ლეგენდარული მძიმეწონოსანი მოკრივე მაიკ ტაისონი ცნობილ მწვრთნელს, კომენტატორსა და კრივის ექსპერტ ტედი ატლასს სახალხოდ შეურიგდა. ისინი ერთმანეთს შორეულ წარსულში მომხდარი კონფლიქტის გამო მრავალი წლის განმავლობაში არ ელაპარაკებოდნენ.
ორიოდ დღის წინათ, ნიუ-იორკის შტატის ქალაქ ვერონაში გამართულ კრივის საღამოზე ტაისონს პროფესიული კრივის პრომოუთერის რანგში ჰქონდა დებიუტი, ატლასი კი ტელეკომპანია ESPN-ის ტელერეპორტაჟში ერთ-ერთი კომენტატორი იყო. საღამოს დასრულების შემდეგ ისინი ერთმანეთის პირისპირ შემთხვევით აღმოჩნდნენ. ინიციატივა მაიკ ტაისონმა გამოიჩინა – ტედი ატლასს ხელი გაუწოდა, რის შემდეგაც ერთმანეთს გადაეხვივნენ.
კმაყოფილმა “რკინის მაიკმა” მოგვიანებით განაცხადა, რომ არ სურს ვინმესთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდეს და ყველა დაპირისპირებულ ადამიანთან შესარიგებლად მზადაა.