კალათბურთი

20:37 | 2.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის საკალათბურთო კლუბებისა და ბავშვთა სკოლების უმეტესობა სკფ-ს გამგეობასთან შეხვედრას არ აპირებს

 

2 ოქტომბერს  სასტუმრო “ჰოლიდეი ინის” საპრესკონფერენციო დარბაზში სუპერლიგის მონაწილე გუნდები და ბავშვთა საკალათბურთო სკოლების წარმომადგენლები შეიკრიბნენ, რომლებიც საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მუშაობით უკმაყოფილები არიან. შეხვედრა საკალათბურთო კლუბ “ოლიმპის” ტექნიკურმა დირექტორმა ლევან გეგეშიძემ გახსნა, რომელმაც კიდევ ერთხელ განაცხადა:“საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ, მის მიერ 10 ოქტომბერს დაგეგმილი რიგგარეშე ყრილობა უსამართლოდ გადადო - მიზეზად ყრილობის დელეგატებზე ზეწოლა გამოაცხადა. შემდეგ გაირკვა, რომ დელეგატებზე ზეწოლა არ ყოფილა...”

გიორგი ანთაძე (“კალათბურთელთა კავშირის” იურისტი): “საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ბესიკ ლიპარტელიანს აღნიშნულ პოსტზე ყოფნის ვადა 16 ნოემბერს ეწურება. რადგან ახლოვდება 16 ნოემბერი და ჯერ კიდევ არაა ცნობილი 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების  ჩატარების ზუსტი თარიღი, რომელიც კიდეც რომ დაინიშნოს 16 ნოემბრამდე არ მოესწრება. ეს უკვე კანონის დარღვევაა. საპრეზიდენტო არჩევნებში ვისაც ხმის უფლება აქვს, წონადი სიტყვა კლუბებს ეკუთვნის, რომელთა ფედერაციაში შესატანი თანხა, ერთ სეზონში, 35 ათას ლარს შეადგენს...”

დავით საყვარელიძე (“კალათბურთელთა კავშირის” იურისტი): “საკალათბურთო სამყაროში მიმდინარე დებატების მთავარი თემაა თუ ვის რამდენი ხმის უფლება ექნება 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. ამჟამად რეგიონალური სისტემა არ არსებობს, ამიტომ  ვაკეთებთ აქცენტს კლუბებზე. საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გამგეობა დადის, ატარებს ღონისძიებებს და საპრეზიდენტო არჩევნებში დელეგატთა სიის ხელოვნურად გაზრდას ცდილობს, რომელიც ამჟამად 32 შეადგენს. წესდებაში შესატან თითოეული ცვლილების საკითხს ფედერაციის ყრილობა უნდა წყვეტდეს, ხოლო გამგეობა აღსრულებდეს...”

დავით თორთლაძე (“ოლიმპის” მთავარი მწვრთნელი): “საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ძირითადად ბიუჯეტიდან (2 მილიონ 800 ათასი ლარი) და სუპერლიგის მონაწილე გუნდების საწევრო შენატანისგან (დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი) ფინანსდება. არავინ იცის ეს თანხა კონკრეტულად როგორ ნაწილდება. ფედერაციის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა  ამ თანხის ხარჯვის გაკონტროლების უფლებას არ გვაძლევს. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო მხოლოდ კანონით იმოქმედებს და ყველაფერს გააკეთებს, რათა კალათბურთის ფედერაციაში წესრიგი დამყარდეს და თანხების მიზნობრივი ხარჯვა გასაიდუმლოებული აღარ იყოს...”

ლომერ ახვლედიანი (ქუთაისი-2010”-ის წარმომადგენელი) : “სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო იხდის მსაჯების მომსახურების ფულს,  რომელიც 230 ათას ლარს შეადგენს. ქუთაისში ჩატარებული მატჩების დროს მსაჯების მომსახურების ფულს ჩვენ გვახდევინებენ, რაც გუნდს მძიმე ტვირთად აწევს. ფედერაციის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის მიერ შექმნილი პრობლემების გამო, გუნდი ცუდ მდგომარეობასში იმყოფება...”

 

თამაზ ხაჩიური (შიდა ქართლის რეგიონილი კალათბურთის განვითარების ცენტრის პრეზიდენტი) : “ჩვენი ფედერაცია რამდენიმე თვის წინ ჩამოყალიბდა. მართალია, თვითონაც ვაპირებდით, მაგრამ კალათბურთის ფედერაცია დაგვეხმარა დასახული მიზნის განხორციელებაში. რადგან რიგგარეშე ყრილობაზე ჩემმა მოადგილე კარტოზიამ ოპოზიციის მხარე დაიჭირა, ამის შემდეგ კალათბურთის ფედერაცია პრობლემებს გვიქმნის...”

შეხვედრის მონაწილე გუნდები არ აპირებენ 4 ნოემბერს, თბილისში საკალათბურთო კლუბებთან და ბავშვთა საკალათბურთო სკოლებთან შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას. საბოლოოდ, შეხვედრის მონაწილე პირები შეთანხმდენენ, რომ მათ წერილზე, რომელიც საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტსა და გამგეობის წევრებს გაუგზავნეს, თუ არ იქნება რეაგირება, სამი დღის შემდეგ, ოთხშაბათს ან ხუთშაბათს ისევ შეიკრიბებიან, მოილაპარაკებენ და თუ საჭირო გახდა დახმარებისთვის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლევან ყიფიანს შეხვედბიან

 

0.491655