ინტერვიუები

12:46 | 26.01.2013 | ნანახია [] - ჯერ

რობერტ პროსინეჩკი: “ჩემი გული მადრიდის “რეალს” ეკუთვნის”

გერმანიის ქალაქ შვენინგენში დაბადებულ ხორვატ ფეხბურთელსა და მწვრთნელს რობერტ პროსინეჩკის მეტად საინტერესო ბიოგრაფია აქვს. მოთამაშეობისას მან ბელგრადის “ცრვენა ზვეზდას” შემადგენლობაში გამოსვლისას ჩემპიონთა თასი მოიგო, ხორვატიის ეროვნულ გუნდთან ერთად კი საფრანგეთის 1998 წლის მუნდილის პრიზიორი გახდა. 2006-2010 წლებში პროსინეჩკი ხორვატიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო, 2 წელი “ცრვენა ზვეზდას” ედგა სათავეში, შარშან შოთა არველაძის “კაისერისფორიდან” წასვლის შემდეგ კი ამ გუნდის სადავეები სწორედ პროსინეჩკის ჩააბარეს. 

 
- მწვრთნელის რანგში როგორი სათამაშო სტილის დამკვიდრებას ცდილობთ?
- ყველაფერი იმ მოთამაშეებზეა დამოკიდებული, რომლებიც გუნდში მყავს. ჩემი იდეების საფეხბურთო მინდორზე გასატარებლად მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეების ყიდვაა საჭირო, საამისო შესაძლებლობა კი ჩემ მიერ გაწვრთნილ გუნდებს არ აქვთ. ისე კი, ტექნიკური ფეხბურთის მიმდევარი ვარ. ცხადია, მოგება უმნიშვნელოვანესია, მაგრამ ჩემთვის უმნიშვნელო არაა, როგორი სტილით მიაღწევს გუნდი გამარჯვებას. გულშემატკივართა და მწვრთნელთა უმრავლესობას “ბარსელონას” სტილი მოსწონს. გამონაკლისი არც მე გახლავართ, თუმცა, ნებისმიერ გუნდსა და მწვრთნელს თავისი უნიკალური გზა აქვს. 
- თქვენ ავტორიტეტული და მეტად ცნობილი ფეხბურთელი იყავით. რობერტ პროსინეჩკის სახელი თქვენი სადამრიგებლო გუნდის ფეხბურთელებზე გავლენას თუ ახდენს?
- მთლად ასეც არაა საქმე. თანამედროვე ფეხბურთელთაგან ბევრს პროსინეჩკი არცკი გაუგია, უმრავლესობას კი ჩემი თამაში არ უხილავს. ყოველდღიურად ბევრს ვშრომობ და შეიძლება ითქვას, მიდგომას, რომელიც მოთამაშეობისას მქონდა, მწვრთნელად გახდომის შემდეგაც უცვლელი დავტოვე. მატჩის წაგების ან მოგების შემთხვევაში ერთნაირი მოტივაციით ვემზადები მომდევნო პაექრობისთვის და მსაჯის საფინალო სასტვენისთანავე მიღწეულ წარმატებას თუ უიღბლობას მომენტალურად ვივიწყებ. მომდევნო მატჩისთვის მზადება ამ მომენტიდან იწყება. დამრიგებლისა და ფეხბურთელის პროფესიებს შორის პრიციპული სხვაობა კი ისაა, რომ მოთამაშე ვალდებულია ღამე ძილში გაატაროს, მწვრთნელი კი საამისო ფუფუნებას მოკლებულია – სწორედ უძილო ღამეების განმავლობაში იღებს იგი მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს.
- დამოუკიდებელი სამწვრთნელო კარიერა ბელგრადის “ცრვენა ზვეზდას” დამრიგებლობით დაიწყეთ. რამდენად ნორმალურია ხორვატი სპეციალისტის მიერ სერბეთის კლუბის გაწვრთნა?
- ომმა ხორვატი და სერბი ხალხის ურთიერთობებს დაღი დაასვა და სათანადო ურთიერთობა ჯერ კიდევ არაა აღდგენილი. თუმცა, სისხლისმღვრელი ომის შემდეგ საკმაოდ დიდი დრო გავიდა და მის მიერ მიყენებული ჭრილობებიც თანდათან ხორცდება. 10 წლის წინათ წარმოუდგენელი იყო ჩემი ბელგრადში სამუშაოდ ჩასვლა, სადღეისოდ კი ვითარება საგრძნობლადაა შეცვლილი. თავის დროზე “ცრვენა ზვეზდას” ღირსებას ვიცავდი, მასთან ერთად ჩემპიონთა თასიც მაქვს მოგებული. ეს კარგად ახსოვთ ბელგრადელ გულშემატკივრებს და სერბეთში დაბრუნებისას პრობლემა არ შემქმნია. პირიქით, ბელგრადელებმა ისე მიმიღეს, თავი საკუთარ სახლში ვიგრძენი. 
- სადღეისოდ, “ბარსელონა” და მადრიდის “რეალი” მსოფლიოს საუკეთესო გუნდებად ითვლებიან. თქვენი სიმპათია კატალონური გრანდისკენ იხრება?
- ბარსელონელთა თამაშს ფენომენალურს ვუწოდებდი. როდესაც ამ გუნდის ღირსებას ვიცავდი, მთავარი მწვრთნელი იოჰან კრუიფი იყო და თამაშის მაშინდელი მანერა დღევანდელ სტილს წააგავდა. ვფიქრობ, ფეხბურთელი რობერტ პროსინეჩკი დღევანდელ “ბარსას” კარგად მოერგებოდა. მაგრამ, ჩემი გული მაინც მადრიდის “რეალს” ეკუთვნის. ბასელონელთა სათამაშო ფილოსოფიას და სტილს პატივს ვცემ, თუმცა, ახლა რომ ვთამაშობდე, ყველაზე მეტად “რეალში” გამოსვლა გამახარებს.
- როგორც მწვრთნელისთვის, თქვენთვის რომელი სპეციალისტის მეთოდებია უფრო მისაღები - ჟოზე მოურინიოს თუ პეპ გვარდიოლასი?
- მოურინიო უდიდესი მწვრთნელია. ამას მის მიერ გაწვრთნილი გუნდების შედეგი და ფეხბურთელთა პროგრესი ადასტურებს. გვარდიოლას რაც შეეხება, მის საქმიანობაში მეტი აღმაფრენა და მრავალწლიანი პერსპექტივა იკითხება. ამიტომაც პირადად მე პეპის სასარგებლოდ ვაკეთებ არჩევანს.
- დღევანდელი ფეხბურთელებიდან პარტნიორად რომელ მოთამაშეს ისურვებდით?
- ლეო მესი საუკეთესოა, მაგრამ თანაგუნდელის არჩევაზე საქმე რომ მიდგეს, ყველაზე მეტად ანდრეს ინიესტას პარტნიორობა გამახარებდა. მასთან ერთად მინდორზე ყოფნა ნებისმიერი ფეხბურტელისთვის ბედნიერებაა. გამონაკლისი არც მე ვიქნებოდი.
 
გოჩა კაჭარავა 
 
0.119195