თბილისის “დინამოს” პრეზიდენტის რომან ფიფიას თქმით, სპორტის სამინისტრომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მისი კლუბის დასჯა მოსთხოვა, რადგან “დინამოს” აკადემიის 13-წლამდელებმა სანკტ-პეტერბურგში გამართულ ტურნირზე ითამაშეს, რომელშიც ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის გუნდი სოხუმის “დინამო” მონაწილეობდა.
ამის შესახებ, ფიფიამ “მიხელ მესხზე” კლუბებისა და ფედერაციის ხელმძღვანელების შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ეს ინფორმაცია ფედერაციის პრეზიდენტმა დომენტი სიჭინავამაც დაადასტურა.
აქვე გეტყვით, რომ “დინამოს” საფეხბურთო აკადემიის გუნდმა ცოტა ხნის წინათ სანკტ-პეტერბურგში ყოფილი ფეხბურთელის პიოტრ დემენტიევის 100 წლისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი მოიგო. ფიფიას თქმით, თბილისელებმა არ იცოდნენ, რომ ტურნირზე სოხუმის “დინამოც” იყო მიწვეული, რადგან ეს ორგანიზატორებს ოფიციალურ წერილში არ უცნობებიათ.
სიჭინავას თქმით, ფიფიამ ამის დამადასტურებელი წერილი წარმოადგინა, რომელიც ტურნირის ორგანიზატორების მიერაა გამოგზავნილი და ფეხბურთის ფედერაცია არავითარი რეაგირების მოხდენას არ აპირებს. უბრალოდ, მისი უწყება “დინამოს” მიერ ფედერაციისთვის მიწერილ ოფიციალურ წერილებს სპორტის სამინისტროს გადაუგზავნის.