ცოტა ხნის წინათ უკვე ვწერდით იმაზე, რომ ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი რობერტო ბაჯო ავტობიოგრაფიული წიგნის დაწერას აპირებდა და ერთ-ერთ იტალიურ საგამომცემლო სახლთან უკვე ჰქონდა კონტრაქტი ჯერ არდაწერილი ავტობიოგრაფიული წიგნის გამოქვეყნების უფლებებთან დაკავშირებით.
ახლა უკვე ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე დღეა, რაც ბაჯომ წიგნის წერა დაიწყო. მას ამ საქმეში, პროფესიონალ იტალიელ ჟურნალისტთან ერთად, თავისი მეგობარი, ასევე ცნობილი იტალიელი ფეხბურთელი დინო ბაჯოც ეხმარება. დინომ შარშან უკვე გამოსცა თავისი ავტობიოგრაფიული წიგნი სახელწოდებით - ”მხოლოდ ერთი ნაბიჯი დიდ გამარჯვებამდე”.
შეგახსენებთ, რომ დინო და რობერტო ერთმანეთის მხოლოდ მოგვარეები არიან. როგორც რობერტო ბაჯო ერთ-ერთ ძველ ინტრვიუში ამბობს, მან და დინომ თავის დროზე საკუთარი წარმომავლობა გვარიანად გამოიკვლიეს და ერთმანეთთან გარკვეული ნათესავური კავშირიც აღმოაჩინეს. თუმცა, თუკი ასე მივუდგებით, მაშინ აღმოვაჩენთ, რომ მთელი კაცობრიობა ადამის შთამომავლები (ე.ი. ერთმანეთის ნათესავები) ვყოფილვართ. მოკლედ, ბაჯოებმა წიგნის წერა უკვე დაიწყეს და მისი გამოცემა დაახლოებით ორ თვეშია დაგეგმილი. თუ რა გამოვა ამ საქმიდან, ამას სულ მალე გავიგებთ...