ინტერვიუები

1:56 | 23.09.2011 | ნანახია [] - ჯერ

რიჩი დიქსონი: “ახლა, საქართველოს ძალას ყველა რეალურად აფასებს”

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების 2011 წლის მსოფლიო თასზე პირველმა ორმა თამაშმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა. შოტლანდიასთან მხოლოდ 6:15 მარცხი და ინგლისის თამაშით “დაჩაგვრა” უბრალო საქმე არაა. მომდევნო, რუმინეთთან გასამართ მატჩამდე, საქართველოს ნაკრებს მთელი 10 დღე ჰქონდა (28 სექტემბრამდე), ჰოდა, “ბორჯღალოსანთა” დამრიგებელმა რიჩი დიქსონმაც, განვლილი პერიოდი შეაფასა.

- წინა მატჩებში ნაჩვენები თამაშების შემდეგ, რამდენად მზადაა გუნდი მომდევნო მატჩებისთვის? განსაკუთრებით, რუმინეთთან დაპირისპირებისთვის? ტრავმები, ალბათ, გუნდში ცვლილებებსაც გამოიწვევს. ხომ არ არის მოსალოდნელი შემადგენლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები?
- ამჟამად, გუნდი ისვენებს და ბიჭები აღდგენით რეჟიმზე არიან გადასული. ხუთშაბათიდან ისევ დავიწყებთ ინტენსიურ ვარჯიშს, რათა მორაგბეები დაუბრუნდნენ თავიანთ სათამაშო ფორმას. რუმინეთთან ძლიერი გუნდი უნდა გვყავდეს. შემადგენლობაზე საუბარს არ ვჩქარობ – ვნახოთ, რას გვიჩვენებს რუმინეთის მატჩამდე ჩატარებული ვარჯიშები.
- რა იყო იმ შეცდომების მიზეზი, რაც აქამდე ჩატარებული ორივე მატჩის მსვლელობისას დავუშვით? განსაკუთრებით საგულისხმოა შეჯგუფებების ახლოს დაცვაში დაშვებული შეცდომები. რა არის გამოსასწორებელი და რა არის უკვე მიღწეული? რატომ ვერ ვაქციეთ უპირატესობა ქულებად?
- მსოფლიო რეიტინგის მეშვიდე და მეოთხე გუნდებს ვეთამაშეთ. სამწუხაროდ, შოტლანდიას ვერ შევუტიეთ, სამაგიეროდ, დაცვა იყო შესანიშნავი. ეს ჩვენი პირველი თამაში იყო, იმათთვის მეორე. ინგლისთან ძლიერად გამოვიყურებოდით, მაგრამ დიდი საერთაშორისო თამაშების დეფიციტმა ჩვენს საწინააღმდეგოდ ითამაშა. როგორც ხედავთ, მათ შეუდარებლად დიდი გამოცდილება აქვთ და სწორედ ამ გამოცდილების ხარჯზე, ლელოების უმეტესობა, მათ ჩვენი შეცდომებიდან დადეს. ფაქტი იმისა, რომ ინგლისელებს არ მივეცით საშუალება ყოფილიყვნენ შემოქმედებითები, მაშინაც კი, როდესაც ისინი ბურთს აკონტროლებდნენ, მე დიდ მიღწევად მიმაჩნია. ეს ჩვენს სასარგებლოდ მეტყველებს. ჩვენ ვიცით, რომ გუნდი ვითარდება და ჩვენი გუნდი მეტოქეებისგან დაფასებულია და დიდ პატივისცემას იმსახურებს. ინგლისმაც და შოტლანდიამაც, ჩვენს წინააღმდეგ ძალიან ძლიერი შემადგენლობებებით ითამაშეს და იცოდნენ, რომ ჩვენთან გამარჯვების მოსაპოვებლად დიდი შრომა დასჭირდებოდათ. ინგლისთან მატჩის ანგარიში არ შეესაბამება მატჩის შინაარსს, ეს ინგლისელებმაც კარგად იციან.
- რამდენად მოახდინა გავლენა შოტლანდიასთან თამაშზე მსაჯმა?
- ჩვენ უნდა შევისწავლოთ მსაჯებიც და კონკრეტულ მსაჯებთან შესაბამისი თამაშიც.
- ხომ არ ფიქრობთ, რომ მორკინალებმა ვერ გაამართლეს მოლოდინი? შერკინება ხომ ტრადიციულად ჩვენი ძლიერი მხარეა?
- ჩვენი შერკინება დიდი ბრძოლისუნარიანობით გამოირჩევა. მაგრამ ჩვენ ვითამაშეთ უმაღლესი დონის გუნდთან, რომლებმაც კარგად იცოდა, რომ ძლიერი შერკინება უნდა ყოლოდა ჩვენთან თამაშის დროს. ჩვენმა მორკინალებმა თავი კარგად წარმოაჩინეს მრისხანე და გამოცდილ მეტოქეებთან დაპირისპირებაში.
- ამ ორი თამაშის შემდეგ, მარტინ ჯონსონთან, ენდი რობინსონთან, ან რომელიმე ცნობილ სარაგბო სპეციალისტთან ხომ არ გისაუბრიათ?
- ენდიცა და მარტინიც გაკვირვებული არიან ჩვენი ნაკრების პროგრესით. ორივე ძალიან ნასიამოვნებია საქართველოსთან გამარჯვებით, რადგან ორივე მოწინააღმდეგეს ნათლად დავანახეთ, რომ შეგვიძლია ძალიან კონკურენტუნარიანი და სახიფათო მეტოქეები ვიყოთ მათთვის. ისინი უკვე საღად და რეალურად აფასებენ ქართველების ძალას.
- შეგიძლიათ მოკლედ შეაფასოთ ჩვენი გამოსვლა მსოფლიო თასზე? რას მივაღწიეთ ამ ორი თამაშით? რაში ჩანს, რომ გუნდი ვითარდება?
- საქართველოს ეროვნულმა გუნდმა აჩვენა, რომ სათამაშო კლასი, 2007 წლის მსოფლიო თასის შემდეგ, მნიშვნელოვნად აიმაღლა. ჩვენ უფრო დაბალანსებული, ცოცხალი და ბრძოლისუნარიანი გუნდი გავხდით. საქართველოს ნაკრებმა, წლევანდელ მსოფლიო თასზე მონაწილე გუნდების მსგავსად, ერთი ნაბიჯით წინ წაიწია. სასიამოვნოა, რომ ამას ყველა ხედავს და ადასტურებს.
- რას ეტყვით გულშემატკივარს?
- მინდა, მადლობა გადავუხადო იმ გულშემატკივრებს, ვინც ზელანდიაში გვქომაგობს და ჩვენ თამაშებზე დაგვყვება. მათი თანადგომა ბიჭებისთვის, რომლებიც სამშობლოდან ასე მოშორებით თამაშობენ, მეტად ფასეულია.
0.119255