რიკი ჰიკმანი ევროპის ყველაზე პრესტიჟული და წარმომადგენლობითი საკლუბო ტურნირის ფინალშია. ქართული პასპორტის მქონე ამერიკელის "მაკაბიმ" მილანში, ევროლიგის "ოთხთა ფინალის" პირველ მატჩში მოსკოვის ცსკა 68:67 დაამარცხა და ფინალში გავიდა.
მატჩი თავიდან ბოლო წამებამდე “წითელარმიული” გუნდის უპირატესობით წარიმართა. თელ ავიველებმა სასწაულებრივ გაიმარჯვეს – მატჩის დასრულებამდე 20 წამით ადრე სონი ვიმსმა შორეული ორქულიანი ჩააგდო და მოსკოველები 67:63 დააწინაურა. ამ დროს მოსკოველები უკვე გამარჯვებას ზეიმობდნენ – ფანტასტიკის სფერო იყო 20 წამში 4 ქულის გაბათილება და გამარჯვების მოპოვება.
მაკაბელებმა ბურთი სწრაფად გაათამაშეს და დევიდ ბლუმ საფინალო სირენამდე 12 წამით ადრე სამქულიანით ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა. ცსკა-მ წუთშესვენება აიღო და ეტორე მესინამ რაც დაგეგმა, ყველაფერი წყალს გაატანა ვიქტორ ხრიაპამ, რომელმაც მიუტევებელი შეცდომა დაუშვა, ბურთი ხელიდან გაუვარდა და... ტაირის რაისმა იმარჯვა, ბურთი მოიხელთა და სწრაფი გარღვევით დასრულებამდე 6 წამით ადრე გამარჯვების ორქულიანი მიითვალა.
რიკი ჰიკმანმა 34 წუთი ითამაშა. ამერიკელმა უკანახაზელმა 7-დან 2 ორქულიანი და 3-დან 2 სამიანი ჩააგდო, 1 საჯარიმო კი ააცილა. ჰიკმანმა 10 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. მატჩის გმირმა დევიდ ბლუმ კი 15 ქულა, სულ სამქულიანებით მოაგროვა. ვეტერანმა ებრაელმა ფორვარდმა 9-დან 5 სამიანი ჩააგო.
მეორე ნახევარფინალში ესპანური დერბიში "რეალმა" "ბარსელონა" 100:62 გააანადგურა. შედეგად, 18 მაისს, ფინალში "მაკაბი" “რეალს” შეხვდება, მე-3 ადგილისთვის კი ცსკა “ბარსელონას” დაუპირისპირდება.
www.gbf.ge