ფეხბურთი

14:34 | 13.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

რობერტინიო: “აზერბაიჯანის ჩემპიონატი საქართველოსას სჯობს”

თბილისის “დინამოს” ყოფილმა გარემარბმა ბრაზილიელმა რობერტინიომ, რომელიც კარიერას ბაქოს “ინტერში” აგრძელებს, ახალი კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან საუბარში განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ჩემპიონატი უფრო მაღალი დონისაა, ვიდრე საქართველოსი.
“რამდენიმე დღეა, ბაქოში ვარ და ეს ქალაქი ძალინ მომეწონა. სამშაბათს “ინტერის” შემადგენლობაში პირველად ვივარჯიშე და იმედი მაქვს, რომ გუნდს უახლოეს მატჩებში დავეხმარები. მითხრეს, რომ “ინტერი” აზერბაიჯანში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და ახლა ამაში თავად დავრწმუნდი. აქამდე საქართველოს ჩემპიონატში ვთამაშობდი, სადაც რამდენიმე ძლიერი გუნდია, მაგრამ აზერბაიჯანის ჩემპიონატი უფრო ძლიერია. “ინტერის” შემადგენლობაში რამდენიმე მოთამაშეა, რომელთაც ადრეც ვიცნობდი და გუნდში ადაპტაციის გავლა რთული არ იქნება. იმედი მაქვს, რომ ამ სეზონში “ინტერი” დასახულ მიზნებს შეასრულებს და ჩემს ახალ კლუბს წარმატების მიღწევაში დავეხმარები”, - განაცხადა რობერტინიომ.
ბრაზილიელი ფეხბურთელი “ინტერში” აზერბაიჯანში სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე გადავიდა და ამიტომ, ორშაბათს “ხაზარ-ლენქორანთან” სტუმრად მოგებულ მატჩში (3:2) 18-კაციან განაცხადშიც არ იყო.
შეგახსენებთ, რომ “ინტერს” კახა ცხადაძე წვრთნის, რომელსაც ზაურ სვანაძე ეხმარება, ხოლო კლუბის სპორტული დირექტორი ალექსანდრე რეხვიაშვილია. ბაქოელთა რიგებში გამოდიან გიორგი ლომაია, რევაზ თევდორაძე, ვალერი აბრამიძე, ილია კანდელაკი, ბაჩანა ცხადაძე და გიორგი ადამია.

0.11265