“ფრაიბურგში” გატარებული ოთხი წლის შემდეგ, რობინ დუტმა გერმანელი მწვრთნელების ახალი ტალღის ნიჭიერი წარმომადგენლის რეპუტაცია შეიქმნა. მიმდინარე სეზონის წინ, მან ლევერკუზენის “ბაიერის” თავკაცის პოსტზე მიუნხენის “ბაიერნში” წასული იუპ ჰაინკესი შეცვალა და ჩემპიონთა ლიგაში დებიუტიც ჰქონდა. ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, დუტის გაწვრთნილმა ლევერკუზენელებმა ლონდონში “ჩელსისთან” 0:2 წააგეს. 46 წლის სპეციალისტმა, რომელსაც დედა გერმანელი ჰყავს, ხოლო მამა ინდოელი, ჩემპიონთა ლიგის ოფიციალურ ჟურნალს Champions-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა.
- არსებობს მოსაზრება, რომ მაღალ დონეზე თამაშის გამოცდილების გარეშე, მაღალი დონის მწვრთნელად ჩამოყალიბება ძნელია. თუმცა, თავის მხრივ, თქვენ მხოლოდ მოყვარულთა ტურნირებში თამაშობდით...
- ძველად დამკვიდრებული აზრი, რომ ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი წარმატებული მწვრთნელი ხდება, უკვე აღარ მუშაობს. ჩვენს დროში მწვრთნელს ბევრი სფეროს საფუძვლიანი ცოდნა ჭირდება – სპორტული მეცნიერება, ფსიქოლოგია და მოტივირება. როდესაც პროფესიონალი ფეხბურთელი ხარ, ამ სფეროებში სპეციალისტი ვერ გახდები, რადგან მთელ დროს ვარჯიშსა და საშეჯიბრო გარემოში ატარებ. ასეთ ვითარებაში სწავლა არავის შეუძლია. თუმცა, ყოველთვის არსებობენ ადამიანები, რომელთაც დაბადებიდან ნიჭი დაჰყვათ და ისინი ხშირად საპირისპიროს ამტკიცებენ.
- “ფრაიბურგიდან” ჩემპიონთა ლიგაში მოასპარეზე “ბაიერში” გადასვლა წინ გადადგმულ ნაბიჯად ითვლება. ასე არ არის?
- მე ამას სხვაგვარად ვუყურებ. ვფიქრობ, ყოველი კლუბის შეცვლის დროს წინსვლა მქონდა. არ ვთვლი, რომ უმაღლესი დივიზიონის ერთი კლუბიდან მეორეში გადასვლა რაიმე განსაკუთრებული მოვლენაა. ცხრა წლის წინ უფრო მნიშვნელოვანი “გარღვევა” მქონდა, როდესაც “შტუტგარტ კიკერსის” სამოყვარულო გუნდის მთავარი მწვრთნელობიდან პირველი გუნდის თავკაცად დავწინაურდი.
- ამის მიუხედავად, “ბაიერში” უფრო მეტ ყურადღებას იპყრობთ, ვიდრე “ფრაიბურგში”. ასე არ არის?
- ვიტყვი, რომ პირიქითაა. “ბაიერში” სპორტულ დირექტორად რუდი ფიოლერი მუშაობს – გერმანული ფეხბურთის დიდი მოღვაწე. აი, მას მართლაც დიდ ყურადღებას უთმობენ. “ფრაიბურგში” ყველას მზერა მწვრთნელისკენ იყო მიმართული, ხოლო აქ მთლიანად შემიძლია კონცენტრაცია ჩემს სამუშაოზე მოვახდინო. თუმცა, ფრაიბურგულ კარიერასთან შედარებით ერთი ნიუანსი აშკარად განსხვავებულია. “ბაიერში” ისე ხშირად წაგების უფლება არ გაქვს, როგორც “ფრაიბურგში”.
- ჩემპიონთა ლიგაში რა ამოცანებს ისახავთ?
- ჩვენ არ ვაპირებთ წინამორბედების განვლილი გზის ზუსტად განმეორებას. დიდი იმედი მაქვს, რომ საერთაშორისო არენაზე თავს კარგად წარმოვაჩენთ და ჩვენი საფეხბურთო ბრენდის დემონსტრირებას შევძლებთ.
- “ფრაიბურგში” დანერგეთ საწვრთნელი რეჟიმი, რომელიც Life Kinetik-ის სახელით იყო ცნობილი, რაც “ჰორიზონტების გაფართოებას” ნიშნავს. “ბაიერში” იგივეს გააკეთებთ?
- ეს თემა ყოველთვის მაღელვებდა. ერთხელ დავესწარი ლექციას, სადაც საუბრობდნენ, რომ თავის ტვინის მხოლოდ 10 პროცენტს ვიყენებთ. უბრალოდ, ყოველდღიურ ცხოვრებაში მეტი საჭირო არ არის. Life Kinetik ნიშნავს ტვინის სხვადასხვა სფეროების მუშაობის გაერთიანებას. ამით გვსურს იმას მივაღწიოთ, რომ მოთამაშეებმა აღიქვან და გადაამუშაონ დავალებათა მთელი კომპლექსი და მოედანზე გადაწყვეტილებები სწრაფად მიიღონ. საწვრთნელი პროცესის ფარგლებში ამ სისტემით “ბაიერშიც” დავკავდები.
- მიხაელ ბალაკი კვლავ “ბაიერშია”, სადაც სახელი გაითქვა. გერმანიაში ბევრს საუბრობენ, რომ ის კარიერის დასრულებასთან ახლოს არის. მას სხვაგვარად ეპყრობით, ვიდრე დანარჩენ მოთამაშეებს?
- ყოველთვის გასათვალისწინებელია თითოეული ადამიანის განსაკუთრებული თვისებები და როგორ მისდის მას საქმე არა მხოლოდ ფეხბურთში, არამედ ცხოვრების სხვა სფეროებში. ახლა მიხაელ ბალაკი ყოველდღე ყურადღების ცენტრშია – ჟურნალისტები და ოპერატორები თან დასდევენ. ჩვენ კი ვცდილობთ, რომ ისინი ყოველგვარი საეჭვო ისტორიებით და ტყუილებით არ ვკვებოთ. ბალაკთან პირისპირ საუბრისას, მას იმ თემებზე ველაპარაკები, რომელზეც ვარჯიშების დროს ყურადღებას ნებისმიერ ფეხბურთელს გავამახვილებინებდი, მათ შორის ახალგაზრდასაც.
- ახალგაზრდობაში თქვენი საფეხბურთო კერპი ვინ იყო და რომელ გუნდს გულშემატკივრობდით?
- ამას ჩემთვის შევინახავ.
- იმიტომ ხომ არა, რომ თემებზე, რომელსაც ფეხბურთთან პირდაპირი შეხება არ აქვს, ძალიან ბევრს საუბრობენ, რაც არაერთხელ აღგინიშნავთ?
- ზოგიერთ ადამიანს უფრო მეტად აინტერესებს, რომელ პურის მაღაზიაში დადის ჩემი ცოლი, ვიდრე ბოლო მატჩის შედეგი. ამაში ვერავითარ აზრს ვერ ვხედავ.
- და მაინც, რატომ არ გსურთ თქვენი საფეხბურთო კერპების დასახელება?
- არ ვფიქრობ, რომ ადამიანები მუდმივად ისტორიების მოყოლით უნდა გავართო. ეს ჩემი პირადი განცდები იყო. მწვრთნელი პატივისცემას საკუთარი სამუშაოს შესრულებით იხვეჭს და არა ტყუილუბრალო ლაყბობით.
- რომელი ევროპული გუნდები გაოცებენ?
- ყოველთვის არსებობენ ისეთები, რომლებიც მცირე რესურსებით მაქსიმუმზე მეტის გაკეთებას ახერხებენ. მაგალითად, “შალკე”, რომელიც გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა.
- თქვენი აზრით, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ფავორიტი ვინ არის?
- “ბარსელონას” ადრინდელივით ტოლსწორი არ ჰყავს.
- ყველაზე წინ რომელ ცხოვრებისეულ პრინციპებს აყენებთ?
- პატივისცემა და დისციპლინა. თუ ფეხბურთელმა ამის ფასი იცის, ჩემთან მუშაობის დროს მას ყველაფერი კარგად ექნება.
მოამზადა ლაშა თაბაგარმა