ჩემპიონთა ლიგის ბოლო გათამაშების ფინალისტმა დორტმუნდის “ბორუსიამ” ახალი სეზონისთვის მზადების პირველი ეტაპი “ბაზელთან” ტესტ-მატჩით დაასრულა. იურგენ კლოპის რიგებში დებიუტი ჰქონდათ რურელთა ახალბედებს ჰენრიხ მხითარიანს, პიერ ემერიკ ობამეანგსა და სოკრატისს. დორტმუნდელებმა 3:1 იმარჯვეს და ერთ-ერთი გოლი მხითარიანის ანგარიშზეა. გერმანელი ჟურნალისტი მათიას დერში ნამატჩევს დორტმუნდელთა 32 წლის მეკარესა და ვიცე-კაპიტანს რომან ვაიდენფელერს გაესაუბრა და განვლილი შეხვედრის გარდა, გულშემატკივართათავის სხვა საინტერესო კითხვებზეც სთხოვა პასუხის გაცემა.
- “ბაზელთან” მატჩის დროს გუნდმა ძირითადი შემადგენლობის პრაქტიკულად ყველა ფეხბურთელი გამოსცადა. როგორ შეაფასებთ მათ წინასასეზონო მზადყოფნას?
- დავიწყოთ იმით, რომ “ბაზელი” მეტად სერიოზული ოპონენტია, რაც მან გასულ სეზონში ევროპის ლიგის ნახევარფინალში გასვლითაც დაამტკიცა. ბაზელელებს წლეულს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლის და იქ წარმატებით გამოსვლის რეალური შესაძლებლობა აქვს. ჩვენ დიდი ხანი არაა, რაც წინასასეზონო მზადებას შევუდექით, სათამაშო ტონუსში თანდათან შევდივართ და ამგვარ სერიოზულ მოწინააღმდეგესთან ძალის გაზომვა ფრიად სასარგებლოა. ჩვენ რამდენიმე ეფექტური კომბინაცია გავითამაშეთ, დაცვაშიც საიმედოდ გამოვიყურებოდით და შედეგიც შესაბამისი მივიღეთ.
- რას გვეტყოდით ჰენრიხ მხითარიანის დებიუტზე? როგორი შთაბეჭდილება დატოვა სომეხმა ახალწვეულმა?
- “მიკის” თამაშმა ყველანი გაგვახარა. ჩემი აზრით, დიდი საფეხბურთო ტალანტის მოთამაშე გადმოვიყვანეთ. მხითარიანი სეზონის განმავლობაში დიდ დახმარებას გაგვიწევს. აქვე სხვა დებიუტანტებიც საქებარი სიტყვებით მინდა მოვიხსენიო. ნათ გუნდთან ერთად წესიერად ჯერ არცკი უვარჯიშიათ, მაგრამ მინდორზე საერთო ენის გამონახვა არ გაგვჭირებია. კლუბის ხელმძღვანელობამ კარგი სატრანსფერო სამუშაო ჩაატარა. ახალწვეულები მშვენიერ შთაბეჭდილებას ტოვებენ, მათი დამატება გუნდს კიდევ უფრო მოაძლიერებს, თუმცა ძირითადი შემადგენლობა დიდწილად შენარჩუნებულია.
მეორე საწვრთნელ შეკრებაზე მწვრთნელები დატვირთვას კიდევ უფრო გაგვიზრდიან, ასე რომ, შვეიცარიაში მომქანცველი სამუშაო გველის.
- რობერტ ლევანდოვსკის თამაშმა კმაყოფილი დაგტოვათ?
- მესმის რატომაც მისვამთ ამ კითხვას. მას რთული პერიოდი ჰქონდა, მაგრამ ლევანდოვსკი მაღალი კლასის პროფესიონალია და “ბორუსიას” საკეთილდღეოდ არაფერს დაიშურებს. ჩვენ ყველას რობერტის იმედი გვაქვს.
- მომავალ სეზონში მიუნხენის “ბაიერნი” კვლავაც უმთავრესი ფავორიტი იქნება?
- მიუნხენელებისგან ყველა საჩემპიონო წოდების შენარჩუნებას ელის, ამიტომაც მათზე ერთგვარი მორალური ზეწოლა იქნება თავისივე გულშემატკივრებისგან. თუმცა, “ბაიერნი” ფსიქოლოგიურად მდგრადი გუნდია, ამიტომაც პეპ გვარდიოლას გუნდი კვლავინდებურად ბუნდესლიგის ფავორიტია.
- დორტმუნდის “ბორუსიას” მიზნებზე რას გვეტყოდით?
- მოკლედ და კონკრეტულად მოგახსენებთ – ბუნდესლიგაში მინიმუმ მესამე ადგილზე უნდა გავიდეთ, რათა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ავტომატურად მოვხვდეთ, გერმანიის თასზე მაქსიმალურად წინ წავიწიოთ, ხოლო წლევანდელ ჩემპიონთა ლიგაზე პირველი სტადია წარმატებით დავძლიოთ და პლეი ოფის ეტაპზე გავიდეთ. უშუალოდ გუნდის თამაშს რაც შეეხება, დაცვა უნდა გავაძლიეროთ. წინა სეზონში 42 გოლი გავუშვით, რაც ბევრია. ამასთან, “ბორუსია” ტრადიციულად შემტევ ფეხბურთს უჩვენებს მაყურებელს.