ფლორენციის “ფიორენტინას”, რომის “ლაციოს”, მილანის “ინტერის” და “მანჩესტერ სიტის” ყოფილ მწვრთნელს რობერტო მანჩინის Corriere dello Sport-ის კორესპონდენტი დაუკავშირდა და საკმაოდ ვრცელი ინტერვიუც ჩამოართვა. ჟურნალისტთან საუბრისას მანჩინი “სიტის” ხელმძღვანელების მიერ მის დათხოვნას უსამართლობად თვლის და ფიქრობს, რომ დიდხანს უსაქმოდ ყოფნა არ მოუწევს.
- “მანჩესტერ სიტიში” სეზონის დამთავრებამდე გაგათავისუფლეს. თქვენი აზრით, უსამართლოდ მოგექცნენ?
- იმის გათვალისწინებით, რაც “სიტის” მთავარმწვრთნელობისას გავაკეთე, კლუბის ხელმძღვანელებისგან მეტ დაფასებას და პატივისცემას ვიმსახურებდი. ჩემ შტაბთან ერთად სამიწლისნახევრის განმავლობაში ფანტასტიკური სამუშაო გავწიე – გუნდს პრემიერლიგის ჩემპიონობა, ასოციაციის თასი, ქვეყნის სუპერთასი მოვაგებინე. ყველაზე უარეს სეზონში კი ჩემპიონატში მეორე ადგილზე გავედით და თასის ფინალი დავთმეთ. სტატისტიკა ყველაფერზე მიუთითებს. “სიტის” ჩემი დათხოვნის საფუძველი და საბაბი არ ჰქონდა. ყველაფრის მიუხედავად, ვამაყობ იმით, რასაც ინგლისში მუშაობისას მივაღწიე.
- მანუელ პელეგრინის განკარგულებაში ბრწყინვალე გუნდია, რომელსაც ბევრის მიღწევა ხელეწიფება...
- პელეგრინი მეტად მაღალი კლასის სპეციალისტია და დარწმუნებული ვარ, ჩილელი მწვრთნელი ინგლისში წარმატებით იმუშავებს. მითუმეტეს, “მანჩესტერ სიტი” უკვე ტოპკლუბად ჩამოყალიბდა.
- თქვენ ინგლისელი გულშემატკივრების პატივისცემა და სიყვარული დაიმსახურეთ, ასე იტალიაშიც კი არ გაფასებდნენ...
- თავდაპირველად ბრიტანეთთან ადაპტირება გამიჭირდა, მაგრამ თანდათან პრემიერლიგას გავუშინაურდი, პუბლიკასთან საერთო ენა გამოვნახე, ურთიერთობა დავალაგე და ავაწყვე კოლეგებთან. “სიტისგან” დათხოვნის შემდეგ დიდი მხარდაჭერა ვიგრძენი. ერთ-ერთი პირველი სერ ალექს ფერგიუსონი დამიკავშირდა. მასთან მეტად კარგი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა.
- რამდენად უარყოფითად იმოქმედა “სიტიზე” მარიო ბალოტელის წასვლამ?
- კარგა ხნის წინ შევამჩნიე, ბალოტელი ინგლისში თავს არაკომფორტულად რომ გრძნობდა. ის და ლუის სუარესი მოწინააღმდეგების, არბიტრების, მაყურებლების სამიზნე იყვნენ. თუმცა, ერთიცაა – მარიოს ზოგიერთი მომენტის თავიდან აცილება შეეძლო.
- თქვენი ბალოტელისთან წაკინკლავების ფოტომ მთელი მსოფლიო მოიარა...
- არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. საწვრთნელი მატჩის მსვლელობისას შევამჩნიე, ბალოტელი პარტნიორს უხეშად რომ მოექცა და მას წესრიგის დაცვისკენ მოვუწოდე. ყოველივე ეს 30 წამი გაგრძელდა, მისგან კი ჟურნალისტები სკანდალური ისტორიის გაბერვას შეეცადნენ.
- ბალოტელის გაცილებით მეტი გაუკეთეთ, ვიდრე მან თქვენ და გუნდს მისცა...
- მარიო ბრწყინვალე ფეხბურთელია. იგი 17 წლისა იყო, როდესაც სერია A-ში თავის გამოჩენის შანსი მივეცი, 21 წლისას კი ინგლისურ პრემიერლიგაში დავუძახე. ყველას კარგად მოგეხსენებათ ჩემი ბალოტელისადმი დამოკიდებულება – მარიო ძალიან მიყვარს. მას შინ დაბრუნება ეწადა და მეც დაგეგმილზე ნახევარი წლით ადრე ამის განხორციელების საშუალება მივეცი.
- ბალოტელისთან ხშირი ურთიერთობა გაქვთ?
- მას შემდეგ რაც იტალიაში დაბრუნდა, მარიოსთან არ მისაუბრია.
- მოდით, კარლოს ტევესზეც ვისაუბროთ...
- მისი სახით ტურინის “იუვენტუსმა” მეტად კარგი შენაძენი გააკეთა. ზოგიერთი არგენტინელის შესაძლებლობებს აკნინებს, “ბებერმა ქალბატონმა” კი მისი გადაბირებით კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა კონკურენტების უფრო მეტად უკან დატოვების საქმეში. ტევესთან ერთად “იუვეს” ჩემპიონთა ლიგაში წარმატებით გამოსვლს რეალური შანსი მიეცა. იტალიაში კარლოსი ერთ-ერთი საუკეთესო იქნება. მე ყველა ზომას ვიხმარდი ტევესის მანჩესტერში დასატოვებლად.
- დალაგებული ურთიერთობა ტევესთანაც არ გქონდათ...
- მან მიუნხენის “ბაიერნთან” მატჩის მსვლელობისას შეცვლაზე შესვლა იუარა. მე მას დავურეკე და მოვთხოვე, პარტნიორებისთვის ბოდიში მოეხადა. ტევესმა ეს არ გააკეთა. კარლოსს იმხანად გარკვეული სახის პრობლემები ჰქონდა, მაგრამ რამდენიმე თვეში მწყობრში ჩადგა და “სიტის” დიდადაც დაეხმარა.
- ფეხბურთელებთან უთანხმოება ხშირად მოგდით...
- მეტად მომთხოვნი მწვრთნელი ვარ, ვაღიარებ, ხანდახან ზედმეტიც მომდის, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ მოთამაშეებს დავეხმარო. “სიტიდან” გაშვების ერთ-ერთი მიზეზი ალბათ ისიცაა, ჩემთან თანამშრომლობა იოლი რომ არაა.
- პსჟ-დან მოწვევას ელოდით?
- რატომ უნდა დავლოდებოდი – პარიზელებთან კონტაქტი არ მქონია. 14 წლიანი სამწვრთნელო მუშაობის დროს მხოლოდ მეორედ მომეცა დასვენების საშუალება, პსჟ-ს რაც შეეხება, ეს კლუბი ევროგრანდი გახდება.
- იმასაც ამბობდნენ, რომ “მონაკოს” ვარიანტს განიხილავდით...
- “მონაკოსგან” წინადადება არ მიმიღია. კლაუდიო რანიერი მშვენიერი მწვრთნელია და მაღალ დონეზე მუშაობას იმსახურებს.
- ჟოზე მოურინიო “ჩელსიში” დაბრუნდა, პეპ გვარდიოლამ “ბაიერნი” ჩაიბარა. რას იტყვით?
- “ჩელსი”, “მანჩესტერ იუნაიტედთან” და “სიტისთან” ერთად პრემიერლიგის ჩემპიონობისთვის იბრძოლებს, თუმცა, “ტოტენჰემის”, “არსენალისა” და “ლივერპულის” შანსსაც ნუ გამოვრიცხავთ. ეჭვიც არ მეპარება, გვარდიოლა გერმანიაში წარმატებას მიაღწევს, თუმცა, შარშანდელის გამეორება ურთულესი საქმეა.
- იტალიაში დასაბრუნებლად მზად ხართ?
- არა, ჯერ კიდევ უცხოეთში მუშაობა და გამოცდილების დაგროვება მინდა. პრიორიტეტს ესპანეთსა და ინგლისს ვანიჭებ. მზად ვარ განვიხილო სხვადასხვა ვარიანტი, თუმცა, ჯერჯერობით არ მეხმიანებიან.
- სადღეისოდ ფეხბურთში მაყურებლის სტატუსს დაჯერდებით?
- იმედია, ამგვარ მდგომარეობაში დიდხანს არ ვიქნები. ბოლოსდაბოლოს, არიან კლუბები, რომელთა ხელმძღვანელებს ფეხბურთი ესმით.