კალათბურთი

16:38 | 1.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

რიკი ჰიკმანის ეროვნულ ნაკრებში თამაში სათუოა

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის მზადებას განაგრძობს. გენერალური შეკრება 5 ივლისს, სლოვენიის დაბა პოდჩეტრტეკში დაიწყება, მანამდე კი კოკოშკოვის გუნდი არასრული შემადგენლობით თბილისში ვარჯიშობს, რისი მთავარი მიზანიც მოთამაშეების ფიზიკური ფორმის აღდგენაა.

ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში სიახლეებია. გუნდს დაემატნენ "დინამოს" და "არმიას" უკანახაზელები _ მიხეილ ჭოჭუა და ლაშა ფარღალავა. ეს მას შემდეგ გადაწყდა, რაც ნაკრების ნატურალიზირებული წევრის, ამერიკელი რიკი ჰიკმანის თამაში ეჭვქვეშ დადგა. შესაძლოა, ევროლიგის ერთ-ერთმა საუკეთესო კალათბურთელმა ფეხის ოპერაცია გაიკეთოს. როგორც ცნობილი ხდება, ამერიკელის ნაკრებში თამაში მთავარი მწვრთნელის იგორ კოკოშკოვის და თავად ჰიკმანის მოლაპარაკების შედეგად გადაწყდება.

დღეს, ნაკრებმა კიდევ ერთი ვარჯიში ჩაატარა. როგორც მოგეხსენებათ, გიორგი შერმადინი საქართველოში იმყოფება და კისტის ოპერაციის შემდეგ, ჯერჯერობით მომზადება არ დაუწყია. "მსოფლიო სპორტი" შერმადინის სიტუაციით დაინტერესდა. ექიმების განცხადებით, გიორგი რეაბილიტაციას დამაკმაყოფილებლად გადის და მისი მდგომარეობა უმჯობესდება.

"ვინც აქ არიან, ნორმალიურად ვარჯიშობენ, ხარისხიც კარგია და ძირითადად სროლას თუ ამუშავებენ. კალათბურთელების ფიზიკური ფორმით კმაყოფილნი ვართ" _ გვითხრა ფიზმომზადების მწვრთნელმა ავთო ბერიძემ.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი კოტე ტუღუში ნაკრების მომზადებით კმაყოფილია.   

კოტე ტუღუში: “საქართველოში გვქონდა შესაძლებლობა, რათა ნაკრები ფიზიკურად მომზადებულიყო და შემდეგ, სლოვენიაში იგორ კოკოშკოვის მეთვალყურეობით ტაქტიკურ და საკალათბურთო მომზადებაზე გადასულიყო. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, ყველა მოთამაშე მაქსიმალურად იტვირთება და აშკარა პროგრესი გვაქვს ფიზიკური კონდიციების მხრივ. პარასკევამდე ასე გავაგრძელებთ და 5 ივლისს უკვე სლოვენიაში გავემგზავრებით”.

- გიორგი შერმადინი ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციას გადის, რამდენად არის შანსი მან საქართველოს ნაკრებში ითამაშოს?

- შერმადინი ნაკრებთან ერთად იქნება, უბრალოდ გადასაწყვეტია თუ რამდენ ხანში შეუერთდება გუნდს. შერმადინი უკვე წლებია საქართველოს ნაკრების წევრია. იგი ნაკრებისთვის უცხო არაა და ვფიქრობ, რაც არ უნდა უთამაშებელი იყოს, გუნდი მას ადვილად შეეწყობა და ძალიან მალე შეთამაშდება. ვიმედოვნებ, ერთ კვირაში ან 10 დღეში გიორგი ნაკრებს ბოლომდე შეუერთდება.

- სხვა კალათბურთელებს რაიმე სახის ტრავმები აწუხებთ?

- მანუჩარ მარკოიშვილმა ერთ-ერთმა ბოლომ დაამთავრა სეზონი და მისთვის დამსახურებული დასვენება გვაქვს გამოწერილი. მანუჩარს ტრავმები აწუხებდა და უცხოეთში გადის რეაბილიტაციას და მანუჩარის სიტუაციაც პრაქტიკულად ძალიან მალე გადაწყდება.

ვიქტორ სანიკიძე: "სლოვენიაში დრო არ გვექნება, ფიზიკურ მომზადებას დრო დავუთმოთ. ძალიან კარგი გადაწყვეტილება იყო თბილისში მომზადება, რათა სლოვენიაში მოსამზადებელი ეტაპი უფრო ნაყოფიერი გამოგვივიდეს. დამქანცველი სეზონის შემდეგ ყველას სჭირდება ძალების აღდგენა. მეც შევეცადე კარგად დამესვენა და ვფიქრობ, ნაკრებისთვის ბოლომდე მზად ვარ".

ეროვნულ ნაკრებს სლოვენიაში, 7 ივლისს ზაზა ფაჩულია, თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი შეუერთდებიან. როგორც აღვნიშნეთ, თბილისურ შეკრებაზე ეს უკანასკნელი კი გამოცხადდა, მაგრამ ჯერჯერობით ვარჯიშს ვერ ახერხებს, თუმცა სლოვენიაში კოკოშკოვი თან იახლებს.

ნაკრებს სლოვენიაში აგრეთვე შეუერთდებიან 20-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი დავით უსტიაშვილი და ბექა ბურჯანაძე, რომლებიც 10-20 ივლისს ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მიიღებენ მონაწილეობას.

საქართველოს ეროვნული ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება: დუდა სანაძე, ზაზა ფაჩულია, ლევან ფაცაცია, თორნიკე შენგელია, გიორგი ცინცაძე, ბესიკ ლეჟავა, ბექა ბურჯანაძე, მანუჩარ მარკოიშვილი, ოთარ ფხაკაძე, ნიკა მეტრეველი, გიორგი შერმადინი, ვიქტორ სანიკიძე, ბექა წივწივაძე, გიორგი შარაბიძე, მიხეილ ბერიშვილი, ირაკლი ჩლაიძე, ლაშა ფარღალავა, რევაზ როგავა, აკაკი დვალიშვილი და მიხეილ ჭოჭუა.

აქვე გაგაცნობთ ეროვნული ნაკრების შესარჩევი ეტაპისთვის სამზადისის განრიგს.

6-14 ივლისი _ შეკრება პოდჩეტრტეკში (სლოვენია)

16-18 ივლისი _ საერთაშორისო ტურნირი ქ. ოჰრიდში, მაკედონია. მონაწილობენ:                                                        მაკედონია,  საქართველო, ავსტრია, რუმინეთი.

20-23 ივლისი _ შეკრება პოდჩეტრტეკში

24-26 ივლისი _ ოთხთა ტურნირი სლოვენიაში, კანადის, სლოვენიის, უკრაინის და საქართველოს მონაწილეობით.

28-30 ივლისი _ ამხანაგური მატჩები ლიტვასთან. 28 ივლისს ქ. პანევეჟისში, ხოლო 30 ივლისს ქ. ვილნიუსში.

2-4 აგვისტო _ ოთხთა ტურნირი თბილისში. მონაწილეობენ: საქართველო, ბელარუსი, მოლდოვა, დიდი ბრიტანეთი.

 

ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩების განრიგი.

10 აგვისტო, თბილისი

საქართველო _ ჩეხეთი

13 აგვისტო, კეჩკემეტი

უნგრეთი _ საქართველო

17 აგვისტო, ოვარი

პორტუგალია _ საქართველო

20 აგვისტო, ნიმბრუკი

ჩეხეთი _ საქართველო

24 აგვისტო, თბილისი

საქართველო _ უნგრეთი

27 აგვისტო, თბილისი

საქართველო _ პორტუგალია

 

გიორგი ბალახაძე

0.369008