მიუნხენის “ბაიერნისა“ და ჰოლანდიის ნაკრების ფეხბურთელი არიენ რობენი ძალიან გაახარა ექიმების დასკვნამ, რომლის მიხედვითაც, რობენის მეუღლე ბერნადიენ ელიერი ფეხმძიმედაა და ვაჟს ელოდება. წყვილს უკვე ყავს ორი წლის ქალიშვილი, მაგრამ ნიდერლანდელ ფეხბურთელს ძალიან უნდოდა, რომ ბიჭი ჰყოლოდა და როგორც ჩანს, ეს სურვილი სულ მალე აუსრულდება. ფეხბურთელის მეუღლე, ქალბატონი ბერნადიენი პირველი შვილის გაჩენის შემდეგ, რამდენიმე წლის განმავლობაში მეორე ბავშვის გაჩენას არ აპირებდა, მაგრამ არიენმა ნამეტანი იძალა და თავისი გაიტანა.
როგორც გერმანელი ჟურნალისტები წერენ, ბერნადიენ ელიერი დაახლოებით სამი თვის ფეხმძიმეა, რაც იმას ნიშნავს, რომ რობენების ოჯახში გვარის გამგრძელებელი დაახლოებით ნახევარ წელიწადში დაიბადება. როდესაც არიენსა და ბერნადიენს პირველი შვილი ეყოლათ, მაშინ რობენის მეუღლე ამბობდა, რომ აღფრთოვანებული იყო იმ გერმანელი ექიმების მონდომებითა და პროფესიონალიზმით, რომლებიც მას და მის შვილს თავს დასტრიალებდნენ.
მაშინ არიენ რობენის ცოლის ინტერვიუ ერთ-ერთ პოპულარულ გერმანულენოვან სამედიცინო ჟურნალშიც დაიბეჭდა და ამ ფაქტმა არაერთ გერმანელ მედიკოსს მოჰგვარა სიამოვნება. რა გასაკვირია, რომ ბერნადიენ ელიერი მეორე შვილსაც სწორედ იმ საავადმყოფოში და იმ ექიმების გარემოცვაში გააჩენს, ვისთანაც პირველი შვილი გააჩინა. ყველამ ხომ კარგად ვიცით, რომ თბილი სიტყვები ციდან ნამდვილად არ ცვივა.