საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიოს თასისთვის მზადებას განაგრძობს. ჩვენი გუნდი საფრანგეთშია დაბანაკებული და ინტენსიურ წვრთნებს გადის. როგორც მოგეხსენებათ, “ბორჯღალოსნები” მსოფლიო თასის გათამაშებაში 14 სექტემბერს ჩაერთვებიან, მათი პირველი მოწინააღმდეგე შოტლანდიის ეროვნული გუნდი იქნება. “მსოფლიო სპორტი” გუნდის მთავარ მწვრთნელ რიჩი დიქსონს საფრანგეთში დაუკავშირდა.
- კმაყოფილი ხართ ნაკრების მომზადების დონით?
- დიახ, მოთამაშეები გადიან საჭირო ფიზიკურ მომზადებას და თითოეული მათგანი ბევრს მუშაობს ტექნიკური ელემენტების დასახვეწად. ბიჭები ასევე ბევრს ვარჯიშობენ ტრენაჟორებზე და სისწრაფის გაუმჯობესებაზე.
- რა შედეგს ჩათვლის მთავარი მწვრთნელი დამაკმაყოფილებლად?
- ჩვენმა ბიჭებმა კარგად იციან, რომ მოწინააღმდეგეს არც საერთო ფიზიკურ მომზადებაში უნდა ჩამორჩნენ და არც საკუთრივ გაბარიტებით! მათ კარგად ესმით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათი გარეგნობაც კი!
- ორი მორაგბე საქართველოში უნდა დარჩეს, ვინ იქნება ის ორი უიღბლო?
- ამის თაობაზე ჯერ არ ჩამოვყალიბებულვარ.
- რამდენიმე გამოცდილი მორაგბე გაფართოებულ შემადგენლობაშიც ვერ მოხვდა, რატომ?
- ყოველთვის ძნელია მოთამაშეების არჩევა. ერთობ სამწუხაროა და ამავდროულად სასიამოვნოც, რომ არჩევა ასე ძნელია. ეს მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად გაუმჯობესდა ვითარება გუნდში სწორი მენეჯმენტის წყალობით 2010 წლის ნოემბრის შემდეგ. სწორედ იმ დროიდან ვაკვიდებოდით მოთამაშეებს და ძირითად შემადგენლობაში ყველაზე გამორჩეულები მოხვდნენ. ვგრძნობ, რომ საუკეთესო ფორმაში ვართ, არა მხოლოდ ამ შეჯიბრისთვის, არამედ მომავალი ტურნირებისთვისაც.
- რა განწყობა გექნებათ საქართველო-შოტლანდიის მატჩისას, იქ ხომ თქვენი ქვეყნის ჰიმნი გაჟღერდება?
- ეს პროფესიონალთა სამყაროა, საქართველოს ნაკრების თავკაცი ვარ და მხოლო იმაზე ვფიქრობ, თუ რამდენად კარგად ითამაშებს საქართველო.
- რომელი სათამაშო კომპონენტების დასახვეწად გამოიყენებთ სპარინგ-მატჩებს?
- მთელი გუნდი და მისი პერსონალი თავს არ ზოგავს იმისთვის, რომ ყოველ ასპექტში საუკეთესო კონდიციას მიაღწიონ. ამ თვალსაზრისით ნებისმიერი სპარინგმატჩია სასარგებლო.
- ვინ არის ჩვენი ჯგუფის ფავორიტი?
- უმთავრესი ფავორიტი, რა თქმა უნდა, ინგლისია.
- ალბათ ხვდებით, როგორი მოლოდინით ცხოვრობს ქართველი გულშემატკივარი...
- ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რას მოელის გულშემატკივარი ჩვენგან და მადლობელი ვართ ასეთი მხარდაჭერისთვის. წინ რთული მატჩები გველის, მაგრამ გუნდი ყოველთვის ცდილობს, გულშემატკივარს იმედი არ გაუცრუოს, ამიტომ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენმა ქომაგმა ჩვენით იამაყოს.
- რა ინფორმაციას ფლობთ ჩვენს მოწინააღმდეგეებზე?
- კარგად ვიცნობთ თითოეულ მოწინააღმდეგეს, საკმარისი ინფორმაციაც გვაქვს. რა თქმა უნდა, თვალყურს ვადევნებთ მათ გამოსვლას, ასევე ვგეგმავთ ჩვენი მეტოქეების აგვისტოს ტესტებზე დასწრებას.
- სულ ცოტა ხნის წინ ჩვენი სამწვრთნელო შტაბი ერთ-ერთმა მწვრთნელმა დატოვა, ხომ არ გამოიწვევს ეს ფაქტი ინფორმაციის გაჟონვას?
- საერთოდ არ ვნერვიულობ ამაზე, ეს ის არ არის, რაც თქვენ იცით, ეს ისაა, რასაც თქვენ იყენებთ თემის ასაგორებლად.
- პირადად თქვენ რის მოლოდინი გაქვთ?
- ვინც კარგად ერკვევა რაგბის ნიუანსებში, ის ხედავს, რომ საქართველო ხდება უფრო ძლიერი, პროგრესული და პატივსაცემი წევრი მსოფლიოს სარაგბო ოჯახში. ჩვენი თამაშის წყალობით არა მხოლოდ ქომაგების, არამედ მოწინააღმდეგე გუნდების პატივისცემაც მოვიხვეჭეთ..
ალექსანდრე პაიკიძე