სანამ ამ სვეტის წერას დავიწყებდი, რაღა დაგიმალოთ და, ძალიან ბევრი ვიფიქრე. ქართველები ცოტა ზედმეტად პოლიტიზებული ხალხი ვართ და ნამდვილად არ მინდოდა, რომ ჩემი სიტყვებისათვის პოლიტიკური სარჩული გამოეკერებინათ, მაგრამ, როდესაც შენი ქვეყნის საფეხბურთო ნაკრების კაპიტანი გუნდიდან მიდის, შეუძლებელია ეს ამბავი ისე გაატარო, თითქოსდა საერთოდ არაფერი მომხდარიყოს.
კახი კალაძე საქართველოს ეროვნული ნაკრებიდან წავიდა! მან ეს განცხადება ერთ-ერთი საზოგადოებრივი ორგანიზაციის დაფუძნებასთან დაკავშირებულ თავყრილობაზე გააკეთა. კახამ თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ პირადად მან მიიღო. ჰქონდა თუ არა კახა კალაძეს ამ ნაბიჯის გადადგმის უფლება?! რასაკვირველია ჰქონდა! მეტსაც ვიტყვი, არავის საქმე არაა, ადამიანი რომელ პარტიას დაუჭერს მხარს და რომელს არა და ვისაც კალაძეზე უკეთესი ჰგონია თავი, ჩვენი ნაკრებისათვის იმის ნახევარი მაინც გააკეთოს, რაც ამ კაცს გაუკეთებია. უნდა გადავუხადოთ თუ არა კალაძეს მადლობა იმისათვის, რაც მან ჩვენს ნაკრებში გააკეთა?! მადლობაც უნდა გადავუხადოთ და თბილი სიტყვებიც არ უნდა დავიშუროთ, რადგან კახა კალაძე რიგითი ფეხბურთელი არასოდეს ყოფილა და ასეთი ტიტულოვანი ფეხბურთელი მომავალში როდის გვეყოლება ღმერთმა უწყის...
მაგრამ, ამ ყველაფრის მიუხედავად, მე მაინც არ მესმის იმ ადამიანების, რომლებიც კახა კალაძის ნაკრებიდან წასვლის შესახებ გაკეთებულ განცხადებას მაინცა და მაინც პოლიტიკური მოტივებთ ხსნიან. (თუმცა არც უმაგისობა იყო) ფაქტი კი ისაა, რომ არც ერთ ნორმალურ ქართველს არ გახარებია ის, რომ ნაკრების კაპიტანი, ჯერ ისევ მოქმედი ფეხბურთელი ნაკრებიდან წავიდა.
ჩვენ გვესმის, რომ კახა კალაძის ზემოთხსენებული განცხადება ქვეტექსტებით მაინც პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა და მიუხედავად იმისა, რომ ეს კახას თავად არ უთქვამს, მისი ნაკრებიდან წასვლა ალბათ მაინც ერთგვარ საპროტესტო ნაბიჯად შეგვიძლია ჩავთვალოთ. ისიც მესმის, რომ კალაძის მომავალი თანაპარტიელები და პოლიტიკური თანამოაზრეები გახარებულნი არიან მათ გუნდს “მილანის“ ყოფილი ფეხბურთელისთანა ცნობილი და პოპულარული ადამიანი რომ შეუერთდა, მაგრამ ეს ადამიანები ამ ქვეყნის მოქალაქეები ხომ არიან? ეს ნაკრები მათიც ხომ არის? კაპიტანი ნაკრებიდან მიდის და ეს უკვე გულსატკენი ფაქტია.
არ ვიცი, რას ფიქრობენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში, მაგრამ ქართველი გულშემატკივარი ნამდვილად მიიიჩნევს, რომ თემურ ქეცბაიასი და მისი მეგობრების მონდომების მიუხედავად, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები კვლავ მძიმე დღეშია და კაპიტნის დაკარგვა არც ერთ გუნდს და მათ შორის, სამწუხაროდ, არც ჩვენ ნაკრებს წაადგება სასიკეთოდ. ხალხმა ისიც იცის, რომ საქართველოს ნაკრები 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ურთულეს ჯგუფში მოხვდა და ჯგუფიდან გასვლის შანსი მიზერულია. აქედან გამომდინარე, ფრიად ლოგიკურია ნაკრების მწვრთნელის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ნაკრები უნდა გადახალისდეს და ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გამოიცადოს. მწვრთნელის ეს განცხადება როგორც გახსოვთ, ზოგიერთმა ვეტერანმა ფეხბურთელმა ასაკოვანი ფეხბურთელების გუნდიდან გაშვებად ჩათვალა და ამ ამბავს ქეცბაიას მხრიდან შემდგომი განმარტებები დასჭირდა. დავდიოდი ქალაქში და მიკვირდა, როდესაც ვხვდებოდი ხალხს – რიგით გულშემატკივრებს, რომლებიც (მიუხედავად იმისა, რომ ქეცბაიას კონკრეტული გვარები არ დაუსახელებია) ეთანხმებოდნენ ნაკრებიდან ვეტერანი ფეხბურთელების დათხოვნის მოსაზრებას. მიკვირდა იმიტომ, რომ როდესაც ამ ხალხს ვეკითხებოდი, კონკრეტულად რომელი ფეხბურთელების გაშვება სურდათ, როგორც წესი, იბნეოდნენ და ამ გვარების ჩამოთვლა უჭირდათ. იაშვილი? კობიაშვილი? კალაძე? თუ ხიზანიშვილი?... რომელი ვეტერანი ფეხბურთელი უნდა გაუშვა ნაკრებიდან იმ იმედით, რომ მათ შემცვლელებს ადვილად იპოვნი?! მე თქვენ გეტყვით და, კონკურენციის მხრივ ბრაზილია ვართ, სადაც ერთ პოზიციაზე 20 და 30 პრეტენდენტი ჭამს ერთმანეთს. ძალიან ადვილია სიტყვების ბრახა-ბრუხი, როდესაც გამოსავალზე ფიქრით თავის ატკიება არ გსურს. ისიც ადვილია, ნაკრებში ბურთის გორებაში შეჭაღარავებულ ფეხბურთელებს უგულოები უწოდო. სამწუხაროა, რომ საქართველოში ასეთი რაღაცეები უკვე ერთგვარ წესად ჩამოყალიბდა.
მოვიდეს კახი კალაძე ქართულ პოლიტიკაში. ეს მისი საქმეა. მაგრამ, ჩვენთვის ეს კაცი პოლიტიკოსზე მეტად, უპირველეს ყოვლისა, ჩემპიონთა ლიგის ორი თასის მფლობელი, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონი და ყველაზე საამაყო ჩვენებური ფეხბურთელი იქნება და ალბათ, ასე დარჩება სამუდამოდ!
ლევან სეფისკვერაძე