მიუნხენის “ბაიერნის” ჰოლანდიელი შემტევი არიენ რობენი არსენ ვენგერის კომენტარს ეხმაურება და აცხადებს, რომ ფრანგმა სპეციალისტმა წარუმატებელი მწვრთნელისთვის დამახასიათებელი განცხადება გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალურ მატჩში, რომელშიც “ბაიერნმა” “არსენალი” 2:0 დაამარცხა, ლონდონელებს მეკარე ვოიცეხ შჩეზნი გაუძევეს. ამის მიზეზი მის მიერ რობენის წინააღმდეგ წესების დარღვევა იყო. ვენგერი მიიჩნევს, რომ მისი გუნდის კიპერი წითელ ბარათს არ იმსახურებდა.
“როდესაც ეს ეპიზოდი განმეორებით ვნახე, კანკალმა ამიტანა. ძალიან გამიმართლა, რომ უვნებელი გადავრჩი.
ვენგერის კომენტარი წარუმატებელი მწვრთნელებისთვისაა დამახასიათებელი. მისი ნათქვამი არ მაინტერესებს, რადგან ეს პირველად არ ხდება.
ძალიან საშიში ეპიზოდი იყო. გასული წლის დეკემბერში, “აუგსბურგის” მეკარესთან მსგავსი შეჯახების შემდეგ, სერიოზული ტრავმა მივიღე.” – ციტირებს რობენის სიტყვებს De Telegraaf-ი.