თამაშგარე

19:33 | 16.04.2011 | ნანახია [] - ჯერ

როცა ფეხბურთელს კომპასი სჭირდება

“მსოფლიო სპორტი” გთავაზობთ საინტერესო ამბებს საფეხბურთო ისტორიიდან, ასეთებს კი, აბა, რა დალევდა, ან რა დალევს... ზოგი უსიამოვნოა, ზოგიც სასიამოვნო, ახლა კი, “ტკბილი მოგონებები”.    

1.    ცნობილი ესპანელი მომღერალი, ამჟამად 67 წლის ხულიო იგლესიასი მეკარე გახლდათ და კარიერას მადრიდის “რეალში” იწყებდა, თუმცა 20 წლის ასაკში თავი დაანება ფეხბურთს. საქმე ისაა, რომ იგლესიასი ავტოკატასტროფაში მოჰყვა და სამი წელი (!) იწვა საავადმყოფოში. პარალიზებული გახლდათ და მხოლოდ ხელებს ამუშავებდა თავისუფლად. ხულიომ გიტარაზე დაკვრა ისწავლა და ასე აიწყო წარმატებული კარიერა...
2.    ბრაზილიაში ასეთი რამ მოხდა: ერთ-ერთი მატჩის დროს, პარაშუტისტთა ჯგუფი ქარმა სტადიონზე ჩამოსვა. ერთ-ერთი პარაშუტისტი მეკარის ბაქანთან იმ დროს დაეცა, როცა ის ბურთს იღებდა. გოლკიპერს ხელი შეეშალა და გოლი გაუშვა. პროტესტის მიუხედავად, მსაჯმა გოლი ჩათვალა.
3.    ფეხბურთი ოფიციალურად აკრძალულია ხუთ ქვეყანაში (მათ შორის, ავღანეთი და კამპუჩია) და კიდევ, აშშ-ში - იუტას შტატში მხოლოდ იმ შემთხვევაში აძლევენ თამაშის ნებას, თუ სტადიონი ეკლესიიდან 1,5 მილით მაინც არის დაშორებული. ბეისბოლის, გოლფის და ამერიკული ფეხბურთის მოთამაშეებისთვის ასეთი პირობები არ წამოუყენებიათ, თუმცა შეზღუდვა აქაცაა – მათი სარბიელების ეკლესიიდან დაშორება 0,5 მილი მაინც უნდა იყოს.
4.    1969 წლის სამ ნოემბერს, ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე უხეში მატჩი გაიმართა – თუმცა, დაუმთავრებელი მატჩი. სამოყვარულო ლიგაში “ტონჰემსი” “ჰაულის” ხვდებოდა და მსაჯმა 22-ივე ფეხბურთელი გააძევა, ხოლო ერთ-ერთი მათგანი და პლუს, გვერდითი მსაჯიც, ჰოსპიტალში წასაყვანები გახდნენ.
5.    ბრიტანეთში ნისლი ჩვეულებრივი ამბავია. შოტლანდიაში მიმდინარე ერთ-ერთ შეხვედრაში ნისლი იმდენად ჩამოწვა, რომ თითქმის აღარაფერი ჩანდა. ერთ მომენტში, მსაჯს მოეჩვეანა, რომ მინდორზე ძალიან ბევრი ფეხბურთელი იყო, ჰოდა, სათადარიგოთა სკამთან ახლოს რომ მივიდა, დაინახა, რომ იქ არავინ იჯდა. მსაჯმა თამაში შეაჩერა – მართლაც, 30 ფეხბურთელი თამაშობდა.
6.    ბრაზილიაში იყო გუნდი “კაკოვა”, რომელსაც ქვედა ლიგაში კარგი შედეგი ჰქონდა, ერთი ლიგით აინაცვლა და იქაც ლიდერობდა, მაგრამ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა კლუბი დაშალა. საქმე ისაა, რომ “კაკოვას” ფეხბურთელების უმრავლესობა პოლიციელი იყო და მათი მატჩებისას, სტადიონი თითქმის გადავსებული იყო პოლიციის ფორმიანი ხალხით. სტადიონზე სანიმუშო წესრიგი იყო ხოლმე, თუმცა ამ დროს ქალაქში ვაკჰანალია იწყებოდა და ორ საათში იმდენი დანაშაული ხდებოდა, თვლა არ იყო...
7.    ბრაზილიელი მცველი პინეირო ავტოგოლების რეკორდსმენი გახლდათ. მხოლოდ ერთ სეზონში 10 გოლი შეაგდო საკუთარ კარში, რის შემდეგაც თავდამსხმაში გადაიყვანეს, მაგრამ არც იქ დაივიწყა “ხელობა” და საკუთარი კარის აღება “მოახერხა”. პინეირო 25 წლის რომ გახდა, თანაგუნდელებმა კომპასი უყიდეს, რომელზეც წარწერა იყო ამოტვიფრული: “გახსოვდეს, მეტოქის კარი მოპირდაპირე მხარესაა”.
8.    2005 წელს, ინგლისის თასის ფინალში “ლივერპული” “ჩელსის” ხვდებოდა და ამ მატჩში დაფიქსირდა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი ხმაური. ლივერპულელმა იონ-არნე რიისემ გოლი რომ შეაგდო, ფანების გვრგვინვის სიმძლავრემ 130,7 დეციბელი შეადგინა.
9.    ორჯერ მოხდა შემთხვევა, როცა მსაჯმა საკუთარი თავი გააძევა. ორივეჯერ ინგლისში – ენდი უეინმა “გაიწითლა” თავი, რომ უხეშ მატჩში კონფლიქტს მორიდებოდა, ხოლო მელვინ სილვესტრი ერთ-ერთ ფეხბურთელს წაეკინკლავა, ჯერ ის გააძევა, მერე კი თავის თავს აჩვენა წითელი ბარათი.
10.    იტალიელმა მეკარე ჯოვანი გროსომ, თამაშისას მსაჯს ხელითაც ანიშნა და სიტყვიერადაც ურჩია, სათვალეები გაეკეთებინა, რის გამოც წითელი ბარათი მიიღო. ინციდენტის გარჩევისას გაირკვა, რომ გროსო ოპტიკური მაღაზიის მფლობელი ყოფილა და მსაჯისადმი ქცევა არა შეურაცხყოფად, არამედ სასარგებლო რჩევად ჩაუთვალეს. ყველაფერი იმით დასრულდა, რომ გროსოს აპატიეს, ხოლო მსაჯმა მის მაღაზიაში მართლაც იყიდა სათვალე.
11.    1939 წელს, ვენის “რაპიდი” გერმანიის თასის ფინალში ფრანკფურტის “აინტრახტს” ხვდებოდა. ეს ის პერიოდია, როცა ავსტრია ანექსირებული იყო გერმანიის მიერ. “რაპიდმა” ბოლო თხუთმეტ წუთში სამი გოლი გაიტანა და მას შემდეგ, კლუბის ფანებს ტრადიციული და აუცილებელი რიტუალი აქვთ – ბოლო თხუთმეტ წუთს ფეხზე მდგომნი რიტმულად მღერიან და ტექსტში 1939 წლის მატჩის გოლის ავტორთა სახელებს “აქსოვენ”.             

ილია ნანობაშვილი
 

0.132418