ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა, ევროპის ჩემპიონატზე შვედებთან გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და იმ კოზირებზე ისაუბრა, რომლითაც მისმა შეგირდებმა ტურნირზე პირველი გამარჯვება უნდა მოიპოვონ.
შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში ინგლისის ნაკრები ფრანგებს დაუზავდა, ხოლო შვედეთი უკრაინასთან დამარცხდა.
- ბატონო ჰოჯსონ, კმაყოფილი ხართ ფრანგებთან ჩატარებული მატჩით?
- მოთამაშეებმა, რომლებმაც ფრანგების წინააღმდეგ ითამაშეს, კარგი თამაში ჩაატარეს. მისი შედეგით კმაყოფილი ვარ. ახლა, თუ შვედების დამარცხება გვინდა, მეტი დრო უნდა გავატაროთ შეტევაში და ზოგადად თამაშში გარკვეული ცვლილებები შევიტანოთ.
- 2006-2007 წლებში ფინეთის ნაკრებს წვრთნიდით. მაშინ თუ იფიქრებდით, რომ დადგებოდა დრო და ინგლისის ნაკრებს უთავკაცებდით?
- ფინეთში გატარებული წლები კარგად მახსენდება. ამ გუნდთან მუშაობა ძალიან მომწონდა. მაშინ ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, რომ ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გავხდებოდი, მაგრამ ასე მოხდა და თავს უბედნიერეს ადამიანად ვთვლი. ინგლისი ჩემი სამშობლოა და ეს გუნდიც ჩემ გულთან ყველაზე მეტად ახლოსაა.
- რა თვისებები უნდა გამოავლინონ ინგლისელებმა, რათა შვედების დამარცხება შეძლონ?
- საკუთარი ძალების უნდა ვირწმუნოთ, ბურთი ვაკონტროლოთ და რაც შეიძლება მეტი შევუტიოთ. როგორც კი ბურთს მოვიხელთებთ, მაქსიმალურად სწრაფი შეტევა უნდა წამოვიწყოთ. ბოლო გადაცემა, ან დარტყმა, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რადგან აუცილებელია საგოლე სიტუაციების მაქსიმალური გამოყენება.
- როგორ უნდა შეაჩეროთ ზლატან იბრაჰიმოვიჩი?
- ის მსოფლიო კლასის მოთამაშეა და თუ ვერ შევაჩერეთ, გოლს აუცილებლად გაგვიტანს. მას შანსი არ უნდა მივცეთ, თორემ ამას აუცილებლად გამოიყენებს. შვედეთის ნაკრების თამაში კარგად შევისწავლეთ და საფრთხე მხოლოდ იბრაჰიმოვიჩიდან არ მოდის.
- მომავალი თამაშის წინ სტანდარტულ მდგომარეობებს რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ?
- თამაშის ეს ასპექტი თანამდროვე ფეხბურთში უმნიშვნელოვანესია. შვედებს მრავლად ჰყავთ ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც მსგავსი სიტუაციების გამოყენება ეხერხებათ, მაგრამ ჩვენს შემადგენლობაშიც არიან სტანდარტული სიტუაციების სპეციალისტები. ფრანგებთან მატჩში სახიფათო იყო კუთხურები და ჯარიმები, ასევე იქნება შვედებთანაც.
- უკრაინა-შვედეთის მატჩის შედეგმა გაგაოცათ?
- საინტერესო თამაში იყო. შვედებმა კარგად ითამაშეს. ეს გუნდი მუდამ კარგად გამოდის საერთაშორისო დონეზე. მიუხედავად მარცხისა, შვედეთის ნაკრები ყველა რგოლში დაბალანსირებული გუნდია, თავგანწირვით თამაშობს და არასოდეს ნებდება. მათ ჰყავთ იბრაჰიმოვიჩი, რომელსაც მარტოს შეუძლია თამაშის ბედის გადაწყვეტა.
მოამზადა ზურა ქსოვრელმა