გასულ ზაფხულს ირლანდიის ეროვნული ნაკრების ფორვარდ რობი კინისთვის ახალი ერა დაიწყო. პროფესიონალურ დონეზე ევროპულ ფეხბურთში გატარებული 14 წლის შემდეგ, მან ამერიკის შეერთებულ შტატებს მიაშურა, სადაც დევიდ ბექჰემის გვერდით “ლოს ანჯელეს გელექსიში” თამაში უწევს. 31 წლის ირლანდიელს ბომბარდირული თვისებები არც ოკეანისგაღმა დაუკარგავს და ახალ გუნდში ჩატარებულ ექვს შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა. ამჟამად, კინი საკლუბო საქმეებიდან სანაკრებოზეა გადართული და ევრო-2012-ის შესარჩევ ციკლში 7 ოქტომბერს სტუმრად ანდორასთან, ხოლო 11 ოქტომბერს შინ სომხეთთან ჩასატარებელი მატჩებისთვის ემზადება.
- ის ფაქტი, რომ ჯგუფში ძალების საბოლოო განაწილება მხოლოდ თქვენ გუნდზე არაა დამოკიდებული, ხომ არ გაიძულებთ კონკურენტების მიერ ჩატარებულ მატჩებს მეტი ყურადღება დაუთმოთ?
- არა, მე მთლიანად ანდორასთან და სომხეთთან ჩასატარებელ მატჩებზე ვარ კონცენტრირებული. ჩვენ ვაპირებთ ისინი დავამარცხოთ და ევროპის ჩემპიონატზე გავიდეთ.
- უკვე 31 წლის ხართ. ამ ასაკში ბევრი ამჯობინებს, ძალები ნაკრებში გამოსვლაზე არ დახარჯოს და მხოლოდ კლუბში ასპარეზობაზე იყოს კონცენტრირებული...
- მეამაყება, რომ ირლანდიელად დავიბადე და ნაკრებში თამაშით ყოველთვის ბედნიერი ვარ. ამიტომ, ვიდრე თავს კარგად ვგრძნობ და ფორმაში ვარ, ასაკის მიუხედავად ეროვნულ გუნდში სათამაშოდ ყოველთვის ჩამოვალ.
- “ლოს ანჯელეს გელექსიში” გადასვლა როდესაც დააპირეთ ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს მოეთათბირეთ? რაც არ უნდა იყოს, MLS ლიგაში თამაშით ევროპის თვალთახედვის არეში არ იქნებით...
- ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, რომ უბრალოდ ჯოვანი ტრაპატონისთან საუბრის დრო არ მქონდა. თუმცა, საკმაოდ ასაკოვანი და გაბედული ვარ, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები თავად მივიღო.
- ე.ი. ადრე სხვის რჩევებს ყურადღებას უფრო მეტად უგდებდით?
- არა. როდესაც კლუბებს ვიცვლიდი მწვრთნელებს არასოდეს ვეთათბირებოდი. გადაწყვეტილებას ყოველთვის თავად ვიღებდი. ამჯერადაც ასე იყო.
- ახალ კლუბში ჩატარებული პირველი მატჩების მერე MLS ლიგამ თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა?
- არცთუ იოლი ტურნირია. არასწორია ფიქრი, რომ იქ მოყვარულები თამაშობენ. ყველა მოთამაშე კარგად არის მომზადებული, რის გამოც ჩემპიონატი საკმაოდ რთულია და თანაბარი ძალის გუნდები გამოდიან.
- ამის მიუხედავად, ყველა მატჩში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეთ, “ლოს ანჯელეს გელექსიმ” გაიმარჯვა...
- თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენთვის თამაში იოლი იყო. დაძაბული მატჩები იყო, რომლებშიც მეტოქეები ერთი ან ორი ბურთის სხვაობით დავამარცხეთ. ცალკარა ნამდვილად არ გვითამაშია.
- გუნდი რა მიზანს ისახავს?
- ყველაზე მაღალ მიზანს. ჩვენთან საუცხოო ფეხბურთელები არიან შეკრებილნი, რომლებიც ძალიან მონდომებულნი არიან.
- ამბობენ, რომ დევიდ ბექჰემმა შესაძლოა ლოს ანჯელესი პარიზზე გაცვალოს...
- ცხადია, “გელექსისათვის” უკეთესი იქნება, რომ ის დარჩეს. გუნდში დიდი ხანია აღარ ვარ, მაგრამ უკვე ვიგრძენი კლუბის ცხოვრებაში დევიდი რამდენად დიდ როლს თამაშობს.
- მას შესაძლო წასვლის თაობაზე უკვე ელაპარაკეთ?
- არა, ამის შესახებ დევიდი კლუბის ხელმძღვანელობას უნდა ელაპარაკოს. დარწმუნებული ვარ, რომ კლუბი მის დასარჩენად ძალისხმევას არ დაიშურებს. ბუნებრივია, ასეთი საუცხოო ფეხბურთელის გვერდით თამაში მსიამოვნებს და გულწრფელად მსურს, რომ მან ლოს ანჯელესი არ დატოვოს.
მოამზადა ლაშა თაბაგარმა