იტალიური ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდა რობერტო ბაჯო კარგა ხანია გამქრალია ყურადღების ცენტრიდან და მის მრავალათასობით თაყვანისმცემლებს ვერა და ვერ გაეგოთ სენიორ რობერტოს ასე უცნაურად გაუჩინარების მიზეზი. როგორც აღმოჩნდა, წარმოშობით ტოსკანელი რობერტო ბაჯო ამ დროის მანძილზე უსაქმოდ სულაც არ იყო და გარდა იმისა, რომ რამდენიმე კლუბისთვის საფეხბურთო სკაუტის ამპლუაში მოღვაწეობდა, ორ მეგობართან ერთად, ნიუ-იორკში რამდენიმე პიცერიის გახსნასაც აპირებს, რომლებსაც, შესაძლოა, სწორედ ”ცხენისკუდას” სახელი ეწოდოს.
ჯერ კიდევ ფეხბურთელობის დროს, რობერტო ბაჯო აქტიურად იყო დაინტერესებული ბიზნესით და მიუხედავად იმისა, რომ განსაკუთრებული წარმატებები ამ სფეროში არასოდეს ჰქონია, მაინც ჯიქურ ცდილობდა, ბიზნესმენის სახელი და რეპუტაცია ჰქონოდა. მსოფლიო საფინანსო კრიზისი რომ არა, ამერიკის შეერთებულ შტატებში, რობერტოს თავის პარტნიორებთან ერთად, შესაძლებელია, კვებითი პროდუქტების მცირე საწარმოც გაეხსნა, მაგრამ ეს პროექტი გასაგები მიზეზებით არ გამოვიდა.
რაც შეეხება იტალიურ პიცერიებს, რომელიც რობერტო ბაჯომ და მისმა მეგობრებმა ამერიკის ყველაზე დიდ ქალაქში უნდა გახსნან, ეს პიცერიები კლასიკური სწრაფი კვების ობიექტები იქნება, სადაც სამსახურიდან შესვენებაზე გამოსულ ნიუ-იორკელებს სახელდახელოდ წახემსება ძალიან იაფად შეეძლებათ. ასეთი ტიპის დაწესებულებებზე მოთხოვნა ამერიკის დიდ ქალაქებში დღემდე მზარდია.