ქართული გამოთქმა – ”ქერის ორმოშია ჩავარდნილიო”, სხვაზე ვისზე შეიძლება ითქვას, თუ არა მახაჩყალის ანჟის ბრაზილიელ ფეხბურთელ რობერტო კარლოსზე. დიდ ხელფასსაც რომ თავი დავანებოთ, ლეკთა კლუბის პრეზიდენტი, სულეიმან ქერიმოვი ბრაზილიელს ათასგვარი საჩუქრებით ანებივრებს და რაც მთავარია, კარლოსისათვის მიძღვნილ საჩუქრებს ბოლო არ უჩანს.
ქერიმოვმა რობერტო კარლოსს ახალთ-ახალი ძვირადღირებული ავტომობილი, ”ბუგატი ვეირონი” ჯერ კიდევ შარშან აჩუქა. ამას გარდა, ყოველთვიურად ბრაზილიელს აურაცხელ პრემიებს უწერენ. შედარებით ”წვრილ-წვრილ” საჩუქრებს კი ენა ვერ აღწერს და კაცი ვერ დათვლის.
რამდენიმე დღის წინ, კი სულეიმან ქერიმოვმა და მისმა პარტნიორებმა რობერტო კარლოსს ხუთსართულიანი ფეშენებელური ვილის გასაღები საზეიმო ვითარებში გადასცეს და თან განმარტეს, რომ ეს ვილა კარლოსის მფლობელობაში სამუდამოდ იქნება და ყველა მახაჩყალელი იამაყებს, თუკი მათ ქალაქში რობერტო კარლოსი სამუდამოდ თუ არა, ხანდახან მაინც გაჩერდება ხოლმე. რაც მართალია, მართალია, რობერტო კარლოსს რომ აქვს, ასეთი ”სიბერე” მართლაც რომ ღირს...