იტალიური La Gazzetta dello Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “რომა” ურუგვაელი შემტევის, გასტონ რამირესის აპენინებზე დაბრუნებას აპირებს.
გასტონ რამირესი “ბოლონიადან” “საუთჰემპტონში” 2012 წელს გადაბარგდა, მაგრამ მან ინგლისელთა ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება ვერ მოახერხა. პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში, 23 წლის შემტევი სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ ერთხელ ვიხილეთ.
იტალიური პრესის ცნობით, რამირესის შეძენას “რომა” გეგმავს. რომაელები აპირებენ ტრანსფერში ის თანხა ჩართონ, რომელიც მათ “საუთჰემპტონისგან” პაბლო ოსვალდოს ტრანსფერიდან აქვთ მისაღები. იმის გამო, რომ “ჯალოროსის” არაევროკავშირელი ფეხბურთელების ლიმიტი ამოწურული აქვს, ივარაუდება, რომ რამირესი, სეზონის ბოლომდე, “ბოლონიაში” არენდის წესით ითამაშებს.