ინტერვიუები

11:35 | 30.03.2010 | ნანახია [] - ჯერ

რეხვიაშვილმა მენეჯერობას დირექტორობა არჩია

ალექსანდრე რეხვიაშვილი, ლატვიურ “იურმალაში” კარიერის დასრულების შემდეგ, გარკვეული პერიოდი სამშენებლო ბიზნესით იყო დაკავებული, მაგრამ არც ფეხბურთს მოწყვეტია – საქართველოს ეროვნულ გუნდში 21 შეხვედრის ჩამტარებელი ფეხბურთელი, ერთი წლის წინ ფიფას ლიცენზირებული მენეჯერი გახდა. თუმცა, მარტის დასაწყისიდან, რეხვიაშვილი ფეხბურთს მეტად საპასუხისმგებლო პოსტზე დაუბრუნდა. კერძოდ, 35 წლის ქართველი, ლატვიის უმაღლესი ლიგის კლუბ რიგის “ოლიმპსის” დირექტორად დანიშნეს.
“მსოფლიო სპორტი” რეხვიაშვილს რიგაში დაუკავშირდა.
ალექსანდრე რეხვიაშვილი: “ოფიციალურად, “ოლიმპსის” დირექტორად პირველი მარტიდან ვმუშაობ. კლუბის პრეზიდენტი, ყოფილი მეკარე რაიმონდ ლაიზანსია, რომელთან ერთადაც რიგის “სკონტოში” ვთამაშობდი. ვინაიდან, ის ძალიან დაკავებულია, დირექტორობა მე შემომთავაზა. არა მარტო სატრანსფერო პოლიტიკა მაბარია, არამედ, გუნდის ეკიპირებით დაწყებული, ფეხბურთელების კვებით  დამთავრებული, ყველაფერზე პასუხისმგებელი ვარ. “ოლიმპსი” “სკონტოს” სტრუქტურის ნაწილია და სკონტოელთა საფეხბურთი სკოლის აღზრდილები, სათამაშო გამოცდილებას სწორედ ჩვენთან იძენენ, შემდეგ კი, ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან გუნდს უბრუნდებიან. მაგალითად, მიმდინარე სეზონის წინ, “ოლიმპსიდან” “სკონტოში” 8 ფეხბურთელი გადავიდა და თამაში, პრაქტიკულად, 1991-1992 წლებში დაბადებული ფეხბურთელებით მოგვიწევს. გამომდინარე იქიდან, რომ კლუბში საქმიანობა და მენეჯერობა ერთად არ შეიძლება, დაზღვევა აღარ გავაგრძელე, რის გამოც, მაისის დასაწყისში ლიცენზიაც გამიუქმდება”.  
- “ოლიმპსში” ამჟამად სამი ქართველი ფეხბურთელი - დავით ჯანელიძე, ლაშა ღონღაძე და კოტე ზარნაძე ვარჯიშობს...
- ჯანელიძე 1989 წელსაა დაბადებული და ამპლუით თავდამსხმელია. ის “ზესტაფონში” თამაშობდა, შემდეგ “ამერში”, ხოლო შარშან, ლატვიის “ტრანზიტში” გამოდიოდა. 20 წლის ღონღაძე ცენტრალური მცველია და “დინამოს” საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია. ზარნაძე კარლო მჭედლიძის სახელობის აკადემიაში ვარჯიშობდა და 17-წლამდელთა ნაკრებშიც არაერთი მატჩი ჩაუტარებია. თუმცა, ტრავმა ჰქონდა, რომლის მორჩენის შემდეგ, სასურველ ფორმაში არ იყო და ამიტომ, ჩეხეთში ელი-რაუნდის მატჩებზე აღარ წაუყვანიათ.
- სამივე მათგანის კლუბში დარჩენა გადაწყვეტილია?
- კონტრაქტებს სამივეს გავუფორმებთ. ჯანელიძესა და ღონღაძეს ერთწლიანს, რადგან კლუბის პოლიტიკიდან გამომდინარე, თუ ისინი კარგ შთაბეჭდილებას დატოვებენ, მომავალ სეზონში “სკონტოში” გადავლენ. წინააღმდეგ შემთხევაში, სხვა კლუბებში გააგრძელებენ კარიერას. რაც შეეხება ზარნაძეს, მისი ასაკის გათვალისწინებით, ალბათ, სამწლიან ხელშეკრულებას დავუდებთ.
- საქართველოდან სხვა ფეხბურთელების მიწვევასაც ხომ არ აპირებთ?
- ლატვიაში სატრანსფერო ფანჯარა 31 მარტს იხურება და ზაფხულამდე ახალი მოთამაშეების მიწვევას არ ვგეგმავთ. თან, “ოლიმპსში” აქცენტი იმაზე კეთდება, რომ გზა “სკონტოდან” მოსულ ახალგზრდებს გაუხსნან და ლეგიონერები ადგილობრივებზე ერთი თავით მაღლა უნდა იდგნენ. ამჟამად, ჩვენს გუნდში მყოფმა ქართველმა მოთამაშეებმა საკუთარი უპირატესობა დაამტკიცეს და ამიტომაც დავტოვეთ.
- მომავალ სეზონში, გუნდი რა მიზანს ინახავს?
- ჩვენ ჰოლანდიელი მწვრთნელი, ანტონ იორე გვყავს და საფეხბურთო სკოლაც ჰოლანდიურ სისტემაზეა აწყობილი. უპირველესი მიზანი, ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის ლატვიის უმაღლეს ლიგაში გამოცდილების მიცემაა. კარგი იქნება, თუ სატურნირო ცხრილის შუაგულში ვიტრიალებთ.
- სანაკრებო თემაზეც გკითხავთ - ლატვიაში ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის კენჭისყრის შედეგები როგორ შეაფასეს?
- კენჭისყრის თაობაზე, ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივნით, იანის მიჟეცკისით დაწყებული, გუნდის მთავარ მწვრთნელ ალექსანდრს სტარკოვსით დამთავრებული, ყველას ვესაუბრე. სტარკოვსი ფეხბურთში იმდენი ხანი მოღვაწეობს და იმდენი შესარჩევი ციკლი აქვს ჩატარებული, რომ ვერაფრით გააკვირვებ. იგი დიპლომატია და როგორც თქვა, ჯგუფს სურპრიზები არ შეუთავაზებია. ლატვია წინა შესარჩევ ციკლში ჯგუფში ისრაელთან და საბერძნეთთან ერთად იყო. მათსავით სამხრეთული გუნდებია ხორვატია და საქართველო. ამიტომ, ვთვლი, რომ ლატვიელებისთვის რთული ჯგუფია, რადგან მათ ტექნიკური გუნდების წინააღმდეგ თამაში უჭირთ. საერთოდ ვფიქრობ, რომ შანსები ყველას თანაბარი აქვს.
- საქართველოს ეროვნული გუნდის თამაში, ბოლოს როდის ნახეთ?
- ჩვენი კლუბის ოფისი ლატვიის ოლიმპიური ცენტრის მეოთხე სართულზეა განთავსებული. აქვე, მეორე სართულზეა ლატვიის ფეხბურთის ფედერაცია და ამიტომ, სულ საქმის კურსში ვარ, რა ხდება და როგორ. საქართველო-ესტონეთის თამაშის ვიდეოფირს ვუყურე, რომელიც ლატვიელებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა რეზო არველაძემ მიაწოდა. თავის მხრივ, ლატვიელებიც გადასცემენ ქართულ მხარეს ანგოლა-ლატვიის ამხანაგური თამაშის ვიდეოკასეტას. პრინციპში, ჩვენს ნაკრებში უცხო არავინ ყოფილა. გუნდი ჩამოყალიბების სტადიაშია და იმედი მაქვს, რომ თემურ ქეცბაია ყველაფერს გააკეთებს, რათა ნაკრებში დისციპლინა იყოს, რომლის გარეშეც, შედეგის მიღწევა ძნელია.  
- რაიმე სიახლე ხომ არაა თამაზ პერტიასთან დაკავშირებით, რომელსაც “დინაბურგთან” დაკავშირებული სკანდალის გამო, ლატვიის ტერიტორიაზე საფეხბურთო მოღვაწეობა აუკრძალეს?
- როგორც ვიცი, ეს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია და გარკვეული პერიოდის შემდეგ, პერტიას დისკვალიფიკაციას მოუხსნიან. “დინაბურგის” ადგილი უმაღლეს ლიგაში, დაუგავპილსის “დაუგავამ” დაიკავა, რომელიც ფაქტობრივად, ყოფილი დინაბურგელებითაა დაკომპლექტებული.

ლაშა თაბაგარი
 

0.118015