1993 წელს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებული რობერტო ბაჯო მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალურ სტადიაზე იტალიის ნაკრების საუკეთესო გოლეადორია (9 ბურთი 16 მატჩში) და ერთადერთი აპენინელი მოთამაშეა, რომელსაც გოლები სამ მუნდიალზე აქვს გატანილი. მარტო ამ სტატისტიკიდანაც ჩანს, რაოდენ დიდი ფეხბურთელი იყო რობი. მას ერთი ნაბიჯიღა აშორებდა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვებამდე, მაგრამ 1994 წლის მუნდიალის ფინალის მატჩისშემდგომი პენალტების სერიაში უზუსტოდ დაარტყა. არადა, ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში ბაჯოს თერთმეტმეტრიანების 87 პროცენტი აქვს რეალიზებული.
- როგორ გგონიათ, თანამედროვე ფეხბურთს უწინდელი “პოეტურობა” აკლია?
- ამის გადაჭრით მტკიცება არ შეიძლება. ევოლუცია ყველა სფეროს ეხება, მათ შორის ფეხბურთსაც. სადღეისოდ ფეხბურთი უფრო სწრაფი და რთული გახდა, ვიდრე ეს გასული საუკუნის 90-იან წლებში იყო. თამაშის ხიბლიც მისი შემდგომი განვითარებაა.
- თანამედროვე ფეხბურთელთაგან ყველაზე მეტად რომელი მოთამაშეების ასპარეზობა გხიბლავთ?
- უპირველესად ლეო მესის დაგისახელებთ. როდესაც მას ბურთი მისდის, რაღაც სასწაულის მოლოდინში ვარ. ძალიან მომწონს რონალდინიოს, კრიშტიანუ რონალდუს, ზლატან იბრაჰიმოვიჩის, ფრანჩესკო ტოტის თამაში. ამასთან ძლიერი ფეხბურთელების კატეგორიებად დაყოფა და მათთვის რიგითობის მინიჭება არ მიყვარს.
- როდესაც თავად ასპარეზობდით, რომელი ფეხბურთელები ტოვებდნენ თქვენზე ყველაზე დიდ შთაბეჭდილებას?
- დიეგო არმანდო მარადონა და მარკო ვან ბასტენი.
- სამ მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზეთ. ამ მუნდიალებზე “სკუადრა აძურა” ერთი შეხედვით ცუდად არ გამოსულა, მაგრამ ყოველთვის ხაზგასმით ამბობთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატები კარგად არ გახსენდებათ.
- ჩემთვის განსაკუთრებით ამერიკაში ჩატარებული მუნდიალის ფინალში მარცხია მტკივნეული. გადამწყვეტი შეხვედრა ბრაზილიასთან მატჩისშემდგომი პენალტების სერიაში წავაგეთ. როდესაც 0:3 მარცხდები, წაგებას გაცილებით უფრო ნაკლები ტკივილით აღიქვამ, ვიდრე თერთმეტმეტრიანებში რომ მარცხდები. ამასთან, მოგებაც გაცილებით უფრო სასიხარულოა, რომელსაც თუნდაც დამატებით დროში მიაღწევ და არა პენალტების სერიის შემდეგ. ჩემ მუნდიალებზე გამოსვლას რაც შეეხება, ბედი გამოკვეთილად არც “სკუადრა აძურას” სწყალობდა და არც მე. სამშობლოში 1990 წელს ჩატარებული მუნდიალი ჩვენთვის ნახევარფინალში დასრულდა, როცა ნეაპოლში, “სან პაოლოზე” მარადონას არგენტინასთან პენალტებით დავთმეთ. ჩემპიონობის გარდა, სხვა შედეგი იტალიელი ტიფოზებსთვის მიუღებელი იყო. ოთხი წლის შემდეგ ფინალში გავედით და საკუთარი საფეხბურთო კარიერის ყველაზე გულდასაწყვეტი არაზუსტი დარტყმა შევასრულე, რომელმაც ბრაზილიელებს საჩემპიონო ტიტული მოუპოვა. არც 1998-ში, საფრანგეთში დაგვითმია მატჩი, მსოფლიო ჩემპიონატს კი მეოთხედფინალში ტურნირის მასპინძელ და მომავალ გამარჯვებულ საფრანგეთთან თერთმეტმეტრიანებით ჩამოვშორდით. მართალია, ამჯერად თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან არ ამიცილებია, მაგრამ ამას ჩემთვის შვება ნამდვილად არ მოუტანია. ამიტომაც ძნელი მისახვედრი არაა, რატომ ვიგონებ მსოფლიო ჩემპიონატებს ესოდენ სევდიანი განწყობით.
- კორეა-იაპონიის 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თქვენი უთამაშებლობის მიზეზი რაა?
- ამ საქციელს ჯოვანი ტრაპატონის არასდროს ვაპატიებ. “სკუადრა აძურას” იმდროინდელ დამრიგებელს აუცილებლად უნდა მოეცა ჩემთვის მუნდიალზე თავის გამოჩენის კიდევ ერთი შანსი. ტრავმა მოვირჩინე და იტალიის ნაკრების სამუნდიალე განაცხადში შეყვანას ვიმსახურებდი. ფიფამ ტურნირზე მონაწილეთა რაოდენობა 23-მდე გაზარდა, რათა ტრავმამოშუშებულებს – რონალდოსა და მე მსოფლიო ფეხბურთის უპირველეს ფორუმში მონაწილეობა მიგვეღო. ტრაპატონიმ აზიაში არ წამიყვანა, ბრაზილიელები კი სწორად მოიქცნენ და რონალდოსადმი გამოჩენილი ნდობა დაუფასდათ – იგი ტურნირის საუკეთესო გოლეადორი გახდა და ბრაზილიის ეროვნული გუნდის მიერ რიგით მეხუთე მუნდიალის მოგებაში დიდი წვლილიც შეიტანა.
- საფეხბურთო კარიერის განმავლობაში ხშირად გქონდათ უთანხმოება მწვრთნელებთან. გაუგებრობები მარჩელო ლიპისთანაც მოგსვლიათ და რენცო ულივიერისთანაც, ფაბიო კაპელოსთანაც და არიგო საკისთანაც. რატომ?
- ამ კითხვას საკუთარ თავს მეც ვუსვამ ხოლმე. შესაძლოა, რაღაც შეცდომები მათთან ურთიერთობისას მეც დავუშვი, მაგრამ უმთავრესი მიზეზი ისაა, რომ ყოველთვის ღირსების გამძაფრებული გრძნობა მქონდა. მწვრთნელთან ყოველდღიური ურთიერთობისას ეს ფეხბურთელისთვის გარკვეულწილად ხელისშემშლელი ფაქტორია.