ინტერვიუები

19:50 | 28.11.2012 | ნანახია [] - ჯერ

რიკარდო მონტოლივო: “ჩემპიონი “იუვენტუსი” გახდება”

რიკარდო მონტოლივო ფლორენციის “ფიორენტინაში” შვიდწლიანი კარიერის შემდეგ ამ ზაფხულს “მილანში” გადავიდა და თანდათან “როსონერის” უშინაურდება. მან სერია A-ს 13 მატჩი ჩაატარა მილანელთა შემადგენლობაში და გუნდის პირველ სამეულში მოხვედრის იმედიც აქვს.

 
- დიდი სხვაობაა დღევანდელ “მილანსა” და იმ გუნდს შორის, რომელიც თქვენი “სან სიროზე” მისვლისას დაგხვდათ?
- სხვაობა უდავოდ არის. ამჟამად გუნდს ნაკლებად ულხინს, მაგრამ სირთულეების გადალახვას ერთობლივი ძალისხმევით ვლამობთ. ისიც სათქმელია, რომ ამგვარი სიტუაცია კოლექტივს მხოლოდ აძლიერებს.
- ბოლოხანს “როსონერი” ერთბაშად რამდენიმე ვეტერანმა ვარსკვლავმა დატოვა. რამდენად გაგიჭირდათ “სენატორების” გარეშე?
- ცხადია, ასეთი დიდი საფეხბურთო სახელების წასვლის შემდეგ ერთგვარი სიცარიელე იგრძნობა, მაგრამ თანდათან “სენატორების” შეცვლაც მოხერხდება.
- კონკრეტული შემცვლელების ვინაობის დასახელება უკვე შეგიძლიათ?
- არა. ამის თქმა ჯერჯერობით ნაადრევია. ლიდერი უცებ არ გამოჩნდება. მის ფორმირებას დროის გარკვეული ნაწილი სჭირდება. ლიდერი ყველასთვის მაგალითის მიმცემი უნდა იყოს მინდორზეც და ყოველდღიურ ცხოვრებაშიც. “მილანს” ისტორიის განმავლობაში ასეთი პიროვნებები არ აკლდა.
- მწვრთნელმა რამდენიმე პოზიციაზე გამოგცადათ. თქვენ რომელ ამპლუაში გირჩევნიათ თამაში?
- ვთვლი, რომ უნივერსალური ფეხბურთელი ვარ, მაგრამ ჩემი ადგილი მაინც ნახევარდაცვაშია. ისე კი, მაქსიმალურად ვცდილობ გუნდს სარგებელი მოვუტანო და მწვრთნელის იმედი გავამართლო.
- პირლოს წასვლის შემდეგ, “როსონერი” მისი შემცვლელეის ძიებითაა დაკავებული. ერთ-ერთ კანდიდატად თქვენც მოიაზრებით. ამის გამო ცოტათი შიშის გრძნობა ხომ არ გეუფლებათ?
- არა. ჩვენი სტილით ერთმანეთისგან განვსხვავდებით. ანდრეამ ძალიან დიდი სამსახური გაუწია “მილანს” და ჯერჯერობით ჩვენი ერთ რანგში დაყენება გაუმართლებელია.
- “იუვენტუსის” დამარცხების შემდეგ თქვენ შორის ქულათა სხვაობა კი შემცირდა, მაგრამ 14 ქულა მაინც დიდი ჰანდიკაპია. როგორ გგონიათ, დაგროვილ ქულათა ასეთი სხვაობა “მილანისა” და “იუვენტუსის” ძალთა თანაფარდობას რეალურად ასახავს?
- არა, თუმცა, უნდა ვაღიარო – “ბიანკონერის” უკეთესი ფეხბურთელები ჰყავს და უფრო შეკრული გუნდიცაა. ამის მიუხედავად, სატურნირო ცხრილში “იუვეს” ასეთი დისტანციით არ უნდა ჩამოვრჩებოდეთ.
- თქვენი ნება რომ იყოს, ტურინიდან “სან სიროზე” რომელ ფეხბურთელს გადმოიყვანდით?
- ჯანლუიჯი ბუფონს.
- როგორ გგონიათ, სერია A-ს “იუვენტუსი” მოიგებს?
- 70 პროცენტიანი ალბათობით შემიძლია მოგახსენოთ, რომ სწორედ ასე იქნება. 
- “მილანს” პირველ სამეულში მოხვედრის შანსი შერჩენილი აქვს?
- ჯერ შუა ნაწილიდან ლიდერებში უნდა გადავინაცვლოთ, შემდეგ კი მოწინავეთა შორის დამკვიდრებაზეც შეიძლება ფიქრი.
- “მილანს” თამაშის მომატების რა რეზერვი აქვს?
- კვალიფიცირებული ფეხბურთელების ნაკლებობას არ გავიცდით. მეტი დამაჯერებლობაა საჭირო. თუ ეს მოვახერხეთ, შედეგიც არ დააყოვნებს.
- ერთ-ერთ წინა ინტერვიუში აცხადებდით, რომ “მილანში” თამაში თქვენი ბედისწერაა...
- პირველად “მილანის” თამაშს “სან სიროზე” მამასთან ერთად დავესწარი. მაშინ 14 წლისა გახლდით. “მილანი” გენუის “სამპდორიას” ეთამაშებოდა და ამბროზინიმ ლამაზი გოლი გაიტანა. დღეს მასიმოს თანაგუნდელი ვარ.
 
გოჩა კაჭარავა
 
 
 
 
0.118581