ჭიდაობა

16:42 | 20.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

რეზო მინდორაშვილი: “ედიშერაშვილმა ფინალში ასპარეზობის უფლება დამსახურებულად მოიპოვა”

უაღრესად დაძაბული გამოდგა თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატის მეორე დღე 55 და 60 კგ წონით კატეგორიებში მოასპარეზე ვაჟთა შორის. ნახევარფინალში ერთმანეთს ორივე წონით კატეგორიაში საქართველოსა და რუსეთის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ. 55 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების წევრმა გიორგი ედიშერაშვილმა უაღრესად დაძაბულ ბრძოლაში რუსეთის წარმომადგენელ პედეკოვს მოუგო და ფინალში ასპრეზობის უფლება მოიპოვა. რაც შეეხება 60 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე საქართველოს ნაკრების წევრ ვლადიმერ ხინჩეგაშვილს, მან დასანანი მარცხი განიცადა რუს ოპამ სტატისთან და ასპარეზობას ბრინჯაოს მედლისთვის აგრძელებს.

რეზო მინდორაშვილი (საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “დასანანი მარცხი განვიცადეთ 60 კგ წონით კატეგორიაში. შეიძლება ითქვას, რომ შეხვედრის ბედი ბურთულის ფერმა გადაწყვიტა და უპირატესობა რუსეთის ნაკრების წარმომადგენელს ერგო. ხინჩეგაშვილის დამარცხება შეიძლება გადაღლილობითაც ავხსნათ, რადგან მას დროის მცირე მონაკვეთში მოუწია ერთბაშად სამი შეხვედრის ჩატარება. რაც შეეხება 55 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გიორგი ედიშერაშვილს, ჩვენებურმა აშკარა უპირატესობით სძლია მეტოქეს და ფინალში ასპარეზობის უფლება დამსახურებულად მოიპოვა”.

ედიშერაშვილი ფინალში ბელარუსის წარმომადგენელ ვლადისლავ ანდრეევს შეხვდება, ხოლო ხინჩეგაშვილის მეტოქის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

0.12149