ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედის“ მცველმა – რიო ფერდინანდმა ბევრი ითმინა თუ ცოტა, ბოლოს ვეღარ მოითმინა და ინგლისური ტაბლოიდური გაზეთის – “სანდი მირორის“ წინააღმდეგ მანჩესტერის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ფეხბურთელს ყელში ამოუვიდა ამ გაზეთის მიერ მასზე გავრცელებული ათასგვარი ჭორი, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა, ფეხბურთელის განცხადებით, ჟურნალისტების მიერ ხელოვნურად იყო აგორებული. რიო გაზეთისგან, ბოდიშის მოხდის გარდა, ჯარიმის სახით, ნახევარი მილიონი ფუნტის გადახდასაც ითხოვს - აქაოდა, ჩემი ღირსება ნამეტანი შეილახაო...
გაზეთის მესვეურებს სიცილადაც არ ეყოთ მანჩესტერელი მცველის გაწიწმატება და აცხადებენ, რომ ფერდინანდის პირადი ცხოვრებისა და ოღრაშობების შესახებ გამოქვეყნებულ სტატიებში მოგონილი არაფერი ყოფილა და რამე რომ იყოს, იმის აღმწერ უტყუარ ფაქტებსაც დააწყობენ მაგიდაზე, თუ რაოდენ მექალთანეა მისტერ რიო და იმასაც ადასტურებენ, რომ სხვადახხვა დროს ეს ფეხბურთელი არც ჩხუბსა და აყალ-მაყალის ატეხვას ერიდებოდა.
მართალია, სასამართლომ სარჩელი წარმოებაში მიიღო, მაგრამ ინგლისელი ჟურნალისტები მიიჩნევენ, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის“ მცველს ამ პროცესის მოგების შანსი არა აქვს, რადგან ბრიტანული სასამართლოები ამგვარი დავების დროს, როგორც წესი, ჟურნალისტების მხარეს იჭერენ და ამ ქვეყანაში პრესისთვის ხელშეუხებლობა წმიდათაწმიდად ითვლება. თუმცა, რიო ფერდინანდი იხტიბარს მაინც არ იტეხს და იმედი აქვს, რომ “სანდი მირორისგან” ბოდიშსაც მიიღებს და ნახევარ მილიონ ფუნტსაც, კომპენსაციის სახით.