დღეიდან 1 სექტემბრის ჩათვლით რიო დე ჟანეირო ძიუდოში სეზონის უმთავრეს შეჯიბრებას – მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს. 123 ქვეყნის ნაკრებს შორის ცხადია საქართველოს ვაჟთა გუნდიცაა. მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ ბრაზილიურ ტატამზე გასაყვანად ცხრა შეგირდი გაამზადა. უკვე გაიმართა კენჭისყრა და ქართველი ძიუდოისტების მეტოქეებიც გამოვლინდნენ.
60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ამირან პაპინაშვილი 61 მონაწილეს შორის პირველ ნომრადაა განთესილი და ტურნირში მეორე წრიდან – მეთექვსმეტედფინალიდან ჩაერთვება. მეტოქედ კი თურქ აჰმეთ საჰინ კაბასა და ზიმბაბველ ლაზარუს არუფანდიკას წყვილში გამარჯვებული ეყოლება. მეოთხედფინალამდე პაპინაშვილის სავარაუდო მეტოქეთაგან ყველაზე გამოსარჩევი ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორი, სომეხი ჰოვანეს დავთიანია. ნახევარფინალში – მსოფლიოს რეიტინგის მეოთხე-მეხუთეადგილოსანი მონღოლები ამარტუვშინ დაშდავაა და ბოლდბაატარ განბატი და ავსტრიელი ლუდვიგ პაიშერი. ეს უკანასკნელი ევროპის ორგზის ჩემპიონი (2004 და 2008 წლებში) და მსოფლიოს ჩემპიონატისა და ოლიმპიური თამაშების პრიზიორია.
შეგახსენებთ, ამირან პაპინაშვილი ევროპის მოქმედი ჩემპიონი და მსოფლიო რეიტინგსიის ლიდერია.
უმსუბუქეს წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონ პრიზიორები დღეს გამოვლინდებიან.
66 კილოგრამში საქართველოს სახელით ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი იჭიდავებს. ჩემპიონატს ისიც მეთექვსმეტედფინალით დაიწყებს, ჩრდილოკორეელ იუნგ სიკ ჩოესთან შეხვედრით. თუ დაამარცხებს, ბრიტანელ კოლინ ოუტსსა და უზბეკ რიშოდ სობიროვს შორის მოგებულს დაეჭიდება. ეს უკანასკნელი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია, ოღონდ 60 კილოგრამში. ოუტსს კი ქართველმა ძიუდოისტმა ოლიმპიურ თამაშებზე მეოთხედფინალში, ოქროს დროში მოუგო.
73 და 81 კილოგრამებში საქმეში ორ-ორი ქართველი ჩაერთვება. ნუგზარ ტატალაშვილი (73 კგ) პირველ წრეში ჩილელ ტომას ბრინგასს დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში კი უნგრელ ატილა უნგვარის შეხვდება. ზებედა რეხვიაშვილი (73 კგ) ჩემპიონატში მეორე წრიდან ჩაერთვება, სადაც მეტოქედ დომინიკელი ფაუსტო ბივიეცა ეყოლება. ამ წყვილიდან გასული მერვედფინალში რუსეთის ნაკრების წევრ მურატ კოძოკოვსა და იტალიელ ანდრეა რეგისს შორის უძლიერესს დაეჭიდება.
ჩემპიონატზე მეორე ნომრად განთესილი ავთანდილ ჭრიკიშვილი და ლევან წიკლაურიც (ორივე 81 კგ) მეორე წრით დაიწყებენ. ჭრიკიშვილი ბელარუს ალექსანდრ სტიაშენკასა და ლატვიელ კონსტანტინს ოვჩინიკოვსს შორის მოგებულს შეხვდება, ხოლო წიკლაური – ჩეხ იარომირ მუსილს.
პირველ წრეში 90 კილოგრამი წონითი კატეგორიის ლიდერი ვარლამ ლიპარტელიანიც დაისვენებს და სავარაუდო მეტოქეების: ფრანგი ლუდოვიკ გობერისა და ვენესუელელი მერვინ როდრიგესის დაპირისპირებას დააკვირდება. ლევან ჟორჟოლიანთან (100 კგ) მეთექვსმეტედფინალში შესახვედრად კი ერთმანეთს კამერუნელი სტეფან ომბიონგნო და ანგოლელი აუდასიო კამბამბა დაეჭიდებიან.
მძიმე წონაში ტატამზე სულ 31 ძიუდოისტი გავა და შესაბამისად, ტურნირი პირდაპირ მეთექვსმეტედფინალით დაიწყება. ადამ ოქრუაშვილის პირველი მეტოქე სამოელი დერეკ სუა იქნება. გამარჯვების შემთხვევაში კი პოლონელ მაციეჟ სარნაცკისა და ანგოლელ დენის სილვას შორის მოგებულს დაეჭიდება.
ერთკვირიანი შეჯიბრების პირველ ხუთ დღეს მამაკაცებში მედლები თითო წონით კატეგორიაში გათამაშდება – 60 კილოგრამიდან ზემოთ. 31 აგვისტოს ჩემპიონ-პრიზიორები 100 და +100 კილოგრამებში გამოვლინდებიან. 1 სექტემბერს კი მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი გაიმართება.
წინასწარი ეტაპის შეხვედრები თბილისის დროით 17 საათიდან დაიწყება და მათი პირდაპირ ეთერში ნახვა ვებ-გვერდ www.ippon.tv-ზე შეგეძლებათ.