როცა ცნობილი ფეხბურთელები საფეხბურთო კარიერის დასასრულისკენ მიდიან, როგორც წესი, სწორედ იმ პერიოდში უჩნდებათ საკუთარი ბიზნესის წამოწყების სურვილი. ამ მხრივ არც ინგლისელი ფეხბურთელი რიო ფერდინანდია გამონაკლისი, რომელსაც ინგლისის მასშტაბით რესტორნების ქსელის გაკეთება აქვს გადაწყვეტილი და თავის იდეას, სავარაუდოდ, წელსვე შეასხამს ხორცს.
რესტორნების ქსელის გაკეთების იდეა მხოლოდ ინგლისელ ფეხბურთელს არ ეკუთვნის. ამაში აქტურად იქნება ჩართული რიო ფერდინანდის პოპულარული მეუღლე რებეკა ელისონიც. სანამ ფერდინანდს ჯერ ისევ შესწევს მწვანე მინდორზე ბურთის გორების ილაჯი, ბიზნესის საქმეებს სწორედ რებეკა უნდა წარუძღვეს, რომელიც პროფესიით ბიზნესის მენეჯმენტის სპეციალისტი გახლავთ.
ცოლ-ქმარს რესტორნებისათვის სახელი უკვე მოფიქრებული აქვს და მათ უბრალოდ ”რიოს რესტორნები“ ერქმევა. რესტორნები ძირითადად საშუალო შეძლების ადამიანებზე იქნება გათვლილი და მენიუ უმეტესად ცნობილი ევროპული კერძებისაგან იქნება შედგენილი. ეს არც არის გასაკვირი, რადგან ბრიტანული კულინარია საკმაოდ მწირი და უინტერესოა და დღეს ინგლისელთა დიდი ნაწილი უპირატესობას იტალიურ და ფრანგულ სამზარეულოს ანიჭებს.