“მანჩესტერ სიტის” მცველი მიკა რიჩარდსი სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას უჩივის და კლუბის შეცვლას არ გამორიცხავს. ამის შესახებ თავად ინგლისელმა განუცხადა ადგილობრივ ჟურნალისტებს.
“კლუბის ხელმძღვანელებს ჩემთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურდათ, მაგრამ უარი ვუთხარი. თანამშრომლობის გაგრძელება იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენ მატჩს ჩავატარებ მიმდინარე სეზონში. “სიტის” დატოვება არასდროს მდომებია, მაგრამ ახლა ბევრი კითხვა მიჩნდება. მეძლევა კი საკმარისი სათამაშო დრო? ამ კითხვას პასუხი სეზონის ბოლოს გაეცემა. იმედია, ვითარება შეიცვლება. ვისურვებდი, მეტი მეთამაშა”, - განაცხადა რიჩარდსმა.
ბრიტანელ ჟურნალისტებს თუ დავუჯერებთ, 25 წლის რიჩარდსის გადაბირება პრემიერლიგის რამდენიმე კლუბს სურს.