დორტმუნდის “ბორუსიას” 25 წლის პოლონელი ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი გერმანული ბუნდესლიგის მეორე წრეში განსაკუთრებით შედეგიანად თამაშობს. მან ზედიზედ 4 მატჩში (“ჰოფენჰაიმთან”, “ვერდერთან”, “ნიურნბერგთან”, “ლევერკუზენთან”) შეძლო ბურთის გატანა და გოლ პლუს პასის სისტემით სადღეისოდ 20 ქულა აქვს. ლევანდოვსკიმ განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ბუნდესლიგის ბოლო, მეოცე ტურში, როდესაც მან ლევერკუზენში გადამწვყვეტი გოლი გაიტანა, მანამდე კი დორტმუნდელთა გოლებში მიიღო აქტიური მონაწილეობა. შეხვედრის დასრულების შემდეგ დორტმუნდელთა კომერციულმა დირექტორმა ჰანს-იოაჰიმ ვაცკემ ჟურნალისტებს განუცხადა, ლევანდოვსკიზე უკეთ თამაში ძნელად თუ წარმომიდგენიაო. ამ მოგების შემდეგ დორტმუნდელებმა ბუნდესლიგის გათამაშების ცხრილში მეორე საფეხურამდე აინაცვლეს, რობერტ ლევანდოვსკი კი გულშემატკივარს როოგორც საშინაო, ასევე განსაკუთრებით საერთაშორისო ასპარეზზე მონდომებულ ასპარეზობას ჰპირდება.
- თქვენი ბოლოდროინდელი მაღალი შედეგიანობიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშების საუკეთესო ბომბარდირის წოდებას დაუმიზნეთ?
- ჯერჯერობით ამაზე საუბარი ნაადრევია. მეორე წრე ახალიდაწყებულია და სადღეისო სტადიაზე უფრო სხვა რამეებზე ვფიქრობ. დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას, მით უმეტეს, მაისამდე საინტერესო მოვლენების მომსწრენი შევიქნებით. მაშინ ბომბარდირთა საბოლოო სიაც გამოიკვეთება. მართალია, მეორე ნახევარი კარგად დავიწყე, მაგრამ კონკურენტებიც მონდომებულად თამაშობენ. თუნდაც, ბაიერნელი მარიო მანჯუკიჩი ავიღოთ, რომელსაც ჩემთან შედარებით 2 გოლით მეტი აქვს გატანილი. თანაც, მიუნხენელთა ბოლო 3 შეხვედრაში მან 5 ბურთი გაიტანა.
- გერმანული ბუნდესლიგის გუნდებისთვის იანვარი მეტნაკლებად წყნარი პერიოდია. თებერვლის შუა რიცხვებიდან ჩემპიონთა ლიგა პლეი ოფით განახლდება და შესაბამისად, კვირაში 2 მეტად საპასუხისმგებლო მატჩის ჩატარება მოგიწევთ...
- დონეცკის “შახტართან” ორრაუნდიან დაპირისპირებაზე უკვე ვფიქრობთ. ვერ ვიტყვი, რომ წილისყრისას ძალიან გაგვიმართლა – შედარებით უკეთესი ვარიანტიც შეიძლებოდა შეგვხვედროდა. თუმცა, ცხადია, პანიკაში არ ვართ, თუმცა, ისისც კარგად ვიცით, უკრაინელებთან იოლი მატჩები რომ არ გველის. “შახტარმა” არაერთხელ დაამტკიცა, რომ ნებისმიერი მოწინააღმდეგის ძლევა მის ძალას არ აღემატება. “დორტმუნდს” რაც შეეხება, გასულ შემოდგომაზე ჩატარებულ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრებში ყველას დავანახეთ ჩვენი რეალური შესაძლებლობები. ურთულესი ჯგუფში ვიყავით, თუმცა, პირველი ეტაპი მოწინავე ადგილზე დავასრულეთ. ამან დამატებითი ფსიქოლოგიური ძალა შეგვძინა. “შახტართან” 2 მძიმე დაპირისპირებისთვის ვემზადებით. პირველ მერვედფინალურ პაექრობას დონეცკში ჩავატარებთ, რაც განმეორებითი მატჩის წინ ოდნავ უპირატესობას გვანიჭებს. ჯგუფური ეტაპის წარმატებით გადალახვის შემდეგ მიზნად შეძლებისდაგვარად წინ წაწევა დავისახეთ. ასე რომ, “დორტმუნდი” მერვედფინალზე შეჩერებას არ აპირებს.
- ბუნდესლიგაზე რას გვეტყვით? შეძლებთ მიუნხენის “ბაიერნის” დაწევას?
- ეს ურთულესად შესასრულებელი მისიაა, რადგან სადღეისოდ მიუნხენელები ბრწყინვალე ფორმაში არიან, 12 ქულით გვისწრებენ და პრაქტიკულად უდანაკარგოდ ასპარეზობენ. წინასწარ არ მსურს პესიმიზმში გადავარდნა, მაგრამ ამჟამად ისეთი სიტუაციაა შექმნილი, “ბაიერნის” დაწევაზე მეტად უფრო მდევრებზე უნდა ვიფიქროთ. ამ მხრივ, ბოლო ტურში ლევერკუზენში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოვიპოვეთ.
- “ბაიერნთან” გერმანიის თასზეც მოგიწევთ შეხვედრა...
- ბუნდესლიგისა და თასის ერთ რანგში გაყვანა არ ღირს. სათასო ბატალიაში მიუნხენელებს რომც მოვუგოთ, ეს ჩემპიონატში ჩამორცენის ადეკვატური პასუხი მაინც არ იქნება. “ბაიერნის” დაწევა ძალიან გაგვიჭირდება, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ბუნდესლიგის რომელიმე შეხვედრას ნაკლები მოტივაციით მივუდგებით ვიდრე თუნდაც ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის შეხვედრებს. ყველა ფრონტზე ბოლომდე ვიბრძოლებთ. პირადად მე რაც შემეხება, ბუნდესლიგაშიც, გერმანიის თასზეც და ჩემპიონთა ლიგაშიც საუკეთესო თვისებების გამოვლენას მაქსიმალურად შევეცდები.
- ბოლო ხანს ბევრს საუბრობენ თქვენ შესაძლო გადასვლაზე სხვა კლუბში. ეს აჟიოტაჟი და მითქმა-მოთქმა სათანადო დონეზე თამაშში ხელს არ გიშლით?
- ამას ნაკლებ ყურადღებას ვაქცევ და მასმედიაში გაჩენილი ინფორმაციის მიმართ გარკვეული იმუნიტეტი უკვე გამომიმუშავდა. მით უმეტეს, წყნარად ვხვდები იმგვარ ცნობას, რომელსაც რეალობასთან საერთო არაფერი აქვს. ვცდილობ, ზედმეტი აურზაურისგან შორს დავდგე და არასასურველი ცნობებეისგან დისტანცირებასაც ვახერხებ.
- მაინც როგორ ახერხებთ ამას?
- კარგად ვიცოდი, რომ ამ ზამთარს დორტმუნდიდან არ წავიდოდი, ამიტომ როდესაც მორიგ ჭორს წავიკითხავდი ჩემი ტრანსფერის თაობაზე, არ ვბრაზდებოდი და მხოლოდ მეცინებოდა.
- მომავალი ზაფხულიდანაც კვლავინდებურად დორტმუნდელთა გუნდის წევრი იქნებით?
- ამ წუთისთვის კითხვაზე ზუსტ პასუხს ვერ მოგცემთ. დორტმუნდის “ბორუსიას” წევრი ვარ და ჯერჯერობით მხოლოდ სეზონის დასკვნით ნაწილში წარმატებით გამოსვლაზე ვფიქრობ.
- სხვა გუნდში გადასვლა მაინც არ უნდა გამოვრიცხოთ?
- ყველაფერი შეიძლება მოხდეს. არაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, რომ ჩემი უახლოესი თვეების საზრუნავი მხოლოდ “ბორუსიას” უკავშირდება.
გოჩა კაჭარავა