ფეხბურთი არ არის მარტო ახლანდელობა - ისტორიაცაა. თავის მხრივ, ისტორია არ არის მხოლოდ ფაქტები. ისტორია ფაქტებზე მეტად მეხსიერებაა. რატომ უჭირთ ქართულ ნაკრებსა და კლუბებს? ზოგადად რატომ გვიჭირს? იმიტომ, რომ წარსული დავივიწყეთ ან უკეთეს შემთხვევაში - დავივიწყეთ ნაწილობრივ.
უნდა იარო იქით, საითაც უკეთესი ხარ. კარგ მთქმელს კარგი გამგები უნდა და წარსულისკენ სიარული, იმერეთში რომ ვიტყვით, „მამიჩვენის მამასთან“ სიარულს სულაც არ ნიშნავს - უბრალოდ, წარსულიდან უნდა აიღო ის, რაც კარგი გაქვს და შეაგებო მომავალს.
სათქმელად იოლია? მეც ვიცი, მაგრამ სხვაგვარად არ გამოდის - ჯერ ნანახი ან გაგონილია საჭირო, მერე მიზანი და სულ (მაშინაც, ახლაც, მერეც) - საქმე, ცდა, ოფლი...
სულ მაინტერესებს ხოლმე გამორჩეული ხალხი. ადამიანებიც და მასაც - ჯგუფი, პოპულაცია, ერი. ახლა მთელი საფეხბურთო სამყარო „კატალუნიურ სასწაულზე“ საუბრობს და მით უმეტეს, აქტუალურია ეს ინტერესი - კი, ერევა „ბარსელონას“ „უცხო სუნელებიც“, მაგრამ როგორც გინდა სხვაგვარად ამტკიცო, მეჯლისიც „ბარსელონას“ აკადემიაში გაზრდილებს მიჰყავთ და „პარადსაც“ ძირძველი ბარსელონელი იბარებს.
ჰოდა, სწორედ ასეთი მაგალითები ამტკიცებს, რომ გლობალიზაციის მამის, ფულის გამო დაქოქილი თეორიები, აქაოდა, ყველა ერთნაირები ვართო, ფარსი და ტყუილია. არსებობს გენი, ჯიში, ისტორია, რომელსაც ვერ გააერთფეროვნებ.
იცით, საკითხის არსი სად იძებნება? აი, იქ, სადაც როი კინმა არსენალელებს დასცინა - ექვსი ფეხბურთელი ხელთათმანებით თამაშობდაო. კინი კაცია. ისეთი კაცი, ვისაც გულის ფიცარზე აწერია რაღაცეები - კანტონა იყო ეგეთი, თავად გვარდიოლაც, მინდია მოსაშვილის წიგნში რამაზ შენგელიას მონაყოლიდან გამომდინარე, მანუჩარიც...
კიდევ ბევრის დასახელება შეიძლება, მაგრამ სხვებს არ ვეხები და ჩამონათვალში დენის უაიზი მოვიტოვე - „ჩელსის“ პატარა დიდი კაცი, „ოქროს ბურთითა“ და კიდევ ვინ იცის, რა ტიტულებით დახუნძლული ანდრეი შევჩენკო პირველივე ვარჯიშზე რომ აიძულა ემღერა...
დადგა შევჩენკო და იმღერა ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი. დაუცინიათ სტემფორდბრიჯელ ბიჭებს მაგრად - ეტყობა, ყურზე სპილოს ან ოლეგ ლუჟნის დაებიჯებინათ მანამდე. მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარი ტრადიციაა, პრინციპები და ნაწილი-მთელის ფილოსოფია ანუ საქართველოში რომ ვიტყვით, სადაც მიდიხარ, იქაური ქუდი რომ გხურავს.
ამის გაგება ყველას არ შეუძლია. დიდი ფეხბურთელია ზლატანი და დიდ კლუბებშიც ითამაშა, მაგრამ ვერც ნაკრებში, ვერც სხვაგან ბოლომდე „ვერ გაიხსნა“. საუბარი არაა გოლებზე, პასებზე და მასშტაბზე. საუბარი უფრო იმაზეა, რამდენად ორგანულ ნაწილად იქეცი დროისა და სივრცის იმ მონაკვეთისა, სადაც კონკრეტულ მომენტში ხარ. „მესი, ჩავი და ინიესტა გასახდელში ჩუმად სხედან და „ფილოსოფოს“ გვარდიოლას უსმენენო“, - ეს არ არის ვარსკვლავური ფრაზა, უფრო ყვინჩილას წამონასროლია. არადა, ფეხბურთში ისტორიას სწორედაც რომ იბრაჰიმოვიჩისთანა უცერემონიო მეამბოხეები უნდა ქმნიდნენ. ვერ გაიგო იმ სიჩუმის მიზეზი, ვერც გვარდიოლას (შესაბამისად, „ბარსას“) ფილოსოფიაც და მოუწია კატალუნიიდან წასვლა.
არ დაკარგულა. არც დაიკარგებოდა (დიდი ფეხბურთელია) და კლუბიც არანაკლები სიდიდისა მოძებნა, მაგრამ „ბარსელონას“ სათანადოდ „ვერ დააჩნდა“ - ეჭვი მაქვს, დენის უაიზსაც გალახავდა - რომ შეხვედროდნენ და იმას - იმღერეო, დაეძალებინა.
ჩვენც ჩვენებურად გამორჩეული ისტორია გვაქვს. საფეხბურთო ისტორია... ახლა კი ძალიან ბევრი რამ უფერულდება, მაგრამ ფაქტსა და ლოგიკას ვერსად გაექცევი - ბილბაოს „ატლეტიკისა“ არ იყოს, საქართველოს მთავარ კლუბში მხოლოდ ადგილობრივი ფეხბურთელები თამაშობდნენ - ქართველები, ოსები, აფხაზები...
ეს პრინციპი იყო და ახლა მიდგომა სხვაგვარი გახდა. ახლა წაგვადგესო და გერმანელი მეკარეებიდან დაწყებული, აფრიკელი ახალგაზრდებით დამთავრებული, ყველას რეზინის კალოშივით ვიზომებთ, მაგრამ...
დავფიქრდეთ: განა საკმარისია და გამოდგება კი ერთადერთ საზომად საფეხბურთო ოსტატობა და ისიც მხოლოდ პროზაულად საშუალო? მენტალიტეტს რას ვუშვრებით? არ არის ისე, როგორც მარადონას შემთხვევაში - მინდორზე ეჯადოქრა და მინდორს მიღმა თუნდაც ყირაზე გადასულიყო - მენტალიტეტში სხვაობა ყოველთვის ცუდი დასასრულის წინაპირობაა და ქართულ ფეხბურთში მომხდარმა ფაქტებმა ეს არაერთხელ დაამტკიცა.
ტყუილად არავინ არაფერს აკეთებს და ბუნებრივია, არც მე ვწერ ბავშვთა ფეხბურთზე ტყუილად თითქმის ყოველ წერილში. ბოლო 25 წლის განმავლობაში მომხდარი უბედურებების გამო, აზროვნებაში რაღაც დაირღვა და ქართულ ფეხბურთში მოვიდა თაობა ფეხბურთელებისა, რომელთაც არა აქვთ არა მხოლოდ გამარჯვებულის, არამედ დამარცხებულის ფსიქოლოგიაც კი... მათთვის ყველაფერი (მათ შორის, მოგებაც და წაგებაც) სულერთია და ეს არის ყველაზე ცუდი, რაც კი შეიძლება ფეხბურთელს ახასიათებდეს.
ასეთი მიდგომისა და შინაგანი კოდექსის მერე, რომელ მოტივაციაზე ან პროფესიონალიზმზეა საუბარი, რა შედეგი უნდა მიიღოს კლუბმა ან ნაკრებმა, როცა თავად ფეხბურთელის წარმოდგენაში ნაკრებიც და ესა თუ ის კლუბიც მისი კი არა, სიჭინავასი, ქეცბაიასი, ფიფიასი ან „ვისოლისაა“...
ასე გვერდიდან ყურებით კი საქმე არასოდეს გამოვა. სანამ ნაკრებს, კლუბსა და საკეთებელს არ გაითავისებ, ვერც ფეხბურთელად ივარგებ, ვერც მწვრთნელად და ვერც შედეგს „დადებ“.
ფულის იდეოლოგიამ გადაფარა სხვა ყველაფერი - პროფესიონალიზმიცა და მორალური კოდექსიც. ქართული საფეხბურთო აზროვნება როგორღაც გაიყინა იმ პოზიციაზე, როცა „რაღაც“ თითქოს ყველასია, მაგრამ ამ დროს არავისიცაა და შესაბამისად, მიმხედავი არა ჰყავს.
მიჩვეულს ძნელად გადააჩვევ, მით უმეტეს, ფეხბურთში, ისევე, როგორც ქვეყანაში შერჩევითი სამართალია. საფეხბურთო სკოლებში უნდა მიეხედოს მენტალიტეტს, რათა ვარჯიშში, თამაშში, ზოგადად ფეხბურთში, გული ჩაიდოს და არა მხოლოდ ფული...
კონსტანტინე გოგიშვილი