"ლივერპული" მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა, ამერიკის შეერთებულ შტატებში დამთავრებული საერთაშორისო ჩემპიონის თასის ფინალში, "მანჩესტერ იუნაიტედთან" წაგებული შეხვედრის შემდეგ (1:3), ბრაზილიელ კოუტინიოზე ისაუბრა.
როჯერსი იმედოვნებს, რომ კლუბის ხელმძღვანელობა 22 წლის შემტევ ნახევარმცველს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს. კოუტინიოს "მერსისაიდელებთან" კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ბრაზილიელ ფეხბურთელს წელიწადში ხელფასის სახით 1.5 მილიონი გირვანქა აქვს და ანაზღაურების გაზრდას ითხოვს.
"ჯერ არ ვიცი რა მოხდება. კლუბის ხელმძღვანელობასთან კოუტინიოს შესახებ არ მისაუბრია. დარწმუნებული ვარ ყველაფერი კლუბის სასიკეთოდ გადაწყდება" - განაცხადა როჯერსმა.
ფილიპე კოუტინიო ლივერპულელებს 2013 წლის 30 იანვარს, მილანის "ინტერიდან" შეუერთდა. სეზონნახევრის განმავლობაში ბრაზილიელმა ფეხბურთელმა 50 შეხვედრა ჩაატარა და 8 გოლთან ერთად 15 საგოლე გადაცემაც შეასრულა.
გიორგი ბალახაძე