ევროპის მოქმედ ჩემპიონ ავთანდილ ჭრიკიშვილს, წლევანდელ სეზონში ოქროს დუბლის შესრულებამდე ერთადერთი შეხვედრის მოგება დააკლდა. 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველმა, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე მსოფლიოს პირველობის ფინალში, ფრანგ ლუის პიეტრისთან დაძაბულ ბრძოლაში ქულებით წააგო და ვერცხლის მედალს დაეუფლა.
ახალგაზრდებს შორის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონ პიეტრის, ამავე ტიტულების და პლუს უფროსებში ევროპის ჩემპიონატის მომგები ჭრიკიშვილი, ბრაზილიურ ტატამზე დაპირისპირებამდე, ბოლოს, წლეულს თებერვალში დაეჭიდა, დიუსელდორფის დიდი პრიზის მერვედფინალში და იპონით მოუგო. ამჯერად, ქართველი ძიუდოისტი პირველსავე წუთზე შესრულებული იუკოდ შეფასებული გდებით დაწინაურდა. მეორე წუთის მიწურულს კი, ფრანგმა ვაზარი შეასრულა. დარჩენილ სამ წუთში, ჭიდაობა ავთანდილ ჭრიკიშვილს მიჰყავდა, მაგრამ ილეთი ვეღარ გააკეთა. ერთადერთი, რაც შეძლო, მეტოქეს პასიურობისთვის სამი შიდო მიაღებინა. ერთი გაფრთხილებაც და, ლუის პიეტრის მოხსნიდნენ, მაგრამ შეხვედრა სასურველ ფინიშამდე მიიყვანა.
ფინალამდე, ფრანგმა რამდენიმე დაძაბული შეხვედრა გადაიტანა. ჭრიკიშვილმა კი გაცილებით ლამაზად და დამაჯერებლად იჭიდავა - ხუთი მეტოქე სულ იპონ-იპონ ჩამოიშორა. შეჯიბრებაში მეორე წრიდან ჩაერთო და ბელარუს ალექსანდრ სტიაშენკას წუთსა და 15 წამში მოუმთავრა საქმე. არგენტინელი ემანუელ ლუცენტი 2 წუთსა და 17 წამში დასცა ბეჭებზე, ირანელ ამირ გასემ ნეჯადს ოთხი წამით ნაკლები აკმარა. ფრანგი ალენ შმიტი ილეთად შესრულებულ იპონს კი გაექცა, მაგრამ ქართველის წინაშე იმდენად უსუსური გამოჩნდა, ორ წუთში ოთხი გაფრთხილება მიიღო.
ნახევარფინალში ჭრიკიშვილმა საწადელს საფინალო სირენამდე ათიოდ წამით ადრე მიაღწია, ევროპის და მსოფლიოს 2009 წლის რუსი ჩემპიონისთვის, ივან ნიფონტოვისთვის შესრულებული მტკივნეული ილეთით, მაგრამ ვფიქრობთ, ერთ-ერთი საუკეთესო ჭიდაობა, სწორედ ამ შეხვედრაში აჩვენა. ავთანდილი უპირატესობას პირველივე წამებიდან დაეუფლა და გადამწყვეტ მომენტამდე, მოწინააღმდეგე ერთხელ იუკოზეც დააგდო.
ჭრიკიშვილის გარდა, 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით ლევან წიკლაურმაც იჭიდავა, მაგრამ საწყის ეტაპს ვერ გასცდა. ჩეხი იარომირ მუსილი ორ წუთში გააკრა ტატამს, მაგრამ მეთექვსმეტედფინალში, მონღოლ უგანბაატარ ოტგონბაატართან იუკოთი დამარცხდა და მსოფლიოს ჩემპიონატს დაემშვიდობა.
დღეს, მსოფლიოს ჩემპიონ-პრიზიორები 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან. ვარლამ ლიპარტელიანი პირველ ნომრადაა განთესილი და საქმეში მეორე წრიდან ჩაერთვება. იქამდე კი, სავარაუდო მეტოქეების, ფრანგი ლუდოვიკ გობერისა და ვენესუელელი მერვინ როდრიგესის დაპირისპირებას დააკვირდება.
ძიუდო
მსოფლიოს ჩემპიონატი
რიო დე ჟანეირო
29 აგვისტო
კაცები
81 კგ
1 ლუის პიეტრი (საფრანგეთი)
2 ავთანდილ ჭრიკიშვილი (საქართველო)
3 ალენ შმიტი (საფრანგეთი)
3 ივან ვორობიოვი (რუსეთი)
ქალები
63 კგ
1 იარდენ გერბი (ისრაელი)
2 კლარის აგბენენუ (საფრანგეთი)
3 გევრის ემანე (საფრანგეთი)
3 ანიცკა ვან ემდენი (ჰოლანდია)