ინტერვიუები

16:32 | 14.11.2012 | ნანახია [] - ჯერ

რომან ვაიდენფელერი: “ნაკრებში მიწვევას ვიმსახურებ”

დორტმუნდის “ბორუსიას” მეკარე რომან ვაიდენფელერი გერმანული ბუნდესლიგის ყველაზე სტაბილური გოლკიპერია. ამას სტატისტიკა ადასტურებს – იგი გოლს საშუალოდ ყოველი 124 წუთის შემდეგ უშვებს და ამ მაჩვენებლით მიუნხენის “ბაიერნის” მეციხოვნეს მანუელ ნოიერს საგრძნობლად უსწრებს. ბავარიელთა კარის აღებას მოწინააღმდეგეები ყოველი 100 წუთის შემდეგ ზეიმობენ. ამის მიუხედავად, გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოაჰიმ ლიოვი ვაიდენფელერს თავის გუნდში არ უხმობს, რითაც დორტმუნდელთა მეკარის გულისწრომას იმსახურებს.


- რამდენიმე ხნის წინ განაცხადეთ, რომ ზუსტად იგივე შანსია ლოტოში ექვსივე რიცხვი გამოიცნოთ და იოაჰიმ ლიოვმა ეროვნულ გუნდში გიხმოთ. მას შემდეგ აზრი ხომ არ შეგიცვლიათ?
- არა. ორივე შემთხვევის ალბათობა ერთნაირად ძალიან მცირეა.
- ხუმრობა იქეთ იყოს და როდესაც ბუნდესმანშაფტში სხვა მეკარეებს თავის გამოჩენის საშუალებას აძლევენ, თქვენ კი ერთხელაც არ ხართ დაძახებული, მინიმუმ გულის დაწყვეტის საბაბს უნდა გაძლევდეთ...
- რაიმე შემატყვეთ, რომ იმედგაცრუებული ან ხელჩაქნეული ვარ? გაკვირვებული კი ნამდვილად გახლავართ. ცხადია, ყოველთვის ვოცნებობდი გერმანიის ნაკრების მაისურის მორგებაზე და რადგანაც წლების განმავლობაში კარის ხაზზე სტაბილურად და საიმედოდ ვთამაშობ, ბუნდესმანშაფტში მიწვევას ვიმსახურებ. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ მწვრთნელის პირობებში ეს ნაკლებად მოსალოდნელია.
- ეს ამბავი თამაშის ხალისს ცოტათი მაინც არ გიკარგავთ?
- არავითარ შემთხევევაში. ბუნდესლიგასა და ჩემპიონთა ლიგაში ასპარეზობა უდიდესი სტიმულია და საკუთარი კარიერითაც კმაყოფილი ვარ. მითუმეტეს, სანაკრებო დონის გოლკიპერი ნამდვილად გახლავართ და საკუთარი თავისადმი სასაყვედუროც არაფერი მაქვს.
- დავუშვათ და ნაკრებში გიხმეს, საადაპტაციოდ დროის გარკვეული მონაკვეთი არ დაგჭირდებათ და ეროვნულ გუნდს იოლად შეერწყმებით?
- ამას ყოველ მატჩში ვამტკიცებ და მრავალწლიანი სტაბილური გამოცდილებაც მიმაგრებს ზურგს. ნაკრების მოთამაშემ კი საკუთარი კლასი მუდმივად უნდა დაამტკიცოს. ათეულამდე ფეხბურთელი შემიძლია ჩამოგითვალოთ, რომელთა თამაში ბუსდესგუნდში მიწვევის შემდეგ გაფერმკრთალდა და თითქოს მწვრთნელთა თვალთახედვის არედან მიიმალა. გარწმუნებთ, ჩემ შემთხვევაში ეს გამორიცხულია.
- ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი სანაკრებო ტურნირების შემდეგ მიუნხენის “ბაიერნი” გერმანული ბუნდესლიგის მოგებას ვერ ახერხებდა. როგორ გგონიათ, ეს თქვენთვის სასიამოვნო ტრადიცია მომავალი წლის მაისშიც გაგრძელდება?
- ამგვარ სტატისტიკას ნაკლებ ყურადღებას ვუთმობთ. ჩვენი კლუბიდანაც ბევრი ფეხბურთელი გახლდათ მივლინებული პოლონეთ-უკრაინაში მიმდინარე კონტინენტის პირველობაზე. იმედია, ეს ფაქტი “დორტმუნდს” ზედიზედ მესამედ გაჩემპიონებაში ხელს არ შეუშლის.
- გულშემატკივრები თქვენგან ჩემპიონთა ლიგაშიც წარმატებულ გამოსვლას ელიან და ითხოვენ...
- ჩემპიონთა ლიგის წინა გათამაშებამ საჭირო გამოცდილება შეგვძინა. ევროპის ჩემპიონატის მატჩებმაც ჩემ საკლუბო პარტნიორებს ბევრი რამე ასწავლა. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და დარწმუნებული ვარ, კონტინენტის უპირველეს საკლუბო შეჯიბრებაზე გამოსვლით დორტმუნდელ ქომაგებს კმაყოფილებს დავტოვებთ. ჩვენი გუნდი ამას ჯგუფურ ეტაპის მატჩებშიც ადასტურებს და იმედია, პლეი ოფში გასულები კიდევ მოვუმატებთ.
- 32 წლის ხართ. კიდევ რამდენი ხნის განმავლობაში აპირებთ თამაშს?
- 40 წლამდე სამეკარეო ხელთათმანების გახდას არ ვაპირებ. სადღეისოდ კი თავს საუკეთესოდ ვგრძნობ და კარიერის მშვენიერი მომენტებით ვტკბები.
- მაინც რატომაა ამჟამინდელი პერიოდი თქვენი კარიერის საუკეთესო პერიოდი?
- დორტმუნდის “ბორუსიაში” გამოსვლის დროს ბევრი რამ გადამხდა. იყო არასტაბილური და ფინანასურად შეჭირვებული დრო, ახლა კი იმ გუნდის მეკარე ვარ, რომელიც გერმანიის ჩემპიონი და თასის მფლობელია და ჩემპიონთა ლიგაშიც წარმატებით გამოდის. ცხადია, კმაყოფილების საბაბიც სრულად მაქვს.


გოჩა კაჭარავა

0.109881