ინტერვიუები

13:23 | 6.11.2011 | ნანახია [] - ჯერ

რობერტო კარლოსი: “პირველ რიგში ბრაზილიურ ძალადობას გავექეცი”

რუსეთის პრემიერლიგაში ჩემპიონატის პირველი ეტაპი დასრულდა. მახაჭყალის “ანჟიმ” საშემოდგომო პერიოდი მერვე საფეხურზე დაასრულა, თუმცა, დაღესტნელთა ბრაზილიელი მოთამაშე-მწვრთნელი რობერტო კარლოსი CNN-ის კორესპონდენტთან საუბრისას აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში “ანჟი” რუსეთის ჩემპიონი გახდება.


- თქვენი რუსეთში ჩასვლა ყველასთვის დიდი მოულოდნელობა იყო. ბრაზილიაში, “კორინთიანსში” თამაშობდით და ლოგიკურად საფეხბურთო კარიერა სამშობლოში უნდა დაგესრულებინათ...
- გაგიკვირდებათ, მაგრამ ბრაზილიაში თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობდი. გულშემატკივრებისგან მოსვენება დაკარგული მქონდა, რის გამოც იძულებული გავხდი დაცვა დამექირავებინა. ეს კი ძალიან არ მსიამოვნებდა. ამასობაში სულეიმან ქერიმოვის წარმომადგენლები დამიკავშირდნენ და საინტერესო წინადადებით მომმართეს. თანხმობა ლამის მყისიერად განვაცხადე, რადგან წარმოდგენილი პროექტი მეტად პერსპექტიული და მომხიბველი მეჩვენა. ქერიმოვმა განმიცხადა, რომ დიდი გუნდის მშენებლობა ჰქონდა დაგეგმილი და ამ საქმეში ერთ-ერთი საკვანძო როლი მეკისრებოდა. ვფიქრობ, დასახული მიზნისკენ ნელ-ნელა წინ მივიწევთ. ამას სამუელ ეტო’ოს შეძენა და ცალკეულ შეხვედრებში “ანჟის” კარგი თამაში ადასტურებს. ბევრი ამტკიცებს, რომ მახაჭყალაში მხოლოდ ფულის გამო ჩავედი. ეს არასწორია, პირველ რიგში ბრაზილიურ ძალადობას გავექეცი.  
- რა გამოცდილებას იღებთ რუსული პრემიერლიგიდან? უჩვეულო გარემოში მოხვედრილს, ადაპტაცია გაგიჭირდათ?
- 2 ათეული წელი მაქვს გატარებული საზღვარგარეთ. ესპანეთში, თურქეთსა და იტალიაში ცხოვრებას ალღო იოლად ავუღე, ამიტომაც არც რუსეთში ველოდი რაიმე სახის გართულებას. პრაქტიკულად ყველა კლუბის გულშემატკივარი თბილად მხვდება. სამწუხაროდ, იყო ერთჯერადი გამონაკლისი “ბანანის ისტორიასთან” დაკავშირებით, მაგრამ თითო-ოროლა გადარეული ფანი ნებისმიერ სტადიონზე მოიძებნება, ამიტომაც წყენა გულში არ დამიტოვებია.
- თუმცა, როდესაც ტრიბუნიდან რუსეთისთვის ეგზოტიკური ნაყოფი გესროლეს, არ გვგონია, არ გაცხარებულიყავით...
- იმ მომენტში მართლაც გავმწარდი და მზად გახლდით, ის ადამიანი შუაზე გამეგლიჯა, მაგრამ, როცა ვნებები ჩაცხრა და დავწყნარდი, უზრდელი ქომაგი შემეცოდა და მივხვდი, მას დასჯის მაგივრად შველა რომ სჭირდება. უამრავი ადამიანი მიბოდიშებდა, მამშვიდებდა და არამზადას საქციელს იმით ხსნიდა, რომ მას ყურადღების მიქცევა სურდა და საამისოდ გამოხატვის იდიოტური ფორმა მოიფიქრა. იმ პერსონას სტადიონზე მისვლა აუკრძალეს, რითაც დიდი სიამოვნება მოაკლდა. ისე კი, დაუშვებელია, რასიზმის ამა თუ იმ სახით გამოვლენას ჯერ კიდევ რომ ვხვდებით მსოფლიოს სტადიონებზე. ადამიანთა გარკვეულ კატეგორიას ვერ შეუგნია, რომ ფეხბურთს ეროვნება და რასა არ აქვს. ამ ულამაზესი თამაშით ტკბობა ერთნაირად შეუძლიათ სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობისა და რასის გულშემატკივრებს. ხულიგნურ გამოხტომებს კი ერთიანი ძალით უნდა ვებრძოლოთ. ზრდილობიანი, განათლებული პიროვნება სხვას შეურაცხოფას არასდროს მიაყენებს. ვფიქრობ, ვაი-გულშემატკივართა უმსგავსო საქციელი მათ ოჯახებში არსებული პრობლემებითაა განპირობებული.
- ბევრისთვის ბოლო მომენტამდე დაუჯერებელი იყო, “ანჟი” სამუელ ეტო’ოს რომ გადაიბირებდა. როგორ მოხერხდა კამერუნელი ფორვარდის მახაჭყალაში ჩასვლა?
- სულეიმან ქერიმოვისთვის შეუძლებელი არაფერია. 3 ვარიანტს განვიხილავდით. “სანტოსიდან” ნეიმარი, “ბარსელონადან” მესი ან ეტო’ო უნდა გადმოგვეყვანა. საბოლოოდ აფრიკელის ვარიანტზე შევჩერდით.
- თქვენ, რა სერიოზულად ამბობთ, რომ მესის ყიდვას ფიქრობდით?
- ერთი შეხედვით, ეს სიგიჟედ მოჩანს, მაგრამ თქვენ არ იცნობთ ქერიმოვს! იგი ამ პროექტზე სერიოზულად მუშაობდა. თუმცა, ამ ეტაპზე სამუელიც სავსებით გვაკმაყოფილებს.
- რუსეთის ჩემპიონატის პირველი ეტაპი “ანჟიმ” მერვე საფეხურზე დაასრულა. ცხადია, ეს ადგილი არ გაკმაყოფილებთ. ახალი ფეხბურთელების მოწვევას აპირებთ?
- დიახ. ცოტა ხნის წინათ ქერიმოვმა იმ ვარსკვლავების სია შემადგენინა, რომლებიც მახაჭყალაში თამაშს დაყაბულდებიან. ჩემი აზრით, იანვარ-თებერვალში “ანჟიში” ახალი მოთამაშეები გამოჩნდებიან. ევროარენაზე წარმატებით გამოსასვლელად ძლიერი და გამოცდილი ფეხბურთელების დამატება დაგვჭირდება.
- მათ ვინაობას ხომ ვერ გაგვიმხელდით?
- საბოლოო ვარიანტი ჯერ გადაწყვეტილი არაა, ამიტომაც, ვერ დაგიკონკრეტებთ. სახელგანთქმულ ვარსკვლავებს კი თამამად შემიძლია ვუთხრა, რომ რუსეთის პრემიერლიგაში თამაში არანაკლებ საინტერესოა, ვიდრე ესპანეთში, ინგლისსა და ბრაზილიაში ბურთაობა.
- ზემოთ ქერიმოვის პროექტი ახსენეთ. უფრო კონკრეტულად, რა მიზნები აქვს “ანჟის”?
- ვერ გეტყვით, მოვახერხებთ თუ არა პირველობის მოპოვებას ამავე სეზონში, მაგრამ უახლოესი 3 წლის განმავლობაში “ანჟი” ამას აუცილებლად მიაღწევს. შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგასაც დავაჭაშნიკებთ.


გოჩა კაჭარავა



 

0.140613