ. რას ნიშნავს თქვენთვის ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მოგება?
- 2006 წელს ბავშვობის ოცნება ავიხდინე. ფეხბურთელისთვის ამ ტიტულის მოგებაზე უფრო მნიშვნელოვანი მხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონატზე გამარჯვებაა. პირადად მე ორივე ტიტული მაქვს და ამით ბედნიერი გახლავართ.
- გახსოვთ ბოლოს როდის და რომელმა გერმანულმა კლუბმა მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის თასი?
- ვიცი, რომ ეს გუნდი “ბაიერნია”, მაგრამ როდის მოხდა ეს ამბავი ნამდვილად არ მახსოვს.
- “ბაიერნმა” 12 წლის წინ იმარჯვა. მას შემდეგ მოყოლებული გერმანული კლუბები ჩემპიონთა ლიგის თასს ვერ იგებენ...
- წლეულს სიტუაცია შესაძლოა თქვენთვის სასიკეთოდ შეიცვალოს. ჩემი აზრით, “ბაიერნი” გამარჯვების რეალური კანდიდატია, დორტმუნდელებსაც მეტად ძლიერი გუნდი ჰყავთ.
- რატომ მიიჩნევთ მიუნხენელებს თასის მოგების რეალურ კანდიდატად?
- იუპ ჰაინკესი მეტად გამოცდილი სპეციალისტია და მან მშვენივრად იცის, როგორ მოაგებინოს გუნდს ტიტულები. “რეალთან” ერთად მან უკვე მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ახლა იგივეს შესრულებას ბავარიელებთან ერთად შეეცდება. “ბაიერნი” ბრწყინვალედაა დაკომპლექტებული, დანტე და გუსტავო კი ბრაზილიის წარმომადგენლები არიან. ეს კარგი ნიშანია.
- “ბაიერნის” საკვანძო ფეხბურთელად ვის თვლით?
- ბასტიან შვაინშტაიგერს. იგი უკვე ზედიზედ რამდენიმე სეზონია უმაღლეს დონეზე თამაშობს, სადღეისოდ კი კარიერის განმავლობაში საუკეთესო ფორმაშია. ბასტიანი გუნდის ნამდვილი წინამძღოლია, მისი ჭეშმარიტი ლიდერი.
- “დორტმუნდის” რიგებიდან ვის გამოარჩევთ?
- იურგენ კლოპის განკარგულებაში ახალგაზრდა, ნიჭიერი ფეხბურთელები არიან. ვერ დავიტრაბახებ, რომ ყველა მათგანის შესაძლებლობებს კარგად ვიცნობ. თუმცა, იმ ტანდაბალი, მეტად ტექნიკური მოთამაშის გამორჩევა შემიძლია.
- მარიო გიოტცეს გულისხმობთ?
- დიახ. მას ფენომენალური შესაძლებლობები აქვს. გიოტცე ბრწყინვალედ ამუშავებს ბურთს, ფანტასტიკურ გადაცემებს ასრულებს. მომწონს მათს ჰუმელსიც. როგორც გავიგე, მისი გადაბირებით “ბარსელონაა” დაინტერესებული.
- თქვენი ყოფილი გუნდის, “ბარსელონას” საჩემპიონთალიგო შანსს როგორ აფასებთ?
- “ბარსა” თასის მოგების უმთავრესი ფავორიტია. ვიმედოვნებ და ვისურვებ, რომ ასეც იქნება.
- კატალონელებს პარიზის პსჟ-სთან ძალიან გაუჭირდათ...
- “ბარსამ” “მილანთან” და პსჟ-სთან დაპირისპირებისას, ოსტატობასთან ერთად, მტკიცე ხასიათი გამოავლინა. ეს 2 კომპონენტი კი გუნდის საერთო უმაღლეს კლასს განაპირობებს. გადამწყვეტ მომენტში კატალონელებს თავიანთი პოტენციალის სრულად ამუშავება შეუძლიათ.
- ბარსელონაში სტუმრობისას პეპ გვარდიოლა გაიცანით. მომავალი სეზონიდან იგი “ბაიერნის” მთავარ მწვრთნელად დაიწყებს მუშაობას...
- გვარდიოლას ადრეც ვიცნობდი. როდესაც “ბარსაში” ვთამაშობდი, ის მეორე გუნდს წვრთნიდა. რასაც მან მოგვიანებით მიაღწია, ერთი შეხედვით წარმოუდგენელია. ამასთან, პეპი ბრწყინვალე ადამიანია. ბავარიელებს ბედმა ძალიან გაუღიმათ. გვარდიოლას თავისი განსაკუთრებული მიდგომა, საფეხბურთო ფილოსოფია აქვს და მისი მოსვლის შემდეგ “ბაიერნი” კიდევ უფრო მომძლავრდება.